7. არჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს და შეუძლია სივრცის ელემენტების მარტივად გამოსახვა (ახლო საგნები უფრო დიდი, ხოლო შორეული საგნები უფრო მცირე ზომისაა)

ტიპური აქტივობები

7. აქტივობა I. "ფერი და სივრცე" 

(2 გაკვეთლი) 


I გაკვეთილი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ რაც ახლოსაა, დიდად და უკეთ ჩანს და მკვეთრი ფერისაა; რაც შორსაა - მცირე ზომისაა და მკრთალად ჩანს. მაგალითისთვის, შეიძლება გაახედოს ფანჯარაში, სკოლის ეზოში ან ექსკურსიის დროს მიაქცევინოს ყურადღება. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას. მოსწავლეები ფანქრით დახატავენ ორ ერთნაირ მარტივ პეიზაჟს მთების 2-3 რიგით და ხეებით (ახლოს - დიდები და შორს - შედარებით პატარები). შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს გრადაციის ცხრილს – იმას, რაც ახლოსაა (წინა პლანზეა), მოსწავლეები გააფერადებენ მკვეთრი ფერებით, ხოლო რაც შორსაა (უკანა პლანზე) - შედარებით ბაცი ფერებით.

 

II გაკვეთილი

ამჯერად, მოსწავლეებმა უნდა დახატონ ადამიანებიც. როდესაც პეიზაჟი გაშრება, მოსწავლეები ჩახატავენ ადამიანებს – ახლოს - დიდებს, შორს - უფრო პატარებს. ადამიანები ნახატზე მოქმედებაში უნდა იყვნენ:  შრომობდნენ მინდორში,  თევზაობდნენ, ნადირობდნენ; შეიძლება ჩახატონ მოთამაშე, მოსეირნე და ა.შ. ადამიანები.

  

რესურსები

7.I.  3-4 ცალი თეთრი ფურცელი, გუაში, ფუნჯები, ტონალური ნიმუში.

ვიზუალური მასალა: კლოდ მონეს “კათედრალის” სამი ვარიანტი; სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პეიზაჟები. 


 

7. აქტივობა II. "ტონალობა და განწყობილება"

მოსწავლეები ფანქრით დახატავენ ორ ერთნაირ მარტივ პეიზაჟს და გააფერადებენ:

 ტონალობების გრადაცია

I პეიზაჟი - ვერტიკალურად I ზოლი – სუფთა ფერები.

II პეიზაჟი - ვერტიკალურად V ზოლი მკრთალი ფერები.

შემდეგ მოსწავლეები ორივე პეიზაჟს მიახატავენ ხეებს - ახლოს დიდებს სუფთა მწვანით, შორს კი - პატარებს მკრთალი მწვანით. როდესაც ორივე პეიზაჟი მზად იქნება, მოსწავლეები იმსჯელებენ, განწყობაზე, რომელსაც მკვეთრი და ბაცი ფერებით დახატული ნამუშევრები ქმნიან.

 

რესურსები

7.II. სახატავი ფურცელი, გუაშის ლურჯი და თეთრი საღებავები ფონისთვის. დანარჩენ დეტალებს დახატავენ სასურველი მასალით – ფლომასტერებით, სხვა ფერის საღებავებით და ა.შ. 

  

შენიშვნა

7.II. ეს აქტივობა შეიძლება განმეორდეს თემების მცირე სახეცვლილებით – “დღე და ღამე”, “ზაფხული და ზამთარი”, “მზიანი და მოღრუბლული დღე”. ყოველ ჯერზე გაკეთდება ორი ნახატი და გაფერადდება სხვადასხვა, თემის  შესაბამის ტონალობაში.

 

 

7. აქტივობა III.  "ზღვა, ლურჯის და ცისფერის გრადაცია" 

მოსწავლეები ჰორიზონტალურად ღებავენ: ზღვას - ქვევიდან ზევით (4-5 ზოლი) – მუქი ლურჯიდან – ცისფრამდე. ცას ქვევიდან ზევით (4-5 ზოლი) თითქმის თეთრიდან – მუქ ცისფრამდე.

გამზადებულ ფონზე დახატავენ გემებს, თევზებს, მზეს, ღრუბლებს და ა.შ.