დისკუსია.

აქტივობის შესახებ

დისკუსია ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას. ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში, სადავო საკითხების გადაჭრასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნაში. დისკუსიებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ არგუმენტირებული მსჯელობა; გადაწყვეტილების მიღება; დისკუსიის წესების დაცვა (სასურველია, ეს წესები თავად მოსწავლეებმა შეიმუშავონ. მაგალითად, როცა რამის თქმა გვსურს, ხელი ავიწიოთ; არ შევაწყვეტინოთ ერთმანეთს სიტყვა; დავიცვათ რეგლამენტი და ა.შ.). დისკუსიისას მოსწავლეები შეიძლება წააწყდნენ განსხვავებულ თვალსაზრისებს. ისინი რწმუნდებიან, რომ არსებობს უამრავი პრობლემა, რომელთაც არა აქვთ  მხოლოდ ერთი გადაწყვეტა. დისკუსიისათვის კარგია და ნაყოფიერი სამ-ხუთ წევრიანი ჯგუფები, რადგანაც ყველას ექნება შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს დისკუსიაში როგორც მსმენელმა და როგორც სიტყვით გამომსვლელმა. გარდა ამისა, პატარა ჯგუფები სალაპარაკოდ გამოიწვევს  გაუბედავ და პასიურ მოსწავლეებსაც, რომლებიც, სავარაუდოა, რომ დიდ ჯგუფებში გამართულ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მცირე სადისკუსიო ჯგუფებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრები და გაააქტიურონ სუბიექტური გამოცდილება. ვითარებიდან გამომდინარე, ჯგუფები შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით;
  • სტიქიურად (მაგალითად, მოსწავლეებს ვურიგებთ ნახატებიან/სხვადასხვა ფერის ბარათებს. ერთნაირნახატიანი/ერთი ფერის ბარათების მფლობელები ერთიანდებიან ერთ ჯგუფში);
  • შემადგენლობა შეიძლება განსაზღვროს თავად მასწავლებელმა. რეკომენდებულია თითოეული ჯგუფის წევრისათვის კონკრეტული მოვალეობის დაკისრება (მაგალითად, ერთი არგუმენტებს ჩამოწერს,  მეორე ეძებს  დამატებით მასალას, მესამე შეკითხვებს ამზადებს, მეოთხე წარმოადგენს ჯგუფის საერთო აზრს და ა.შ.). ჯგუფები დროდადრო უნდა გადახალისდეს, რათა მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება სხვა თანატოლებთან ერთადაც იმუშაონ.

სადისკუსიოდ უნდა შეირჩეს ისეთი საკითხი, რომლის  ირგვლივაც განსხვავებული თვალსაზრისები შეიძლება არსებობდეს ან დაისვას ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრის ალტერნატიული გზები არსებობს. დისკუსიისას   მნიშვნელოვანია იმის  ცოდნა, რომ:

  • არ არსებობს მცდარი და სწორი აზრი; არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • დისკუსიის მიზნები და წესები წინასწარ არის განსაზღვრული;
  • დისკუსიის მთავარი  მიზანია,  ხელი  შეუწყოს ჯგუფს  განსახილველი  საკითხის შესახებ  ცოდნის გამომჟღავნებასა და პრობლემის გადაწყვეტისათვის ამ ცოდნის გამოყენებაში;
  • დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;
  • რადგანაც არსებობს განსხვავებული  მოსაზრებები,  საკუთარი  თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს. დისკუსიის დროს
  • გულმოდგინედ მოისმინონ ყველა აზრი;
  • დასვან შეკითხვები;
  • პერიფრაზირების, კითხვის დასმის გზით დააზუსტონ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგალითად, „თუ სწორად გავიგე, შენ ამბობ, რომ...“);
  • იკამათონ კონსტრუქციულად;
  • შეაჯამონ დისკუსიისას გამოთქმული აზრი;
  • გადაამოწმონ ვარიანტები.

 

რესურსები

სასურველია, მოსწავლეთათვის თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული დისკუსიის წესები.

 

შეფასება

დისკუსიის დროს მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ შეაფასოს მოსწავლეები. არ არის მიზანშეწონილი, რომ მასწავლებელმა დისკუსიაში აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის სისწორე. სასურველია გამოვიყენოთ ჯგუფის შეფასების ანკეტა, რომელიც შეიძლება შეავსოს ჯგუფის ერთმა წევრმა, რომელიც საერთო პოზიციის გამომხატველი იქნება, ან ჯგუფის თითოეულმა წევრმა.

გთავაზობთ ასეთი ანკეტის ნიმუშს:

ანკეტის ნიმუში

WordSection1">

მეთოდური  მითითება

ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის მოწყობა შესაძლებელია მეოთხე კლასშიც (მინიდისკუსიისა – მესამე კლასშიც). მეხუთე კლასიდან ამ აქტივობას თანდათან უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი. მეექვსე კლასის აქტივობათა აღწერისას დისკუსიის შესახებ აღარ შევჩერდებით.