აქტივობა 5. კონტურულ რუკაზე ინფორმაციის შესაბამისი პირობითი ნიშნებით დატანა

დავატანინოთ კონტურულ რუკაზე მტრის შემოსევის აღმნიშვნელი ისრები. მაგალითად: რუკაზე „საქართველო მე-7-8 საუკუნეებში” მთავარი თემაა მურვან-ყრუს შემოსევა. ისრები იწყება საქართველოს სამხრ-აღმოსავლეთიდან (დღ. აზერბაიჯანის ტერიტორიიდან) და ორ ნაკადად მოუყვება მტკვრისა და ალაზნის ხეობებს. შემდეგ მცხეთაში ერთიანდება და გადადის დასავლეთ საქართველოში, მიაღწევს ანაკოფიის ციხეს აფხაზეთში და გურია-აჭარის გავლით, დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

მურვან-ყრუს ლაშქრობა საქართველოში


ამ დავალებას ორი დონე აქვს: პირველად მოსწავლეები აფერადებენ კონტურულ ისრებს შავი ან წითელი ფერით (როგორც შეთანხმდებიან). ეს გაცილებით ადვილია.

მეორე დონეზე დავალება რთულდება. მასწავლებელი ამბობს, ატლასის დახმარებით გაარკვიონ, თუ რომელი დასახლებული პუნქტები გაიარა და ააოხრა არაბთა ლაშქარმა. მოსწავლეები ეძებენ ამ პუნქტებს და იწყებენ მათ გასწვრივ სახელწოდებების მიწერას (ხუნანი, გარდაბანი, რუსთავი, თბილისი, მცხეთა, კასპი და ა.შ.).


შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს სამ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას:

გ) მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

 

რესურსები

„ქართლის ცხოვრება” (ადაპტირებული ტექსტი). კონტურული რუკა, ფერადი ფანქრები, საქართველოს ისტორიული ატლასი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საქართველოს ისტორია სავსეა ომებისა და ბრძოლების მაგალითებით. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე მოსწავლეებთან ომისა და მშვიდობის ზოგად საკითხებზე საუბარი. განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საომარ ვითარებაში. მოსწავლეებს ხშირად უწევთ მოსმენა, რომ მტრის შემოსევის წინ მოსახლეობა ტყეში ან მთაში იხიზნებოდა. პირველ რიგში, ხიზნავდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. დღეს ომის ტექნოლოგია წინ წავიდა, ახლა ტყესა და მთაში ვერავინ დაიმალება, ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ომის სხვა კანონები მოქმედებს, სადაც წერია, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა განადგურების გარეშე. ასევე ნორმირებულია სამხედრო ტყვეების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. 

კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.