4. ფერის ბორბალზე ამოიცნობს ძირითად, შედგენილ და კონტრასტულ ფერებს (წითელი - მწვანე, ყვითელი - იასამნისფერი, ლურჯი - ნარინჯისფერი)

ტიპური აქტივობები

4. აქტივობა I. "ეგზოტიკური ცხოველი" 

მოსწავლე ხატავს ან აფერადებს სპეციფიკური შეფერილობის ცხოველის (ჟირაფის, ზებრის, ვეფხვის და ა.შ.) ორ ერთნაირ კონტურს; ერთს - რეალისტური ფერებით, მეორეს – წარმოსახვით შექმნილი კონტრასტული შეფერილობით, ძირითადი და შედგენილი ფერებით.

ეგზოტიკური ცხოველები

რესურსები

4.I. ფოტოები, ილუსტრირებული წიგნები ან ჟურნალები ცხოველების გამოსახულებებით; ნებისმიერი ფერადი სახატავი მასალა.

  

შენიშვნა

4.I. თუ დავალება სირთულეს შეიცავს, შესაძლებელია, მოსწავლეებს დაურიგდეთ წინასწარ დაქსეროქსებული გასაფერადებელი კონტურული გამოსახულებები. 



4. აქტივობა II. "ქარის სატრიალო" 

კვადრატის ფორმის ორი საპირისპირო ფერის ფურცელი უნდა დაიდოს ერთმანეთზე და დაიკეცოს დიაგონალებზე. ცენტრის გარშემო მოინიშნოს 1 სმ რადიუსის დაშორება და ორივე კვადრატი ჩაიჭრას დიაგონალური ხაზებით ამ ნიშნულამდე.

 ქარის სატრიალო  

ფურცლები იდება ერთმანეთზე და ორივე ფურცლის ერთად, (ყოველი მარჯვენა) ჩაჭრილი გვერდი მოიღუნება ცენტრამდე და ყველა ერთად დამაგრდება ჭიკარტით სახატავი ფანქრის ბოლოს არსებულ საშლელზე.

  

რესურსები

4.II. საპირისპირო ფერის 2 ფურცელი (შეიძლება წინასწარ შეიღებოს გუაშით), მაკრატელი, ჭიკარტი, საშლელიანი უბრალო ფანქარი.

  

 

4. აქტივობა III. "საპნის ბუშტები" 

მოსწავლეებს ურიგდებათ სამი სახატავი ფურცელი. ყოველი ფურცელი უნდა დაიფაროს ორი, ფერის ბორბალზე ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებული ფერით (ქაოტურად, ფერების ერთმანეთზე გადასვლით). ერთმანეთს შეურიეთ 1 წილი თხევადი საპონი და თითქმის 2 წილი წყალი, გაანაწილეთ პატარა ჯამებში და ჩაამატეთ გუაშის საღებავი  (5 -6 სუფრის კოვზ სითხეზე 1 ჩაის კოვზი საღებავი).

კოქტეილის საწრუპი მილი იდება საღებავში. მოსწავლეებმა ძალიან ფრთხილად უნდა ჩაბერონ საწრუპ მილში (ისე, რომ სითხე ოდნავ ამოიბუშტოს, მაგრამ ბუშტები არ გადმოვიდეს მაგიდაზე) და გადადონ საწრუპი. ოდნავ მოღუნული სახატავი ფურცელი ფრთხილად უნდა მიედოს ბუშტებს ისე, რომ ფურცელი არ შეეხოს ჯამს. ბუშტები დასკდომისას ქაღალდზე დატოვებენ ფერად ანაბეჭდს. როდესაც ფურცელი გაშრება, იგივე პროცედურას ჩაატარებენ საპირისპირო ფერის საღებავით (მაგ. ლურჯი და ყვითელი) და ასე დაფარავენ მთლიან ფურცელს. შედეგად, ფურცელზე მივიღებთ სამი ფერის ანაბეჭდს – ორი ერთმანეთის საპირისპირო - გამოყენებული - ფერი და მესამე – ამ ორი ფერის გადაკვეთის ადგილებში შერევით მიღებული შედგენილი ფერი.

საღებავს დროდადრო დასჭირდება საწრუპით ჩაბერვა დამსკდარი ბუშტების ნაცვლად ახლების გასაკეთებლად. ამ ფურცლებით შეიძლება გაკეთდეს წიგნის სანიშნი, კონვერტი, საჩუქრის შესაფუთი კოლოფი.

კავშირი..III.2.

 

რესურსები

4.III. ნებისმიერი თხევადი საპონი - შამპუნი, ჭურჭლის სარეცხი სითხე; პატარა და დაბალი (ხაჭოს, მდოგვის...) ჯამები; გუაში, კოქტეილის საწრუპი მილი; თითო მოსწავლეზე 3-4 სახატავი ფურცელი. 

  

შენიშვნა

4.III. ერთი ფურცლის გაშრობამდე, მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ მეორე ფურცლის სხვა ფერებით შეღებვაზე. საპნის ბუშტების ტექნიკით შეიძლება შეიღებოს დეკორატიული სააღდგომო კვერცხები.