4. ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ პოზიციას მოცემულობის შესაბამისად

4. აქტივობა ,,ვირჩევთ სასურათე სიბრტყის ფორმატს"

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სიგანისა და სიმაღლის განმარტებას. მოსწავლეებმა ხელებით უნდა განასახიერონ გრძელი, მაღალი და ფართო, განიერი. შემდეგ სთხოვს, დაიჭირონ სახატავი ფურცელი სიგანეზე, ანუ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ასევე  სიმაღლეზე, ვერტიკალურ მდგომარეობაში. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს კომპოზიციის ელემენტარულ წესს – მაღალისა და გრძელის ფურცელზე დასატევად, ფურცელი უნდა მოატრიალო ვერტიკალურად; ხოლო გაშლილი და განიერი ნამუშევრისთვის მოსახერხებელია ფურცლის ჰორიზონტალური ორიენტაცია. მოსწავლეები მასწავლებლის თხოვნით, სავარჯიშო რვეულში გაავლებენ ჯერ ვერტიკალურ, შემდეგ ჰორიზონტალურ ხაზებს. მასწავლებელი აჩვენებს მაგალითებს – მაგ. ნიკო ფიროსმანის “ჟირაფი” და “ლომი” – ჟირაფი მაღალია და ამიტომ ხატია ვერტიკალურად, ხოლო ლომისთვის მხატვარმა ჰორიზონტალური ტილო არჩია – რატომ? მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ როგორ ხატია ფიროსმანის “გოგონა ბუშტით” და “თეთრი დათვები”, “პეიზაჟი მატარებლით” და “მეეზოვე”. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ორი ნახატის – ერთის ვერტიკალურად, ხოლო მეორის ჰორიზონტალურად დახატვას. მოსწავლემ მუშაობის დაწყების წინ უნდა შეაფასოს საკუთარი ჩანაფიქრი და გადაწყვიტოს, რომელი პოზიცია იქნება მისი ნამუშევრისთვის უმჯობესი.


რესურსები

4. ნებისმიერი სახატავი მასალა. ვიზუალური მასალა: ნიკო ფიროსმანის რეპროდუქციები.


შენიშვნა

4. ფურცლის ორიენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლე ქმნის აბსტრაქტულ ნამუშევარს. იმისთვის, რომ ნამუშევარი შემდგომ სწორად დაიკიდოს, მოსწავლემ ფურცლის უკანა მხარეს უნდა აღნიშნოს, სად არის თავი და ბოლო. პორტრეტის და პეიზაჟის ცნება თანდათანობით, ძალდაუტანებლად უნდა შემოვიდეს – მასწავლებელი შემდგომში მუდმივად ახსენებს ამ ტერმინებს, მანამდე კი უნდა განმარტოს ეს ტერმინები, კერძოდ: ნახატს, რომელზეც არა უბრალოდ ადამიანი, არამედ კონკრეტული პიროვნებაა გამოსახული, პორტრეტს ვუწოდებთ. მაგ. მეგობრის პორტრეტი, მასწავლებლის პორტრეტი და ა.შ. პეიზაჟი კი არის ნახატი, რომელშიც ბუნება, ხედია ასახული.