გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება

აქტივობების აღწერა

1) მოსწავლემ უნდა აღწეროს გარდაქმნა.

მასწავლებელი უჩვენებს ორ ფიგურას და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ რა გარდაქმნით არის მიღებული ერთი ფიგურა მეორისაგან (აქ სამი ფიგურაა).

სამი ფიგურა

2) უჯრედებიან ფურცელზე დახაზული ფერადი ასიმეტრიული ფიგურა (ან ფიგურების კრებული) მოსწავლემ უმცირესი რაოდენობის უჯრებით სიმეტრიულამდე უნდა შეავსოს. თუ უჭირს სიმეტრიის ღერძის შერჩევა, დასაწყისში შეიძლება რჩევის მიცემა, შემდეგ კი მან ყოველგვარი დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ამ დავალების შესრულება.

3) მასწავლებელი აჩვენებს  უჯრედებიან ფურცელზე ასიმეტრიული ფიგურის  შესრულებულ ნახაზს და სთხოვს მოსწავლეებს, შეავსონ ის სიმეტრიულამდე უმცირესი რაოდენობის უჯრების გაფერადებით (მასწავლებელმა თავიდან უნდა მიუთითოს სიმეტრიის ღერძი, შემდეგ კი მისცეს მოსწავლეებს არჩევანის გაკეთების თავისუფლება).

ასიმეტრიული ფიგურა

 

ანალოგიური შინაარსის ძალიან საინტერესო თამაშია “ხელოვნება”. მოსწავლემ უნდა ააგოს ღერძულად სიმეტრიული კონსტრუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტრუქციის მდგრადობა ირღვევა. ეს თამაში მოსწავლეებს მიეხმარება ღერძული სიმეტრიის არსის უკეთ გარკვევაში.

თამაში ხელოვნება


4) მოსწავლემ ქართული და ლათინური ანბანის ის ასოები უნდა ამოკრიბოს, რომელთაც სიმეტრიის შვეული, ან თარაზული, ან ერთდროულად ორივე ღერძი აქვს.

5) მასწავლებლის მიერ მიცემული ბუნებრივი თუ ხელოვნების ნიმუშებიდან მოსწავლემ სიმეტრიულები უნდა ამოირჩიოს და სიმეტრიის ღერძებიც უჩვენოს.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სიმეტრიისა და პარალელური გადატანის ნიმუშებს ბუნებასა და ხელოვნებაში. მოსწავლეებმა უნდა მიუთითონ სიმეტრიის ღერძები. ამ აქტივობისათვის მეტად გამოსადეგია ეშერის ნახატები.

ეშერის ნახატი

ეშერის ნახატი 2

 ეშერის ნახატი 3


(კარგია მსჯელობა, თუ სიმეტრიის რამდენი ღერძი აქვს წრესა და სფეროს, კვადრატსა და კუბს, ფარნით გაშუქებულ კონუსს, ეგვიპტურ ოთხკუთხა პირამიდას, ფუტკრის ფიჭას, ან კრაზანის ბუდეს, აბრეშუმის პარკს, ფრინველის კვერცხს, პეპელას და სხვა მრავალს. სიმეტრიულია თუ არა ადამიანის სახე და სხეული, მცენარის ფოთოლი, სკოლის შენობა, და, საერთოდ, არსებობს თუ არა ბუნებაში ხელთუქმნელი იდეალური სიმეტრია. იმაზეც კარგია საუბარი, თუ რატომ „უყვარს“ ბუნებას სიმეტრია, რატომ აშენებს ფუტკარი ფიჭას ექვსკუთხა და არა სამკუთხა პრიზმებით ან წესიერი მართკუთხა პარალელეპიპედებით და ა.შ.)

6)    კომპიუტერული  პროგრამა,  რომელიც  მოსწავლეს გარდაქმნების გამოყენებით სიბრტყის დასაფარი ორნამენტების (ე.წ.პარკეტის დიზაინის) შექმნაში დაეხმარება.

 პარკეტის დიზაინი

 

WordSection1">

პროგრამით სარგებლობა მარტივია: მოსწავლემ უნდა აირჩიოს მრავალკუთხედის სახე, რომლითაც სურს პარკეტის დიზაინის შექმნა. საინტერესო იქნება შექმნილი დაფარვების ჯგუფურად განხილვა – რა სიმეტრიებია გამოყენებული? მხოლოდ ამოზნექილი მრავალკუთხედებით არის შესაძლებელი ზედაპირის დაფარვა, თუ არაამოზნექილი მრავალკუთხედებიც შეიძლება გამოვიყენოთ ამ მიზნით?

 

რესურსები

ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, ეშერის ნახატების რეპროდუქციები, ბუნებაში არსებული სიმეტრიის ნიმუშების ამსახავი სურათები.

 

 

კავშირი სხვა საგნებთან

ხელოვნება, ბუნებისმეტყველება, ინფორმატიკა