გამოხატე შენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ახსენი, თუ რატომ ფიქრობ ამგვარად.

მიზანი:

  • კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების წერილობით გამოხატვა და მისი ახსნა;
  • საკუთარი პოზიციის საილუსტრაციოდ ფაქტების, მაგალითების მოყვანა;
  • აზრობრივი გადაბმის მარტივი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება;
  • საკუთარი შეხედულების გამოსახატად სათანადო ენობრივი კონსტრუქციებისა და კლიშეების გამოყენება.

 

რესურსები:

აქტივობის ფურცელი, რომელზეც დატანილია დავალების პირობა და ცხრილი, რომელშიც უნდა ჩაიწეროს საჭირო ელემენტები.

 

სოციალური ფორმები:

ინდივიდუალური

 

აქტივობის მსვლელობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ფურცლებს, ავალებს, ყურადღებით წაიკითხონ დავალების პირობა და დაუკვირდნენ, რა სახის ნამუშევარი უნდა დაწერონ. მასწავლებლის მითითებით, ისინი გახაზავენ პირობის მნიშვნელოვან დეტალებს, რომლების მიხედვითაც უნდა გამოხატონ საკუთარი შეხედულება.
მასწავლებელი მათ უხსნის, რომ აზრის უკეთ ჩამოყალიბებისა და გავრცობისთვის უკეთესია, თუ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და წინასწარ მოუყრიან თავს დეტალებსა და მაგალითებს საილუსტრაციოდ. ამაში მათ დაეხმარება სამუშაო ცხრილი.
მასწავლებლის მითითებით, ისინი იწყებენ სამუშაო ცხრილის შევსებას. ცალკე დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და შეეცდებიან ჩამოაყალიბონ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად; ჩაინიშნავენ მობილური ტელეფონის დადებით და უარყოფით მხარეებს.
მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები რიგ-რიგობით ასახელებენ მარტივ კონსტრუქ¬ციებსა და ელემენტარულ გამოთქმებს, რომლებიც გამოიყენება შეხედულების გამოსახატად, აზრთა შეპირისპირებისთვის, მაგალითის მოსაყვანად, დასკვნისთვის და ა.შ. მასწავლებელი ამ სიტყვებსა და კონსტრუქციებს დასახელების პარალელურად წერს დაფაზე, მოსწავლეები კი ჩაინიშნავენ სამუშაო ცხრილში.

მასწავლებელი მათ ასევე შეახსენებს, რომ არ დაავიწყდეთ შეთანხმებები სქესში, რიცხვში, დროში და ა.შ.
ამასთანავე მასწავლებელი მიუთითებს, რომ ნამუშევარი დაწერონ ჯერ შავად, შეამოწმონ ზემოაღნიშნული დეტალების გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაათეთრონ.
მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან მუშაობას.
დავალების დასრულების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს აქტივობის ფურცლებს და თავად ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს შეფასების ცხრილის მიხედვით.

აქტივობის პირობისა და სამუშაო ცხრილის ნიმუში:

Certains pensent qu’il faut interdire l’utilisation des téléphones portables non seulement en cours, mais même à l’école. Les autres ne sont pas d’accord. Vous êtes pour ou contre ? Pourquoi ? 

pour contre pourquoi

 

განმავითარებელი შეფასება:

შესრულებულ დავალებას მასწავლებელი აფასებს შეფასების რუბრიკით, რომლის კრიტერიუმების დადგენა ხდება მოსწავლეების ცოდნიდან და მისაღწევი ან შესაფასებელი მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად:
- დაცულია დავალების პირობა;
- მკაფიოდ არის გამოხატული საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ;
- ახსნილია საკუთარი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტის, მაგალითის საშუალებით;
- მართებულად არის გამოყენებული სიტუაციის შესაბამისი ლექსიკა;
- მართებულად არის გამოყენებული გრამატიკული ფორმები და სტრუქტურები;
- გამოყენებულია ელემენტარული მსჯელობის განვითარებისთვის საჭირო მარტივი კონსტრუქციები;
- გამოყენებულია მარტივი ლოგიკური მაერთებლები ერთგვაროვანი და გამართული ტექსტის შესაქმნელად და სხვა.

 

მეთოდიკური კომენტარი:

სწავლების ამ ეტაპზე მოსწავლეს უკვე შუძლია ზეპირად გადმოსცეს საკუთარი მოსაზრება, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენისა და ფაქტის მიმართ, ახსნას, თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს რაიმე.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულება ჩამოაყალიბოს წერილობით. მას ამაში ეხმარება მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ემსახურება პოზიციის განსაზღვრას, საჭირო ელემენტების თავმოყრასა და სამუშაოს დაგეგმვას. ამგვარად მუშაობა მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, საშუალებას აძლევს, მრავალ დეტალს, მოვლენასა და ფაქტს შორის მართებულად მოახდინოს ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა და ა.შ.
ეს ერთგვარი პირველი ნაბიჯებია წერილობითი მსჯელობის გასავითარებლად. ამგვარად, იქმნება საფუძველი შემდგომში გაცილებით დახვეწილი, სტრუქტურულად რთული და არგუმენტირებული წერილობითი ტექსტების შესაქმნელად.
მსგავსი აქტივობებისთვის მასწავლებელმა, უმჯობესია, შეარჩიოს ისეთი პრობლემური თემები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს იწვევს.