დისკუსია ნაცნობ თემატიკაზე.

მიზანი:

  • ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის არგუმენტირება და კამათის საშუალებით დაცვა;
  • დისკუსიაში მონაწილეობის უნარის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.


რესურსები:

მცირე მოცულობის ტექსტი, ლოგიკური მაერთებლების ჩამონათვალი, დაფა, ცარცი.

 

სოციალური ფორმები:

ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური

 


აქტივობის მსვლელობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის აქტივობის პირობას. მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება და პოზიცია საკამათო საკითხთან დაკავშირებით, გამართონ დისკუსია და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.
იგი მოსწავლეებს ყოფს წყვილებად, ურიგებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს, რომელიც ყურადღებით უნდა წაიკითხონ და განსაზღვრონ, რა საკითხს ეხება იგი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ წყვილები ერთად განიხილავენ მასში ასახულ პრობლემას, რომელსაც, მთელ კლასთან შეთანხმებით, კითხვის სახით აყალიბებენ (მაგალითად: საჭიროა თუ არა კომპიუტერი და ინტერნეტი? - Pour ou contre l’ordinateur et l’Internet?).

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ თავიანთი მოსაზრების დასაცავი ან საწინააღმდეგო არგუმენტები. მაგალითად, დაასახელონ კომპიუტერისა და ინტერნეტის ჯერ დადებითი, შემდეგ კი - უარყოფითი მხარეები და პასუხებს ორ სვეტად ჩამოწერს დაფაზე:

pour/contre


შემდეგ მასწავლებელი შეახსენებს დისკუსიის რეგლამენტს და წესებს, რომელთა დაცვაც მოუწევთ (პატივისცემით მოეკიდონ სხვის აზრს, ნებისმიერი მოსაზრება დაასაბუთონ არგუმენტის მეშვეობით, მოუსმინონ ოპონენტს, როდესაც ის ლაპარაკობს, არ შეაწყვეტინონ და ჩაინიშნონ შენიშვნა); ირჩევს მეთვალყურეს, რომელიც გააკონტროლებს დროის რეგლამენტს და იმას, რომ მშობლიური ენა არ გამოიყენონ მსჯელობისას.
ამის შემდეგ მასწავლებელი კენჭისყრის მეშვეობით კლასს ყოფს ორ ჯგუფად: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და აძლევს განსაზღვრულ დროს. მოსწავლეები შეუდგებიან მუშაობას. ისინი გაიხსენებენ ყველა არგუმენტსა და მაგალითს, რომელიც თავიანთი მოსაზრების დასაცავად დასჭირდებათ, მუშაობენ ლექსიკურ და გრამატიკულ მხარეზე; ასევე კამათის თანამიმდევრულად წარმართვისა და საკუთარი პოზიციის დასაცავად არჩევენ საჭირო ენობრივ საშუალებებსა და ლოგიკურ მაერთებლებს, რომელთა ჩამონათვალი, შესაძლოა, წინასწარ დაურიგდეს მოსწავლეებს ჯგუფებში სამუშაოდ, ან დაიწეროს დაფაზე.
მოსამზადებელი დროის ამოწურვის შემდეგ იწყება დისკუსია, რომლის დროსაც მასწავლებელი გვევლინება მოდერატორად. ის არ ერევა დისკუსიის მსვლელობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დისკუსიის მსვლელობას საფრთხე შეექმნება, ეხმარება მოსწავლეებს დამაკვალიანებელი შეკითხვებით.
ჯგუფები არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით ან რიგრიგობით, ყველა წევრის მონაწილეობით, წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებას და არგუმენტებისა და მაგალითების მოხმობით ცდილობენ მის დაცვას.
დისკუსიის მიზანია ჯგუფებმა მიაღწიონ კონსენსუსს: გაერკვნენ სადავო საკითხში და მონახონ სწორი გადაწყვეტილება.
დისკუსიის ბოლოს იწყება მისი შეჯამება: მოსწავლეები კიდევ ერთხელ ჩამოთვლიან ძირითად საკითხებს, განიხილავენ თითოეული მოსწავლის წვლილს, აღნიშნავენ ორიგინალურ პასუხებს და გამოსვლებს, ასწორებენ დისკუსიის მსვლელობისას დაშვებულ შეცდომებს.


ლოგიკური მაერთებლების ჩამონათვალი:
Pour exprimer le désaccord: C’est faux! Je désapprouve. Je proteste contre ...
Énumérer des idées: Au début/Tout d’abord/D’abord… En premier lieu…, en deuxième lieu… Par la suite,… Ensuite,… Je terminerai par… En conclusion,…
Expliquer, donner un exemple: C’est-à-dire, Notamment, Je prendrai l’exemple suivant: Ça me fait penser à …

სადისკუსიო თემის ნიმუშები:

• Il faudrait interdire de fumer partout sauf à la maison. Qu’en pensez-vous?
• La femme au travail ou à la maison?
• On apprend plus de choses sur Internet que dans les livres. Qu’en pensez-vous?
• Il faut apprendre les langues étrangères le plus tôt possible. Qu’en dites-vous?
• Le travail est essentiel pour vivre heureux. Êtes-vous d’accord?
• L’écologie, c’est votre problème ou bien celui des autres?
• La drogue et les jeunes. Il faudrait libéraliser la vente des drogues douces. Qu’en pensez-vous?

 

განმავითარებელი შეფასება:

საკლასო დისკუსიის მსვლელობის პროცესში გარდაუვალია შეცდომების დაშვება. მასწავლებელს ამ დროს დამკვირვებლისა და მეგზურის როლი აკისრია. შეცდომების გასწორების მიზნით მისმა ჩარევამ, შესაძლებელია, შეაფერხოს დისკუსიის მსვლელობა, შეანელოს მისი ტემპი და ყურადღება გაუფანტოს მოსწავლეებს. გარდა ამისა, ის მოსწავლეები, რომლებიც შეცდომის დაშვების შიშით ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ, შესაძლოა, უფრო დაბრკოლდნენ და თავი აარიდონ საერთო განხილვებში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა დისკუსიის მსვლელობისას ჩაინიშნოს შეცდომები და დასკვნით, შემაჯამებელ ეტაპზე გააანალიზოს და კლასთან ერთად შეასწოროს გრამატიკული და ლექსიკური ხასიათის შეცდომები.
იმ შემთხვევაში, თუ დისკუსიის მსვლელობისას მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აზრის გაგება შეუძლებელია და ამან შეიძლება დააბრკოლოს კომუნიკაცია, მასწავლებელი იყენებს დამაზუსტებელ კითხვებს ან კორექტული ფორმით აწვდის სწორ პასუხს.

 

მეთოდიკური კომენტარი:

შემოთავაზებული აქტივობა დიალოგური მეტყველების ერთ-ერთი სახეა - საკლასო დისკუსია, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენოს და განიმტკიცოს ენობრივი უნარ-ჩვევები.
დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მისი გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხელს უწყობს მათი თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, დისკუსიის მონაწილეებს საერთო მიზანი აქვთ: არგუმენტების მეშვეობით დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი, გაერკვნენ სადავო საკითხში, მონახონ სწორი გადაწყვეტილება და მიაღწიონ კონსენსუსს.
საკლასო დისკუსიის უცხოურ ენაზე წარმართვის დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მუშავდება სამეტყველო კლიშეები და ხდება შეძენილი ენობრივი ცოდნის გააქტიურება.
სწორედ დისკუსიიის ენობრივ მხარეს უნდა მიაქციოს მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება. წინასწარ უნდა დამუშავდეს ის ენობრივი მასალა, რომელიც საჭიროა ინტერაქციის წასამართავად და მოსაზრებების თანამიმდევრულად გადმოსაცემად.
მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს, რომ მოსწავლეებმა დისკუსიის მსვლელობისას ფრანგულ ენაზე ისაუბრონ და არ გამოიყენონ მშობლიური ენა. ამისთვის, სასურველია, დისკუსიის დაწყებამდე შეთანხმდნენ, რომ ისაუბრებენ მხოლოდ უცხოურ ენაზე. შესაძლებელია, მასწავლებელმა დამკვირვებლის/მეთვალყურის ფუნქცია რომელიმე მოსწავლეს დააკისროს და თამაშის ელემენტებიც შეიტანოს. მაგალითად, წინასწარ მოამზადოს საჯარიმო ფერადი ბარათები, რომლებსაც მშობლიური ენის გამოყენებისთვის მიანიჭებენ მოსწავლეს, ან გააკეთოს წარწერა-შეხსენება, რომ მხოლოდ ფრანგულ ენაზე უნდა ისაუბრონ და სხვ.
დისკუსიაში მონაწილეობის დროს სტიმული ეძლევა მოსწავლის შემოქმედებით აქტივობას, ვითარდება ლოგიკური აზროვნება; ყალიბდება დამოუკიდებელი აზროვნების, არგუმენტირებისა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვის უნარი; ასევე ვითარდება მეტყველებისა და დისკუსიის კულტურა.
დისკუსიას აღმზრდელობითი ფუნქციაც აკისრია, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჯგუფური მუშაობის ფორმა მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობის, ერთმანეთისა და განსხვავებული აზრის მოსმენისა და პატივისცემის უნარს.