აქტივობა N4. მენტალური რუკის შექმნა

შედეგი:

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

 

ინდიკატორები:

  • ახასიათებს გეოგრაფიული მდებარეობის დონეებს (რეგიონული, კონტინენტური, ზღვისპირა, ზონალური; მეზობლობა და ურთიერთობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებთან); აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებს აჯგუფებს ცხრილში;
  • მოჰყავს მაგალითები და ადარებს სხვადასხვა ქვეყნებს მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით;
  • მსჯელობს მსოფლიოს რეგიონულ დიფერენციაციაზე და ადარებს რეგიონებს ისტორიულ-კულტურული და გეოპოლიტიკური ნიშნის მიხედვით;
  • ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს გეოპოლიტიკის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტებს (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და სამხედრო პოლიტიკას) და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით აჯგუფებს ქვეყნებს გეოპოლიტიკური კურსის მიხედვით;
  • აანალიზებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების როლს მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებისათვის. ქვეყნებს მიაკუთვნებს ძირითად ორგანიზაციებს; მსჯელობს მათი გაფართოების პერსპექტივებზე და ქმნის შესაბამის რუკებს.

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების ხარისხის ამაღლებას და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ტექსტები და ფოტოები;
  3. ვიდეო ფილმები;
  4. მსოფლიოს ფიზიკური, პოლიტიკური და კონტურული რუკები;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  6. ინტერნეტსაიტი:http://www.nato.int

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

ინდივიდისა და გარემოს ინტეგრაცია მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდის მიერ გარემოს აღქმაზე. ამ საკითხის კვლევის შედეგად ამერიკელმა მეცნიერმა ქევინ ლინჩმა (Kevin Lynch) შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილი თეორია მენტალური (კოგნიტიური) რუკების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, ქალაქი შედგება მრავალი ცალკეული ადგილებისგან და მათგან მიღებული უშუალო შთაბეჭდილებათა ჯამი ქმნის ინდივიდისთვის გარემოს ხატს –  მენტალურ სურათს, ანუ გარემოს კონკრეტულ ხატს. გარემოში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ მისი ფუნქციიდან გამომდინარე სოციალური დატვირთვაც, ანუ მასში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ამ კონტექსტში გამოიმუშავებს ინდივიდი კონკრეტულ ემოციას გარემოსთან მიმართებაში. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ემოცია განსხვავებულია დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, რასაზე, სოციალურ ჯგუფზე და სხვა მახასიათებლებზე. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება კონკრეტული ადგილისადმი ინდივიდის მოლოდინები, დროის ფაქტორი, სხვადასხვა სოციალური და ფსოქოლოგიური დატვირთვა. მაგალითად, ბავშვებსა და ზრდასრულ ინდივიდს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ გარემოს მიმართ, ამიტომ მათ განსხვავებული მენტალური რუკა ექმნებათ ერთგვარი გამოცდილების შემთხვევაში. ფსიქოლოგები მენტალური (კოგნიტიური) რუკებით სუბიექტის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე მსჯელობენ.

მენტალური რუკა აზრისეულია, მისი შექმნის პროცესში სუბიექტს ქაღალდზე გადააქვს მისთვის ხილვადი ობიექტები – მდინარე, ტბა, დასახლება, გზა, ტყე და სხვ., ანუ ქმნის ადგილის გრაფიკულ ჩანახატს ტოპოგრაფიული რუკის ან გეგმის ესკიზის სახით.

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებმა უნდა დახატონ გამოგონილი რუკა „იდეალური“ ქვეყნისაკენ გასამგზავრებლად, სადაც არსებობს ნამდვილი თანასწორობა და არის საყოველთაო კეთილდღეობა. ასეთი ქვეყანა აუცილებლად იარსებებს მომავალში, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მათს წარმოსახვაშია.

დავალებისთვის საჭიროა გამოიყენონ მმართველობისა და ადმინისტრაციული მოწყობის ფორმები და შექმნან „იდეალური“ ქვეყნის მოდელი.

  • როგორ წარმოუდგენიათ იდეალური ქვეყანა?
  • რა დაბრკოლებებს შეიძლება წააწყდნენ „იდეალური“ ქვეყნისაკენ მიმავალ გზაზე?
  • როგორ გადალახავენ ამ დაბრკოლებებს?

შემდეგ ურიგდებათ დიდი ზომის ფურცლები და მარკერები და თითოეულ ჯგუფი ადგენს თავიანთ წარმოსახვით რუკას და წარმოადგენენ აწმყოსა და მომავლის ლანდშაფტს ერთად და მათ შორის გამავალ გზას. მათ უნდა შექმნან საკუთარი სიმბოლოები ამ გზაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, შემხვედრი დაბრკოლებებისა და ობიექტების აღნიშვნისათვის.

ჯგუფებს ეძლევათ დრო რუკების შესადგენად, რომელსაც თან უნდა დაურთონ გამოყენებული სიმბოლოების ახსნა.

ჯგუფები იკრიბებიან პლენარულ სხდომაზე და მოსწავლეები წარმოდაგენენ თავიანთ შედგენილ რუკებს.