ერთი საინტერესო ამბავი

რესურსები

სიუჟეტური ნახატები (იმდენი კომპლექტი, რამდენი ოთხეულიც შეიძლება კლასში იყოს) ან, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი კომპლექტი მაინც.

 

აქტივობის აღწერა

სასურველია, ეს იყოს სასაცილო ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზე მაქსიმუმ ოთხ ნახატში იქნება განფენილი. კლასი ოთხკაციან ჯგუფებად შეიძლება დაიყოს შემთხვევითობის პრინციპით სწორედ ამ სურათების კომპლექტების გამოყენებით. კლასში შეგვაქვს კალათა/ყუთი, რომელშიც ყრია ნახატების იმდენი კომპლექტი, რამდენი ოთხკაციანი ჯგუფიც შეიძლება ჩამოყალიბდეს. თითოეული მოსწავლე იღებს თითო ნახატს და რაიმე თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფონი/ნივთი, რომელიც მეორდება ერთი სიუჟეტის ყველა სურათში, პეიზაჟი და სხვა) პოულობს თავის ოთხეულს. მოსწავლეები ალაგებენ სურათებს თანამიმდევრობით და თხზავენ მცირე ზომის ისტორიას,  რომელსაც თავად ასათაურებენ. თითოეული ჯგუფი აჩვენებს  ნახატებს თანაკლასელებს და უამბობს შეთხზულ ისტორიას.

 

შეფასება

შეფასდება დაკვირვებულობა, წარმოსახვის, თანამიმდევრული თხრობის უნარი.

 

მეთოდური მითითება

შეიძლება ერთი კომპლექტი დაურიგდეს ყველა ჯგუფს და ერთი სიუჟეტის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინოთ. მესამე (ან უფრო მაღალ) კლასში შესაძლებელია ამ დავალების მოდიფიცირებაც. ერთი მოსწავლე იღებს პირველ ნახატს, სხვები კი გამოთქვამენ ვარაუდს, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი. მოსწავლე აჩვენებს მეორე სურათს, სხვები კი ამოწმებენ საკუთარ ვარაუდებს.