აქტივობა N6. წყაროზე და რუკაზე მუშაობა (ანალიზი)

შედეგი:

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

 

ინდიკატორები:

  • ახასიათებს გეოგრაფიული მდებარეობის დონეებს (რეგიონული, კონტინენტური, ზღვისპირა, ზონალური; მეზობლობა და ურთიერთობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებთან); აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებს აჯგუფებს ცხრილში;
  • მოჰყავს მაგალითები და ადარებს სხვადასხვა ქვეყნებს მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით;
  • მსჯელობს მსოფლიოს რეგიონულ დიფერენციაციაზე და ადარებს რეგიონებს ისტორიულ-კულტურული და გეოპოლიტიკური ნიშნის მიხედვით;
  • ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს გეოპოლიტიკის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტებს (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და სამხედრო პოლიტიკას) და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით აჯგუფებს ქვეყნებს გეოპოლიტიკური კურსის მიხედვით;
  • აანალიზებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების როლს მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებისათვის. ქვეყნებს მიაკუთვნებს ძირითად ორგანიზაციებს; მსჯელობს მათი გაფართოების პერსპექტივებზე და ქმნის შესაბამის რუკებს.

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების ხარისხის ამაღლებას და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ტექსტები და ფოტოები;
  3. ვიდეო ფილმები;
  4. მსოფლიოს ფიზიკური, პოლიტიკური და კონტურული რუკები;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  6. ინტერნეტსაიტი:http://www.nato.int

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

ინდივიდისა და გარემოს ინტეგრაცია მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდის მიერ გარემოს აღქმაზე. ამ საკითხის კვლევის შედეგად ამერიკელმა მეცნიერმა ქევინ ლინჩმა (Kevin Lynch) შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილი თეორია მენტალური (კოგნიტიური) რუკების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, ქალაქი შედგება მრავალი ცალკეული ადგილებისგან და მათგან მიღებული უშუალო შთაბეჭდილებათა ჯამი ქმნის ინდივიდისთვის გარემოს ხატს –  მენტალურ სურათს, ანუ გარემოს კონკრეტულ ხატს. გარემოში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ მისი ფუნქციიდან გამომდინარე სოციალური დატვირთვაც, ანუ მასში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ამ კონტექსტში გამოიმუშავებს ინდივიდი კონკრეტულ ემოციას გარემოსთან მიმართებაში. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ემოცია განსხვავებულია დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, რასაზე, სოციალურ ჯგუფზე და სხვა მახასიათებლებზე. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება კონკრეტული ადგილისადმი ინდივიდის მოლოდინები, დროის ფაქტორი, სხვადასხვა სოციალური და ფსოქოლოგიური დატვირთვა. მაგალითად, ბავშვებსა და ზრდასრულ ინდივიდს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ გარემოს მიმართ, ამიტომ მათ განსხვავებული მენტალური რუკა ექმნებათ ერთგვარი გამოცდილების შემთხვევაში. ფსიქოლოგები მენტალური (კოგნიტიური) რუკებით სუბიექტის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე მსჯელობენ.

მენტალური რუკა აზრისეულია, მისი შექმნის პროცესში სუბიექტს ქაღალდზე გადააქვს მისთვის ხილვადი ობიექტები – მდინარე, ტბა, დასახლება, გზა, ტყე და სხვ., ანუ ქმნის ადგილის გრაფიკულ ჩანახატს ტოპოგრაფიული რუკის ან გეგმის ესკიზის სახით.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად და მასწავლებელი მოცემულ ტექსტს ანაწილებს ქვეთავების მიხედვით:

I ჯგუფი –  ნატო;

II ჯგუფი – პარტნიორობა მშვიდობისათვის;

III ჯგუფი – ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო;

IV ჯგუფი – ნატოს სტრუქტურა;

Vჯგუფი – ნატოს გაფართოება.

მათ უნდა განიხილონ ტექსტი და რუკები და გააცნონ თანაკლასელებს ნატოს შექმნის იდეა, სტრუქტურა, პარტნიორები და გაფართოების გეგმა. პრეზენტაციის შემდეგ მათ უნდა განიხილონ და გააანალიზონ გაფართოების თითოეული შემთხვევის მიზანი და შედეგი. უნდა გაიხსენონ პოლიტიკური რუკის ფორმირების ეტაპები, კერძოდ, IV ეტაპი. ასევე, პოლიტიკური რუკისა და გეოპოლიტიკური ცვლილებები. დააკავშირონ XX საუკუნეში მიმდინარე პროცესები ნატოს გაფართოებასთან. პრეზენტაცია შეუძლიათ წარმოადგინონ მათთვის სასურველი ფორმით.

 

I. ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება. ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ის იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ. ნატო არის სამთავრობათშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსენსუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან; ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა დანარჩენ წევრზე თავდასხმად განიხილება, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული: „ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით, ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმისა და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისკენ იქნება მიმართული.

 

ნატო

 

 

 II –  პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატოს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ტრავემუნდში (გერმანია) ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა. 1994 წლის 10-11 იანვარს ნატო-მ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა –  „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატო-სთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისთვის. დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება როგორც ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო იღებს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატო-სთან ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.

პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

 

ნატოს პარტნიორების რუკა

ნატოს პარტნიორების რუკა

 

III. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპის პერიფერიაზე მდებარე აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არის შექმნილი. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო არის 28 წევრი სახელმწიფოსა და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად – საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში ხორციელდება ევროატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზიების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დაგეგმვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.

 

IV. ნატოს სტრუქტურა

ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უწყობს ნატო-ს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრებზე და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი პასუხისმგებელი არიან მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ნატო-ს შტაბ-ბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი. ნატო-ს შტაბ-ბინაში ყველა წევრი ქვეყნიდან სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები კონსენსუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, მაგრამ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას აქვს პირადი ოფისი, რომელშიც შედის დირექტორი, მომუშავე პერსონალი, გენერალური მდივნის მოდგილე, სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილება.

ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში, (ბელგია) ნატო-ს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.

საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, მიღებულ გადაწყვეტილებებს თანაბარი ძალა აქვს.

ნატო-ს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4200 ადამიანი მუშაობს სრული განაკვეთით. ამათგან 2100 არის მოკავშირე ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრი და ნატო-ს სამხედრო ეროვნული წარმომადგენელი. დაახლოებით 1200 არის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის სამოქალაქო წევრი, ხოლო 500-ზე მეტი – საერთაშორისო ეროვნული სამხედრო სამსახურის წევრი. სამოქალაქო წევრები, ნატო-ს სააგენტოების თანამშრომლების ჩათვლით, საქმიანობენ ბრიუსელის გარეთ; იმ სამოქალაქო წევრების რაოდენობა, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურში, დაახლოებით 5200-ს აღწევს.

 

V. ნატოს გაფართოება

ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკა“ ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ალიანსის წევრად მიწვევას, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ნატო-ს ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ნატო-ს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებაში, საერთო დემოკრტიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატო-ს წევრ ქვეყანათა რაოდენობა, გაფართოების ექვსი საფეხურის გავლით, 12-დან 28-მდე გაიზარდა.

გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთი გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) გახდნენ წევრი ქვეყნები, მიმდინარეობდა ცივი ომის დროს, როდესაც გადაწყვეტილები მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 1995 წელს ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წელს მადრიდის სამიტზე გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია. ეს ქვეყნები 1999 წელს შეუერთდენენ ალიანსს. ისინი გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიმუშავეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan –  MAP), რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დასაწყების მიზნით მიიწვიეს ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს და ნატო-ს წევრები გახდნენ 2004 წელს. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ქვეყანა მონაწილეობდა წევრობის სამოქმედო გეგმია შედგენაში.

ალბანეთი და ხორვატია, რომელთა მოწვევა 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მოხდა, ფორმალურად ალიანსის წევრები გახდნენ 2009 წლის 1 აპრილს.

2009 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მიზნით მოიწვიეს მონტენეგრო, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებოდა მიწვეული მას შემდეგ რაც ის მიაღწევდა საჭირო პროგრესს რეფორმების გატარების კუთხით. ბუქარესტის სამიტზე გაფართოების შესახებ მიღებული იყო მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო ინტენსიური დიალოგი გაწევრიანებასა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართული იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

 

 

ნატოს გაფართოება

 

წლები       

ქვეყანა

წევრთა რაოდენობა

1949 წლის 4 აპრილი

 

დამფუძნებლები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, საფრანგეთი

12

1952 წლის 18 თებერვალი

 პირველი გაფართოება: საბერძნეთი, თურქეთი

14

1955 წლის 9 მაისი

მეორე გაფართოება: გერმანია

15

1982 წლის 30 მაისი

მესამე გაფართოება: ესპანეთი

16

1999 წლის 12 მაისი

მეოთხე გაფართოება: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი

19

2004 წლის 29 მარტი

მეხუთე გაფართოება: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი

26

2009 წლის 1 აპრილი

მეექვსე გაფართოება: ალბანეთი, ხორვატია.

28