1. იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს

ტიპური აქტივობები  

აქტივობა I. 

სავარჯიშოებში, ნამუშევარში ვერტიკალური, ჰორიზონტალური და დიაგონალური შტრიხების მონაცვლეობით მოცულობის ილუზიის შექმნა.

მოსწავლეები ვარჯიშობენ გეომეტრიული საგნების კონტურის გარეშე, მხოლოდ შტრიხებით დახატვაში. მაგ. კუბის დასახატად - ფანქრით, მკრთალად იხატება ვერტიკალური ღერძი, რომლის ორივე მხარე უნდა დაიშტრიხოს საწინააღმდეგო მიმართულების, თანაბარი დაშორების და სიგრძის დახრილი ხაზებით:

 დახრილი ხაზები        შრტიხებიანი ნახაზი

სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მოსწავლეები ფანქრით დახატავენ ნამუშევარს, რომელშიც გამოიყენებენ მიღებულ გამოცდილებას.

 

რესურსები

1.I. სახატავი ფურცელი, უბრალო ფანქარი, შავი საღებავი,  წვრილი ფუნჯი.

ვიზუალური მასალა: იაპონური გრაფიკა ალბრეხტ დიურერის და რემბრანდტის გრავიურები, ონორე დომიეს გრაფიკა, გუსტავ დორეს გრავიურები.

   

აქტივობა II. 

მოსწავლეები ვარჯიშობენ სხვადასხვა ტიპის ხაზების ფუნჯით შესრულებაში. 

ხაზები ფუნჯებით

სავარჯიშოების შესრულების დროს, მასწავლებელმა უნდა აჩვენოს მოსწავლეებს, თუ როგორ იცვლება ხაზის სისქე ფუნჯზე დაწოლის რეგულირებით. შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ გრაფიკულ ნამუშევარს ფუნჯით და ერთი ფერის საღებავით.

  

რესურსები

1.II. ვიზუალური მასალა: იაპონური ან ჩინური გრაფიკა წვრილი და საშუალო სისქის ფუნჯები, შავი გუაში ან მელანი.

  

შენიშვნა

1.II. ეს აქტივობა არის მოსამზადებელი სამუშაო III აქტივობისთვის - მოსწავლეებმა უნდა დახატონ “შესვენება სკოლაში”, სადაც ფიგურები უნდა იყოს მოძრაობაში. 

   

კავშირი სხვა საგნებთან

1. I-II. ქართული ენა (წერის აქტივობები).

 

აქტივობა III. "მოძრაობა"

აქტივობის ამოცანაა, მოსწავლეებმა დახატონ ადამიანი მოძრაობაში. მასწავლებელი დაფაზე დახატავს ადამიანს სქემატურად - ჩონჩხის მსგავსად (იხ. დანართი), თითო ხაზით - მრგვალი თავი და დანარჩენი სხეულის ნაწილები (კისერი, მხრები, ხერხემალი, ხელები, ფეხები, მენჯის ხაზი, ტერფები) ერთი ხაზით. სახსრები მოინიშნება ბურთებით. მოსწავლეები გადაიხატავენ ამ ფიგურას. მასწავლებელი დაფაზე დახატულ სქემატურ ფიგურაზე აჩვენებს მოსწავლეებს ადამიანის მოძრაობას – როგორ იხრება, ზის, დადის და ა.შ. შემდეგ მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან დაფასთან და მეგობრებს აჩვენებენ რაიმე მოძრაობას, რასაც ისინი სქემატურად ჩაიხტავენ.

  

რესურსები

1.III. სახატავი ფურცელი. უბრალო ფანქარი. 

  

აქტივობა IV. "გრაფიკა"

მოსწავლეები ათვალიერებენ სხვადასხვა მხატვრების გრაფიკას. ხატავენ მარტო შავი ფანქრით. ნამუშევრის თემა – “შესვენება სკოლაში”. მოსწავლეებმა უნდა დახატონ რაც შეიძლება მეტი დეტალი, იხმარონ სხვადასხვა სისქის ხაზები. ფიგურები არ უნდა იყოს სტატიური – ყველა უნდა იყოს მოქმედებაში.

 

რესურსები

1.IV. სახატავი ფურცლები, უბრალო ფანქარი ან შავი ფლომასტერი. 

ვიზუალური მასალა: გუსტავ დორეს გრაფიკა “გაკვეთილი”.