ლურჯი და წითელი ასოები

(მოცემული სიტყვის ასოებით ახალი სიტყვების შედგენა; სიტყვებში ერთნაირი და განსხვავებული ასოების ამოცნობა)

 

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სიტყვის დეკოდირებისა და გაანალიზების უნარების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზანი

 მოსწავლე

1. გააქტიურებს არსებულ ლექსიკურ მარაგს და გაამდიდრებს მას;

2. მოცემული ასოების გამოყენებით შექმნის ახალ სიტყვებს;

3. შეძლებს ორი სიტყვის შედარებას ასოთა შედგენილობის თვალსაზირისით.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, ორი ფერის (ლურჯი და წითელი) საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი შეარჩევს ერთ სიტყვას და მსხვილი ასოებით წერს დაფაზე, მაგალითად სიტყვას ფოტოაპარატი და სთავაზობს მოსწავლეებს, სიტყვაში მოცემული ასოების გამოყენებით შეადგინონ სხვა სიტყვები. მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.

2. მოსწავლეები ასახელებენ სიტყვებს. შენიშვნა: მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მათ, რაც შეიძლება მეტი სიტყვა მოიფიქრონ; აძლევს საკმარის დროს დასაფიქრებლად, ხანდახან ცოტათი ეხმარება კიდეც. ამასთანავე, მასწავლებელმა ისე უნდა მართოს პროცესი, რომ ყველა მოსწავლეს მიეცეს მონაწილეობის მიღების საშუალება.

3. მასწავლებელი  ჩამოწერს  დაფაზე მოსწავლეების  მიერ  ნაკარნახევ სიტყვებს, მაგ.: ფოტო, ტარი, ტორი, ტოტი, ტიტა, ფარი, აფრა, ფატა, პატარა, ტირიფი და ა.შ. მოსწავლეები რვეულში იწერენ ამ სიტყვებს.

4.  ამის შემდეგ მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე სხვა სიტყვებს, რომლებიც განსხვავებულ ასოებსაც შეიცავენ, მაგალითად: ფოსტა, სტილი, ჭორლი, პასპორტი, ფილმი, ტოსტი, კომპოტი, ნახატი, სპორტი, სტარტი, ლოტო, კარადა, კატა, ქაფი, სარდაფი, ზანტი, თაფლი, ტომარა, ჟირაფი, კოლოფი... და ავალებს მოსწავლეებს, ჯერ დააკვირდნენ, ამოიცნონ ერთნაირი და განსხვავებული ასოები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიწერონ სიტყვა რვეულებში. ეძლევათ შემდეგი ინსტრუქცია: მსგავსი ასოები ლურჯი კალმით ჩაწერონ რვეულებში, განსხვავებული ასოები კი - წითელი კალმით.

5. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით: ”რამდენი ასო ჩაიწერე  წითელი  კალმით?”  ”რომელია  ეს  ასო/ასოები?” მოსწავლეებს საშუალება უნდა მიეცეთ, გაუსწორონ ერთმანეთს შეცდომები. მასწავლებელი დაფაზე წერს ამ სიტყვებს, შესაბამის სვეტში. (იხ. ცხრილი)

 

ფ ო ტ ო ა პ ა რ ა ტ ი 

ფოტომასალა


შეფასება

ამ აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • მოცემულ სიტყვაში ასოების ამოცნობა;
  • მოცემული სიტყვის ასოებით ახალი სიტყვების შედგენა;
  • საკუთარი ლექსიკური მარაგის გააქტიურება და გამოყენება;
  • მოცემულ სიტყვებში ერთნაირი და განსხვავებული ასოების ამოცნობა;
  • მარტივი ინსტრუქციის გაგება  და შესრულება;
  • დამოუკიდებლად მუშაობა;
  • ურთიერთშეფასება.

 

მეთოდური მითითება

1.  ეს გახლავთ სანიმუშო აქტივობა, რომელიც მასწავლებელმა უნდა მოარგოს სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს შეუძლია გაამარტივოს იგი, შეამციროს სიტყვათა რაოდენობა, ასევე ერთდროულად არ ამუშაოს მოსწავლეები ერთი და ორი განსხვავებული ასოს ამოცნობაზე.

2. ამ აქტივობის შესრულება საინტერესო იქნება ჯგუფებში და წყვილებში. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მას ერთგვარი შეჯიბრის სახეც მიეცეს.

3. ვინაიდან აქტივობა, ძირითადად, ითვალისწინებს მთელ კლასთან მუშაობას, მასწავლებელმა განსაკუთრებულად უნდა აკონტროლოს მოსწავლეთა ქცევა, რათა თავიდან აიცილოს ზედმეტი ხმაური გაკვეთილზე.