ჩემი ფერადი ტექსტი

მცირე ზომის მოსმენილი ტექსტის მიხედვით ნახატის გაფერადება.

 

რესურსები

ჯამბაზის სილუეტური ნახატი, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები. 


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს თხოვნით, ყურადღებით მოუსმინონ ტექსტს და ტექსტის მიხედვით გააფერადონ ჯამბაზის სილუეტური ნახატი. მასწავლებელი ნელა, გარკვევით უკითხავს მათ ტექსტს ჯამბაზზე: ”იყო ერთი მხიარული ჯამბაზი ჯაჯუ. გაბუშტულ წითელ ცხვირზე შავი ხალი ბუზივით აჯდა. ცისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. წითელი ტუჩები მუდამ უცინოდა. ყვითელ თმებს მწვანე ქუდი უფარავდა. ყელზე უზარმაზარი სტაფილოსფერი ბაბთა  ეკეთა”...

მოსმენილის მიხედვით მოსწავლეები აფერადებენ ჯამბაზის სილუეტურ ნახატს. 


შეფასება

შეფასდება ყურადღების კონცენტრაცია და მოსმენის უნარი იმის მიხედვით, რამდენად შეესაბამება ტექსტს გაფერადებული ნახატი.

 

მეთოდური  მითითითება 

მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სასურველია ტექსტი იყოს მოკლე, მარტივი და შეძლებისდაგვარად საინტერესო; შეიცავდეს ერთი კონკრეტული საგნის აღწერას. პირველ ეტაპზე ის არ უნდა აღემატებოდეს 5–6 წინადადებას. გასაფერადებელი ფერები არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. ამ აქტივობის გამოყენება  შესაძლებელია სხვადასხვა მოდიფიკაციით სხვადასხვა კლასში. მაგალითად, ერთი კონკრეტული აღწერა – ჯამბაზის სასაცილო გარეგნობა – შეიძლება გართულდეს ეტაპობრივად, დაემატოს ტანი, ფეხები, ჩაცმულობა, II–III კლასებში შეიძლება გართულდეს ჯამბაზის სიტუაციური ნახატებით: ჯამბაზი ცირკის არენაზე, ბავშვებთან ან ცხოველებთან ერთად. 

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.