აქტივობა 4. თვალსაჩინოებებზე მუშაობა და ინფორმაციის რუკაზე დატანა

რუკაზე მუშაობა

კლასი იყოფა ჯგუფებად. მოსწავლეებმა უნდა ამოიწერონ მდინარეები და ტბები მხარეების მიხედვით. შემდეგ შეავსონ ცხრილი. პრეზენტაციის დროს თითოეული მათგანი ავსებს საერთო ცხრილს, რომელიც უკვე ზღვების მიხედვითაა შედგენილი.

13. 4

ცხრილის შევსების შემდეგ ასკვნიან, რომ შავი ზღვის მდინარეები ანუ დასავლეთ საქართველოს მდინარეები მეტია, ვიდრე კასპიის ზღვისა; რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ ბუნებრივ სიმდიდრესაც ესაჭიროება მოვლა, გონივრულად გამოყენება, დაცვა დაბინძურებისგან. შემდეგ მასწავლებელი საუბრობს წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაბინძურების შესახებ. წყლებს დიდ ზიანს აყენებს საყოფაცხოვრებო ობიექტებიდან და დიდი საწარმოებიდან ჩამდინარე დაბინძურებული წყალი. ეს შეუიარაღებული თვალიდანაც კარგად ჩანს. მდინარის წყლის სარწყავად გამოყენების არარაციონალური (არაგონივრული) გამოყენების კარგი მაგალითია არალის  ზღვა, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაშრა და გაუდაბურდა, რაც მდინარეების – სირდარიისა და ამუდარიის – სარწყავად გამოყენებამ გამოიწვია (არალის ზღვის გაუდაბურებული სანაპიროების სურათების ჩვენება). ბუნების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა გავუფრთხილდეთ წყალს, დავიცვათ დაბინძურებისგან და გამოვიყენოთ რაციონალურად. აქვე უნდა აღინიშნოს წყლის როლი სხვადასხვა რელიგიებში: ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდოელების წმინდა მდინარე განგი და ა.შ.

სასურველია ამ თემას მიუძღვნან ნახატების გამოფენა: „არ არსებობს წყალზე უფრო ძვირფასი სიმდიდრე”.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობას, ტყეების დანიშნულებას და აკეთებს ისტორიულ ექსკურს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი საკანონმდებლო ჩანაწერები ტყეებისა და ბუნების დაცვის შესახებ XII საუკუნით თარიღდება, როდესაც თამარ მეფემ სამეფო ბრძანება გამოსცა ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ლეგენდის მიხედვით, სწორედ თამარის სახელთანაა დაკავშირებული უთხოვარის სახელიც. როგორც ჩანს, იმ პერიოდის საქართველოში ეს ხე იმდენად ძვირფას მცენარედ ითვლებოდა, რომ მისი მოჭრა–არმოჭრის საკითხს თვით მეფე წყვეტდა. ნიშანდობლივია, რამდენად შეუვალი იყო მეფის ნება, რომ მას „უთხოვარი” შეარქვეს. იგი ძალიან ნელა იზრდება და ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ფანქრის დიამეტრისოდენა შეიძლება მოიმატოს. ბაწარის ნაკრძალში შემორჩენილია უთხოვარი, რომლის ასაკი 1 800 წლამდეა, სიმაღლე 30 მეტრი, სიმსხო – 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი.

ქალაქ პეტერბურგში, ერმიტაჟის ზოგ დარბაზში იატაკი სწორედ ქართული უთხოვარითაა გალამაზებული.

XVII საუკუნეში ვახტანგ VI-ის „კანონთა კრებულში” ყორუღის ტერიტორია მოხსენიებულია, როგორც დაცვის ობიექტი, რომელსაც მცველები იცავდნენ. ამ ტერიტორიაზე აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა. მთიან რეგიონებში არსებობდა მკაცრი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. „ხატის ტყეები”, რომლებიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა და ტიპურ ნაკრძალებს წარმოადგენდა. პირველი ოფიციალური ნაკრძალი – ლაგოდეხის ნაკრძალი – დაარსდა 1912 წელს კახეთში, ლაგოდეხის ხეობაში. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება 16 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 14 ბუნების ძეგლი, 12 სახელმწიფო აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495892 ჰა-ს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით შვიდი პროცენტია (ეს მონაცემები ცვალებადია, დაცული ტერიტორიების ფართობი გაზარდოს 20%-მდე).

მასწავლებელი აცნობს ნაკრძალის პირობით ნიშანს, რომლითაც გამოსახულია რუკაზე. შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და მოსწავლეებმა საქართველოს ფიზიკური რუკის დახმარებით უნდა ამოიწერონ არსებული ნაკრძალები მხარეების მიხედვით.

სასურველია, ნაკრძალების განაწილება ჯგუფების მიხედვით და პრეზენტაციის მომზადება. ვადა 10 დღე.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლოს წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს.

მე-3 აქტივობა შეგიძლიათ დაუკავშიროთ მე-5-ს.

 

რესურსები

ნუგზარ შატაიძეპურის მოთხრობა, 1998 .

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, 1979 წ. გვ. 196-209, თურქ-სელჩუკთა შემოსევები: აბრეშუმის მუზეუმი თბილისში;

  • დაფა და ცარცი;
  • რეზო ინანიშვილის მოთხრობა „შეშაზე”;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამავე ნაწარმოების მიხედვით.
  • საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები, წყარო მინი-ლექციისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ბუნებისმეტყველება;
  2. ლიტერატურა;
  3. ისტორია;
  4. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. თავისთავად, პური ისეთი პროდუქტია, დღესაც რომ მოიხმარს ადამიანი, მაგრამ მოცემული ასაკის მოსწავლეეთან მაინც საჭიროა ამაზე საუბარი. კარგი იქნება, თუ მოსწავლე თანმიმდევრულად შეძლებს მთელი იმ პროცედურის დახასიათებას, რაც პურის მიღებას ესაჭიროება – მიწის დამუშავებას ხორბლის დათესვიდან – პურამდე.მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ საუკუნეების განმავლობაში ტექნოლოგიები შეიცვალა, გაუმჯობესდა და ადამიანებს გაუადვილდათ შრომის პროცესი. ამისათვის კარგი იქნება, თუ თავად მოსწავლეებს შევადარებინებთ პურის მოყვანის ძველ და ახალ მეთოდებს და ამას ცხრილის სახეს მივცემთ.
  2. პურისაგან განსხვავებით, განვიხილოთ ისეთი რესურსი, რომლის შესახებ ამ ასკის მოწავლეებმა თითქმის არაფერი იციან, ესაა აბრეშუმი ან ბამბა. ამ ასაკის მოსწავლეთა უმრავლესობა, როცა ეკითხებით, რა მასალის ტანსაცმელი აცვია, ვერ გიპასუხებთ. ამის გამო ხშირადსასაცილო მდგომარეობაც კი იქმნება. მათ გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა იგებენ, რომ აბრეშუმს ჭია ამზადებს, ბამბა კი მიწიდან ამოდის.
  3. მართალია, მოცემული ასაკის მოსწავლეები, აცნობიერებენ ტყის მნიშვნელობას, ადამიანის მიერ მისი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ ტყის მიმართ გონივრული დამოკიდებულებაც, რასაც არაერთი თემა ეთმობა ბუნების კურსიდან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასურველია, გავაგებინოთ, რომ საქართველოში ტყისადმი დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში გარკვეულ ტრადიციად და კულტურადაც კი ჩამოყალიბდა.
  4. მასწავლებელმა მოსწავლეს ნათლად უნდა დაანახოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობა და ყოველდღიური ცხოვრებისეული მაგალითები წარუდგინოს.