აქტივობა N3. პრეზენტაცია

შედეგი:

გეო.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით

 

ინდიკატორები:

  • ჩამოთვლის და აჯგუფებს ქვეყნების განვითარების ხელშემშლელ და ხელშემწყობ (ფიზიკურ-გეოგრაფიულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ) ფაქტორებს; აანალიზებს აღნიშნული ფაქტორების გავლენას ქვეყნების განვითარებაზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
  • შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს;
  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს კონტინენტებისა და განვითარების დონის მიხედვით;
  • ადგენს და ადარებს ერთმანეთს რესურსებს, რომლებიც გამოიყენება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში; მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკური განვითარების დონეს შორის არსებულ კავშირზე;
  • ადარებს მთლიანი შიდა პროდუქტისა და საზოგადოებრივი განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნების მაჩვენებლებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს თითოეულის სრულყოფილებასა თუ ხარვეზებზე.

 

 

რესურსები:

  1. მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები, მსოფლიოს ატლასი;
  2. რუკები: ადამიანის განვითარების ინდექსისა და მისი კომპონენტების მაჩვენებლები.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

რუკის რთული კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მსჯელობა რუკაზე გამოსახული ობიექტების თავისებურებების, დედამიწის ზედაპირზე მათი მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ. ამ უნარ-ჩვევის ფორმირება ძნელად მისაღწევია, თუმცა აქაც მოსწავლეთა კარტოგრაფიულ და გეოგრაფიულ ცოდნას უნდა დავეყრდნოთ. ობიექტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ მსჯელობა იმ მონაცემთა საფუძველზე მიმდინარეობს, რომლებიც რუკაზეა ასახული (ისე, როგორც რუკის ელემენტარული კითხვის დროს), მაგრამ ობიექტის დახასიათება შედარებით სრულად ხდება.

რუკის რთული კითხვა გონებრივი შესაძლებლობების უფრო მეტ დაძაბვას მოითხოვს. ამ დროს მოსწავლე იყენებს გეოგრაფიულ ცოდნას, სარგებლობს რუკაზე გამოსახული ფაქტებით, მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები და იძენს ახალ ცოდნას. მაგალითად მოვიშველიოთ რომელიმე ქვეყნის დახასიათება რუკაზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე: დავუშვათ, ამ ქვეყნის რუკაზე აღნიშნულია ქვიშები, მლაშე ტბები, სარწყავი არხები. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მოცემული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დაახასიათოს ის. მოზარდი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ცხელი და მშრალი კლიმატია. მართალია, ეს რუკა უშუალოდ კლიმატის შესახებ არ იძლევა ცნობებს, მაგრამ რუკიდან ამოკითხული მონაცემების ასოციაციის საფუძველზე მოსწავლეს შეიძლება სწორი წარმოდგენა შეექმნა ამ ქვეყნის კლიმატის შესახებ. მან, ამავე დროს, გამოიყენა გეოგრაფიული ცოდნა განედური ზონალურობისა და მშრალი კლიმატიდან გამომდინარე შედეგების შესახებ. რუკის კითხვის ეს დონე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით, რადგან აქ ორგანულად და ღრმად ერწყმის ერთმანეთს გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნა და უნარები. მოსწავლეები ეჩვევიან ნებისმიერი მოვლენის განხილვას არა იზოლირებულად, არამედ მიზეზშედეგობრივ კონტექსტი.

 

აქტივობის აღწერა:

თითოეული ჯგუფიდან ირჩევენ ერთ პრეზენტატორს და ერთ ექსპერტს. იქმნება ექსპერტთა ახალი ჯგუფი, რომელიც აფასებს პრეზენტაციებს შეფასების არსებული სქემის მიხედვით.