2. ქმნის ფაქტურებს ნამუშევარში (სხვადასხვა ტიპის მონასმებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, თითების, ღრუბლის, ჩხირების, ჯაგრისის დახმარებით და სხვა)

ტიპური აქტივობები

2. აქტივობა I. "გეომეტრიული ორნამენტი ქვიშით" 

სქელი ფანქრით იხატება გეომეტრიული ორნამენტის ესკიზი. ორნამენტის კონტურს უნდა წაესვას (ნაწილ-ნაწილ, რომ არ გაშრეს) წებო და დაეყაროს ქვიშა ან რაიმე სხვა მსგავსი მასალა. ამის მერე, ფურცელი უნდა გადმოტრიალდეს და თითების ნაზი დარტყმით გაზეთზე ჩამოიყაროს ზედმეტი ქვიშა. წებოს გაშრობამდე და ქვიშის დაწებებამდე,  მოსწავლეს შეუძლია გააფერადოს, ან სხვა მასალა (მაგ. ბრინჯი, წიწიბურა) დააწებოს ნახატის იმ ნაწილებს, სადაც ორნამენტის ფონია ნაგულისხმევი. გამშრალი და დაწებებული ქვიშის გაფერადებაც შეიძლება.

ქვიშის ორნამენტი 

რესურსები

2.I. ვიზუალური მასალა: ორნამენტების, მეანდრების ნიმუშები. მუყაო ან სქელი სახატავი ქაღალდი, გაზეთი (დასაფენად), გუაში, წებო, ქვიშა, ფუნჯი, ფანქარი.

 

შენიშვნა

2.I. ნახატი ქვიშით ქვიშასთან ერთად შეიძლება, იხმაროთ ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, ჩაი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, პატარა კენჭები და ნიჟარები, კანაფი, ძაფები და სხვა. სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ზედაპირის მისაღებად. ამ ტექნიკით შეიძლება კოლოფების, ბოთლების, ღია ბარათების, მაკეტების და ა.შ. გაფორმება. 



2. აქტივობა II. "რელიეფური პასტა"

სახატავ ფურცელს სქელი ფუნჯით ან პლასტილინის დანით, თხელ ფენად (1მმ-ის სისქის), ზოლებად დაფარავენ რელიეფურ პასტაში წინასწარ გაზავებული სხვადასხვა ფერის გუაშის საღებავებით. ეს ოპერაცია სწრაფად უნდა ჩატარდეს, რათა პასტამ ვერ მოასწროს გაშრობა.

შემდეგ, სავარცხლით ან ჩხირით გაავლებენ (დაკაწრავენ) ჰორიზონტალურ (სწორ ან დაკლაკნილ) ხაზებს. ფერები დაკაწრვის მიმართულებით ერთმანეთში ჩაჯდება და შედეგად ლამაზ, “მარმარილოს” ეფექტის მსგავს მოხატულობას მივიღებთ.

   

რესურსები

2.II. რელიეფური პასტა, გუაშის საღებავები, სახატავი ფურცელი, სავარცხელი, წვეტიანი ხის ჩხირი (კბილის საწმენდი), სავარცხელი, პლასტილინის დანა.  პატარა ქილები პასტის გასანაწილებლად.

  

შენიშვნა

2.II. ამ ტექნიკის დაუფლების შემდეგ, მასწავლებელი შეძლებს ამ მეთოდის გამოყენებას სხვადასხვა ნაკეთობების - კოლოფების, სანიშნების და სხვა. გასაფორმებლად. სასურველია, ყოველი ახალი ტექნიკის ან მეთოდის მოსწავლეებისთვის შეთავაზებამდე, მასწავლებელმა წინასწარ შეამოწმოს და მოირგოს მოცემული ტექნიკა, თარგი ან მეთოდი, რამე შეცვალოს, დაამატოს ან პირიქით, გაამარტივოს საჭიროების შესაბამისად.