აქტივობა 3. წყაროების საფუძველზე ცნების გააზრება, ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლა

გაკვეთილი იწყება გონებრივი იერიშით. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია მათთვის უცნობი ტერმინია, მასწავლებელი დაფაზე წერს ამ სიტყვას და მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ, რა იციან მის შესახებ. პასუხები იწერება დაფაზე და ივსება აზრობრივი რუკა.

შემდეგ მასწავლებელი განმარტავს სიტყვის მნიშვნელობას, მის სახეებს და შესაძლო გამომწვევ მიზეზებს (მიზეზების ჩამოყალიბება შესაძლებელია მოსწავლეებთან ერთად). კლასი იყოფა ჯგუფებად (4–5 ჯგუფი). თითოეულს დაურიგდება წყარო.

I წყარო: 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქართველი ბოლშევიკები რუსეთის არმიას საქართველოში შემოუძღვნენ. მთავრობამ თბილისის დაცვა შეუძლებლად ცნო და დედაქალაქის დატოვების ბრძანება გასცა.

1921 წლის 25 თებერვალს წითელარმიელები თბილისში შემოვიდნენ, 18 მარტს მთავრობამ დატოვა საქართველოს ტერიტორია და საფრანგეთს შეაფარა თავი. შემდეგ საქართველოში დაიწყო მოსახლეობის დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა. კომუნისტური ტირანია სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. დაპატიმრება, გადასახლება, დახვრეტა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. რუსული ჯარი მიწასთან ასწორებდა სოფლებს. მოსახლეობის ნაწილი იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა.

II  წყარო: სოხუმის  დაცემა  იყო  ქართულ-აფხაზური შეიარაღებული  კონფლიქტის (1992-1993 წწ) ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც მოყვა ქართველთა ერთ-ერთი დიდი დამარცხება საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის. საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი.

III წყარო: 1986-1989 წლებში შიდა აჭარასა და სვანეთს თავს დაატყდა ბუნების სტიქიური მოვლენები – მეწყერი და ზვავი, რასაც ადამიანთა მსხვერპლი და ზარალი მოჰყვა.

1998 წელს აჭარის მთიანი სოფლებიდან 4 350 ოჯახი (დაახლოებით 19 ათასზე მეტი ადამიანი) ჩაასახლეს საქართველოს 36 ადმინისტრაციული რაიონის ფარგლებში, სვანეთის მოსახლეობა კი, ქვემო ქართლის რაიონებში დაფუძნდა.

IV წყარო: ხუციშვილების ოჯახი მშვენიერ და ძლიერ სოფელ სიმონეთში ცხოვრობს. ეს სოფელი ქუთაისიდან 20-კმ-ითაა დაშორებული. ოჯახის დიასახლისი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მუშაობს, მისი მეუღლე მშენებელია და ქ. ქუთაისში დადის სამსახურში. მათ ორივე შვილს გიორგის და ანას სახლიდან სკოლამდე მისასვლელად ფეხით 10 წუთზე ნაკლები სჭირდებათ. ოჯახს აქვს თავისი მეურნეობა. ოჯახის უფროსმა სამსახურის თაობაზე შემოთავაზება მიიღო თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიიდან. ოჯახი დილემის წინაშე აღმოჩნდა: გადავიდნენ საცხოვრებლად თუ არა დედაქალაქში.

V წყარო: მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მიგრაციის პროცესს რუსეთის იმპერია წარმართავდა. რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან საქართველოში არაქართველი მოსახლეობა ჩამოასახლეს და გარკვეულ ტერიტორიებზე კომპაქტურად დაასახლეს. მაგ. საქართველოში ჩამოსახლებული იყვნენ ე.წ. მალაკნები და დუხობორები (რუსი რელიგიური პილიგრიმები), გერმანელები, ესტონელები, ბერძნები, სომხები და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების პირველ ნახევარში (1921-1956) ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რამაც ძალზე შეამცირა ქართველების ხვედრითი წილი და მათი რიცხვი საკუთარ სამშობლოში 60%-მდე დავიდა.

 

ლექსიკონი

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა (მიგრაცია)  – მოსახლეობის გადააადგილება საცხოვრებლად დროებით ან მუდმივად ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში.

ემიგრაცია – მოქალაქეთა გადასახლება თავისი სამშობლოდან სხვა ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მიზეზებით.

იმიგრაცია – უცხოელთა შესვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად. ლტოლვილი – პირი, რომელიც ომის, ეკონომიკური ან სხვა რაიმე საგანგებო სიტუაციის გამო იძულებით ტოვებს სამშობლოს და სხვა ქვეყანაში ეძებს თავშესაფარს. დევნილი (იძულებით გადაადგილებული პირი) – პირი, რომელიც ომის, ეკონომიკური, ეკოლოგიური ან სხვა რაიმე საგანგებო სიტუაციის გამო ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ რჩება თავის ქვეყანაში.


ყველა ჯგუფს საერთო დავალება ეძლევა. მათ უნდა დაადგინონ:

  1. რატომ გადაადგილდა მოსახლეობის ეს ნაწილი?
  2. რა არის მათი გადაადგილების მიზეზი?

მასწავლებელმა აქვე უნდა მიანიშნოს, რომ სწორედ მიგრაციაა ის მეორე პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობაზე.


რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი;
  2. საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკა, წყაროები;
  3. თანდართული წყაროები და ლექსიკონი;
  4. ევრაზიის (კედლის) რუკა;  ბ„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბ., 2004 წ; (რეპროდუქცია „სამშობლოდან მოწყვეტა”.);  გმხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი”, ფრაგმენტი 2.19 წთ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ გარდა შიდა მიგაციებისა, წარსულში საქართველოდან გარე მიგრაციებიც განხორციელებულა. მაგალითისათვის მოვუყვანოთ ფერეიდნელი ქართველები. ამ საკითხის შეტანა თავისთავად ხდება შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობების თემასთან დაკავშირებით. მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ ეს მიგრაცია ომებით იყო გამოწვეული და ეტაპობრი- ვად ხდებოდა მე-17 საუკუნის განმავლობაში.