ასოების გაფერადება.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • ანბანის ასოების ამოცნობა;
  • წერის პროცესის გააზრება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

ბარათებზე გრაფიკულად დახატული ასოები, დაფა, ცარცი/მარკერი, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაფაზე ორჯერ-სამჯერ წერს დასამუშავებელ ასოს/ასოებს, დააფიქსირებინებს მოსწავლეებს ასოს გამოწერის მიმართულებას.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებზე გრაფიკულად დახატულ ასოს/ასოებს (შესაძლებელია, ერთი ასო ნაცნობი იყოს, მეორე – უცნობი) და ავალებს მათ, სხვადასხვა ფერის ფანქრით/ფლომასტერით გააფერადონ ასო/ასოები ისე, რომ დაიცვან ასოს წერის მიმართულება.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერონ აქტივობა, მასწავლებელმა შეიძლება თვითონაც გააფერადოს დაფაზე გამოწერილი ასო (წერის მიმართულებაზე ხაზგასმით).

აქტივობის ხანგრძლივობა: 5-8 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ასოს წერის მიმართულების დაფიქსირება;
  • წერის მიმართულების დაცვა.


მეთოდური  მითითება

აღწერილი აქტივობები საუკეთესოდ ესადაგება 5-6  წლის მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებას, რადგან ამ ასაკის ბავშვის აზროვნება “მოქმედებითია”. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი სრულფასოვნად იაზრებს მხოლოდ იმას, რასაც თავისი ხელით ასრულებს. შესაბამისად, ანბან-პლაკატზე მითითებული ასოს თითით მოხაზვა და აღწერა, ასოს მოძებნა და ხელის სწორი მოძრაობით მისი ფანქრით მოხაზვა, ასოების გამოძერწვა, ასოების გაფერადება და ა. შ. ხელს უწყობს წერის პროცესის გააზრებას, რადგან ყოველივე ეს წერის ერთგვარ იმიტაციას წარმოადგენს.