მისწერე ელექტრონული წერილი ფრანგულენოვან მეგობარს, რომელიც შენს ქვეყანაში აპირებს ჩამოსვლას.

მიზანი:

  • ელექტრონული წერილის მიწერა;
  • ამა თუ იმ საკითხის, მოვლენის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების, გრძნობების გამოხატვა;
  • ფაქტების, მოვლენების წერილობით აღწერა;
  • წარსული, აწმყო და მომავალი დროების გამოყენება;
  • ლოგიკური მაერთებლების გამოყენება.

 

რესურსები:

მოსწავლის სამუშაო ფურცელი, რომელზეც დატანილია მოსწავლის მიერ შესადგენი ღია ბარათის პირობა და ელექტრონული წერილის ნიმუში.

 

სოციალური ფორმები:

ინდივიდუალური

 


აქტივობის მსვლელობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ფურცელს, ავალებს, ყურადღებით წაიკითხონ დავალების პირობა და დაუკვირდნენ, რა სახის წერილი უნდა დაწერონ. მასწავლებლის მითითებით, ისინი გახაზავენ პირობის მნიშვნელოვან დეტალებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შეადგინონ პირადი წერილი.
მოსწავლეები ასევე აკვირდებიან ელექტრონული წერილის ნიმუშს და ასახელებენ მახასიათებელ დეტალებს: სად უნდა ჩაიწეროს ადრესატის ელ-ფოსტის მისამართი და სად - საკუთარი, მოცემულია თუ არა წერილის სათაური და ა.შ.
მასწავლებელი მათ ურჩევს, რომ სამუშაოს უკეთ ორგანიზებისთვის საჭიროა, თავიდანვე გაარკვიონ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რის შედეგადაც გაუადვილდებათ ტექსტის შედგენა. მაგ.: განსაზღვრონ, წელიწადის რომელ დროს ჩამოდის ფრანგი მეგობარი (რჩევები ამინდთან და ბარგთან დაკავშირებით), შეარჩიონ ერთი, მაქსიმუმ ორი ადგილი ან ისტორიული ძეგლი, რომელთა დათვალიერებას შესთავაზებენ მეგობარს და, შესაბამისად, რომელთა მიმართაც გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას და ა.შ.
მასწავლებელი მათ ასევე შეახსენებს, რომ, წერილის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა გამოიყენონ აწმყო, მომავალი და/ან წარსული დრო, ასევე ლოგიკური მაერთებლები, არ დაავიწყდეთ შეთანხმებები სქესსა და რიცხვში და ა.შ.
ამასთანავე, მასწავლებელი მიუთითებს, რომ ნამუშევარი დაწერონ ჯერ შავად, შეამოწმონ ზემოაღნიშნული დეტალების გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაათეთრონ.
მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან მუშაობას.
დავალების შესრულების შემდეგ, მასწავლებელი აგროვებს აქტივობის ფურცლებს და თავად ამოწმებს შესრულებულ დავალებას შეფასების ცხრილის მიხედვით.

აქტივობის პირობისა და ელექტრონული წერილის ნიმუში:
Un(une) ami(e) francophone va venir visiter votre pays. Vous êtes ravi(e ) d’apprendre cette nouvelle. Vous lui écrivez un courriel pour lui donner des conseils concernant le temps et ce qu’il faut mettre dans les bagages, vous lui indiquez les villes, certains lieux historiques à visiter et ce que vous allez faire quand il/elle sera là. Vous expliquez également pourquoi vous aimez certains lieux. (environ 100 mots). 

 

განმავითარებელი შეფასება:

შესრულებულ დავალებას მასწავლებელი აფასებს შეფასების რუბრიკით, რომლის კრიტერიუმების დადგენა ხდება მოსწავლეების ცოდნისა და მისაღწევი ან შესაფასებელი მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად:
- დაცულია დავალების პირობა;
- ნამუშევარი შეესაბამება შემოთავაზებულ სიტუაციას;
- ფაქტების, მოვლენების, საქმიანობის გადმოსაცემად გამოყენებულია წარსული, აწმყო და/ან მომავალი დროები;
- გადმოცემულია შთაბეჭდილებები და პირადი დამოკიდებულებები;
- გამოყენებულია შემოთავაზებული სიტუაციის შესაბამისი ლექსიკა;
- გამოყენებულია შემოთავაზებული სიტუაციის შესაბამისი გარამატიკული სტრუქტურები და ფორმები;
- გამოყენებულია ნაცნობი ფრაზები და მაკავშირებლები გასაგები და ერთგვაროვანი ტექსტის შესაქმნელად და სხვა.

 

მეთოდიკური კომენტარი:

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მისწეროს წერილი წარმოსახვით მეგობარს და საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბოს მისი ვიზიტის პროგრამა.
ამ ამოცანის განხორციელებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამზადებელი ეტაპი: კონკრეტული დეტალების განსაზღვრა, გრამატიკულ-ლექსიკური ფორმების შერჩევა და მცირე გეგმის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ერთგვაროვანი, შეკრული ტექსტი.
ყურადსაღებია, რომ მოსწავლე ამ ეტაპზევე ეჩვევა სამუშაოს ამგვარად ორგანიზებას, რათა შემდგომში, სწავლების უფრო მაღალ დონეზე, აღარ გაუჭირდეს სტრუქტურულად და შინაარსობრივად გაცილებით რთული ტექსტების პროდუცირება.
ელექტონული ბარათის ფორმა სწავლის პროცესს აახლოვებს მოსწავლის უშუალო გარემოსთან, რადგან 21-ე საუკუნის ქართულ რეალობაში ელ-ფოსტით კომუნიკაცია გაცილებით უფრო გავრცელებულია, ვიდრე ტრადიციული მიმოწერა.