აქტივობა 3. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი

გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები

 

ინდიკატორები

  • რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ ზონებს;
  • ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • მსჯელობს ბუნებრივი ზონების ათვისებაზე.

 

რესურსები

  • კლიმატური სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
  • დოკუმენტური ფილმი: მსოფლიოს 7 საოცრება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

სასურველია დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოგზაურებზე, ქვეყნებზე, სტიქიურ მოვლენებზე, ერების ადათ-წესებზე და ა.შ. ვიზუალურად ნანახი და შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებით მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უფრო ადვილად ამახსოვრდებათ.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ტექსტს და ბუნებრივი ზონების რუკებს. ერთ ჯგუფს შეიძლება შეხვდეს 2-3 ბუნებრივი ზონა. ჯგუფმა საკუთარი ბუნებრივი ზონა უნდა აღწეროს და კონტურულ რუკაზე აღნიშნოს მათი გავრცელების არეალები; დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კლიმატურ სარტყლებსა და ბუნებრივ ზონებს შორის.

ტაიგა (იაკუტ. ტყე) — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყეა, რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას.მდებარეობის მიხედვით ტაიგა ორგვარია: ბარისა და მთის. მთავარი შემადგენელი ხემცენარეების მიხედვით განარჩევენ მუქწიწვოვან (ნაძვი, სოჭი, ცუგა, ცრუცუგა, ლიბოცედრუსი, სექვოია, ტუია და სხვ.) და ღიაწიწვოვან (ფიჭვი და ლარიქსი) ტაიგას. ტაიგის ხედგომაში დომინანტობს 1-2, იშვიათად 3 ან მეტი სახეობა (რაც ხშირიამთის ტაიგაში). მათთან შერეულია ხოლმე არყი, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვნები. ბარის ტაიგაში ეწერი და მზრალი ნიადაგია, მთის ტაიგაში — მთა-ტყის მურა ნიადაგი. ევროპასა და აზიაში ტაიგის ფართობის მეტი წილი, რომელიც რუსეთის ფარგლებშია მოქცეული, ბარად ქმნის ტყის ზოლის ჩრდილო ქვეზონას. მასში მკვეთრად განირჩევაჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განედური მდებარეობით შეპირობებული ზოლები:

  • მეჩხერი;
  • ჩრდილოეთისა;
  • შუა;
  • სამხრეთისა;
  • ფართოფოთლოვან-წიწვოვანი.


ტაიგის გავრცელების რუკა

ტაიგის გავრცელების რუკა

 

ტუნდრა (ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპია, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით – ტყეები. ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე. სკანდინავიის, ურალის,ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები - ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები - ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia islandica და სხვ.) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვ.). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.

ტუნდრის ზონის დიდი ნაწილი უჭირავს ჩრდილოურ და სამხრეთულ სუბარქტიკულ ტუნდრას, რომელიც უკიდურესი ჩრდილოეთით იცვლება არქტიკული ტუნდრით; აქ ბუჩქნარი სრულიად არ არის.

 

ტუნდრის გავრცელების რუკა

 

ტუნდრის გავრცელების რუკა

 

სუბტროპიკული ტყე — სუბტროპიკულ სარტყელში გავრცელებული ხშირი ფართოფოთლოვანი ტყეა. ხმელთაშუაზღვისპირეთის სუბტროპიკულ ტყეებში გაბატონებულია მარადმწვანე ბუჩქნარები და ტანდაბალი ხეები. ზონისთვის დამახასიათებელია ნაყოფიერი ყავისფერი ნიადაგები. მარადმწვანე მცენარეულობა შეგუებულია ზაფხულის სიცხესა და სიმშრალეს.მათ სქელი პრიალა ფოთლები აქვთ, ზოგიერთს კი – წვრილი და ბუსუსიანი. ყოველივე ეს ამცირებს აორთქლებას. რბილი, წვიმიანი ზამთრის პირობებში უხვად იზრდება ბალახი. ხეებს შორის მჭიდროდ არის გაბატონებული სხვადასხვა სახის მცენარეები და ბუჩქნარები. ამ ტიპის ტყეები გავრცელებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, ასევეტროპიკებისა და სუბტროპიკული ზონების მაღალმთიან ადგილებში. ხმელთაშუაზღვისპირა ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. მათ ადგილზე გვხვდება მეორადი მარადმწვანე ბუჩქნარები და დაბალი ხეები – ხემარწყვა (რომლის ნაყოფი მარწყვს მოგვაგონებს), ქვამუხა, კორპის მუხა, ველური ზეთისხილის ხე, ფიჭვი პინია, ღვია,კეთილშობილი დაფნა და სხვა მცენარეულობა. სუბტროპიკები კონტინენტების აღმოსავლეთ განაპირა მხარეებზე ხასიათდება შედარებით ნოტიო კლიმატით. ატმოსფერული ნალექები არათანაბრად მოდის, თუმცა ზაფხულში ხშირია წვიმა. აქ ჭარბობს ხშირი ნოტიო ტყეები, სადაც ხარობს მარადმწვანე მუხა, მაგნოლია და სხვა, ასევე ლიანები დაბამბუკი.


სუბტროპიკული ტყეების გავრცელების რუკა

სუბტროპიკული ტყეების გავრცელების რუკა