აქტივობა 3. წყაროს განხილვა ღირებულებათა ჩამოსაყალიბებლად და მისი მონაცემების თანამედროვეობასთან დაკავშირება

მასწავლებელი უამბობს მოსწავლეებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ომების შედეგად გადატანილმა დიდმა განსაცდელმა და მსხვერპლმა დააფიქრა ადამიანები, რასაც მოჰყვა საერთაშორისო შეთანხმება ჟენევის 1949 წლის IV კონვენციისა და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმის სახით.

 

დავალება 3

გადაიწერეთ მოცემული ტექსტი ჟენევის კონვენციიდან. შეადარეთ ის დავით აღმაშენებლის საქციელსა და თქვენ მიერ შემუშავებულ წესებს. თუ ნახეთ საერთო რომელიმე მათგანთან, ქვეშ ხაზი გაუსვით.

ჟენევის 1949 წლის IV კონვენცია იცავს მშვიდობიან მოსახლეობას ომის დროს. ის კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, მძევლად აყვანას, შეურაცხყოფას, ძარცვას. მოსახლეობას სრული უფლება აქვს, შეასრულოს ოჯახური წეს-ჩვეულებები თუ რელიგიური რიტუალები.

1977 წლის I და II დამატებითი ოქმების თანახმად, აკრძალულია თავდასხმა მოსახლეობისათვის სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე ობიექტებზე, როგორიცაა სურსათის მარაგი, სასმელი წყლით მომარაგების სისტემა და სხვა.

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს სამ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას:

გ) მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

 

რესურსები

„ქართლის ცხოვრება” (ადაპტირებული ტექსტი). კონტურული რუკა, ფერადი ფანქრები, საქართველოს ისტორიული ატლასი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საქართველოს ისტორია სავსეა ომებისა და ბრძოლების მაგალითებით. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე მოსწავლეებთან ომისა და მშვიდობის ზოგად საკითხებზე საუბარი. განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საომარ ვითარებაში. მოსწავლეებს ხშირად უწევთ მოსმენა, რომ მტრის შემოსევის წინ მოსახლეობა ტყეში ან მთაში იხიზნებოდა. პირველ რიგში, ხიზნავდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. დღეს ომის ტექნოლოგია წინ წავიდა, ახლა ტყესა და მთაში ვერავინ დაიმალება, ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ომის სხვა კანონები მოქმედებს, სადაც წერია, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა განადგურების გარეშე. ასევე ნორმირებულია სამხედრო ტყვეების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. 

კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.