2. ქმნის მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხა მასალის გამოყენებით, მაგ. მუყაო, დაჭმუჭნილი ქაღალდი, ლითონის ან პლასტმასის კოლოფები და სხვ.

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა "კოლოფების ციხე-კოშკი"

გუნდური სამუშაო (2 გაკვეთილი)

I გაკვეთილი

მოსწავლეებს სახლიდან მოაქვთ პატარა კოლოფები (სუნამოს, წამლის, კამფეტი ბონიბონის და ა.შ.). კოლოფებს მოაჭრიან თავსახურს და ოთხივე მხრიდან ამოჭრიან სამკუთხა ან ოთხკუთხა ქონგურებს. კოლოფების ოთხივე გვერდს წაუსვამენ წებოს და შემოახვევენ თეთრ ქაღალდს, კოლოფების გვერდებს გააფერადებენ, დაუხატავენ ან ამოჭრიან ფანჯრებს, კარებებს. შესაძლოა, კოლოფების გვერდები, შეიღებოს წებოში  და საღებავში არეული ცარცით ან სიმინდის ფქვილით. კოლოფების ძირები არ უნდა შეიღებოს, რათა შემდეგ კარგად დაწებდეს მუყაოზე.

II გაკვეთილი

მოსწავლეები ერთმანეთს გვერდებით მიაწებებენ გამზადებულ კოშკებს (4-5 კოლოფი ერთად). შემდეგ კოშკები ჯგუფებად, სხვადასხვა ადგილას, დაწებდება მუყაოს მოზრდილ ნაჭერზე.

ამის შემდეგ შემდეგ მზადდება მიწა, ანუ ლანდშაფტი – მუყაოს თავისუფალ ადგილებს კარგად წაესმება წებო და დაეყრება ქვიშა, მიწა, ხავსი; წვრილი კენჭებით გაკეთდება კოშკებს შორის დამაკავშირებელი გზები.


რესურსები

2. სხვადასხვა მცირე ზომის მუყაოს, კონსერვის ქილები, წებო, მაკრატელი, თეთრი ქაღალდი, გვერდები, დიდი მუყაო (ტელევიზორის ყუთის 1გვერდი), ხავსი, ქვიშა, მიწა, წვრილი კენჭები. 

  

შენიშვნა

2. სასურველია, ბავშვმა იმუშაოს პატარა დეტალებით, წვრილი მასალით, რაც მისგან ყურადღებას, კოორდინაციას მოითხოვს. მარცვლეულით, ქვიშით, რელიეფური პასტით შეიძლება გაკეთდეს რელიეფური, ფაქტურული ნამუშევრები; მასწავლებელმა გაკვეთილიდან გაკვეთილამდე, სამუშაოდ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ყველანაირი, მათთვის ხელმისაწვდომი მასალა - ნაყიდი, დამზადებული (მაგ. რელიეფური პასტა) თუ შეგროვებული (ღილები, ფოთლები, კენჭები, მძივები, ძაფები). მოსწავლე არ უნდა შეიზღუდოს მასალის გამოყენებაში გარდა იმ გაკვეთილებისა, რომლებზეც კონკრეტული მასალის ან ხერხის დაუფლებას სწავლობენ. მოსწავლემ უნდა ისწავლოს ფურცლის სწორად მოკეცვა, ფურცელზე თარგის რაციონალურად განლაგება, შემოხატვა და ნახატის დამოუკიდებლად მაკრატლით გამოჭრა, დაწებება; სხვადასხვა მასალის კომბინაციით ადეკვატური ნამუშევრის შესრულება, უნდა მიეჩვიოს სხვადასხვა მასალის თვისებებს (მაგ. პლასტილინი წებოთი არ წებდება,  პლასტილინზე შეიძლება ამოიკაწროს ნახატი და ა.შ.).