2. ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა ­ "აპლიკაცია"

მოსწავლეები ფერადი ქაღალდებით ან ნაჭრებით ფურცელზე გააკეთებენ აპლიკაციას – რაიმე მარტივად გამოსაჭრელი ცხოველი – თაგვი, გოჭი და ა.შ. შემდეგ ამ ცხოველს დააწებონ ან დააკერონ ღილები თვალების ადგილას, კუდისთვის იხმარონ სქელი ძაფი, რომელსაც წებოთი დააწებებენ; “მიწა” გაუკეთონ ქვიშით ან ბრინჯით (იხ. დანართი - “ნახატი ქვიშით”). 

 

რესურსები

2. ფერადი ქაღალდები, ნაჭრების ნაკუწები, დიდი ღილები, სქელი ძაფი, ქვიშა, წებო, ფანქარი, მაკრატელი, შედარებით დიდი ზომის ნემსი და საკერავი ძაფი ღილების დასაკერებლად. 

  

შენიშვნა

2. სასურველია, ბავშვმა იმუშაოს პატარა დეტალებით, წვრილი მასალით, რაც მისგან ყურადღებას, კოორდინაციას მოითხოვს. მარცვლეულით, ქვიშით, რელიეფური პასტით შეიძლება გაკეთდეს რელიეფური, ფაქტურული ნამუშევრები; მასწავლებელმა გაკვეთილიდან გაკვეთილამდე მოსწავლეებს სამუშაოდ უნდა შესთავაზოს ყველანაირი, მათთვის ხელმისაწვდომი მასალა, - ნაყიდი, დამზადებული (მაგ. რელიეფური პასტა) თუ შეგროვებული (ღილები, ფოთლები, კენჭები, მძივები, ძაფები). მოსწავლე არ უნდა შეიზღუდოს მასალის გამოყენებაში გარდა იმ გაკვეთილებისა, რომლებზეც კონკრეტული მასალის ან ხერხის დაუფლებას სწავლობენ. მოსწავლემ უნდა ისწავლოს ფურცლის სწორად მოკეცვა, ფურცელზე თარგის რაციონალურად განლაგება და შემოხატვა და ნახატის დამოუკიდებლად მაკრატლით გამოჭრა, დაწებება და ა.შ. სხვადასხვა მასალის კომბინაციით ადეკვატური ნამუშევრის შესრულება, უნდა მიეჩვიოს სხვადასხვა მასალის თვისებებს (მაგ. პლასტილინი წებოთი არ წებდება, პლასტილინზე შეიძლება ნახატის ამოკაწვრა) ეს აქტივობა მცირედი სახეცვლილებებით რამდენჯერმე უნდა გამეორდეს წლის განმავლობაშიც და მომავალ კლასებშიც.