აქტივობა 2. წყაროს განხილვა ღირებულებათა ჩამოსაყალიბებლად

პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი კლასში შესასრულებლად აძლევს დავალება 2-ს. მუშაობა ისევ ჯგუფებში მიმდინარეობს. დავალების შესასრულებლად ეძლევათ 15 წუთი.

 

დავალება 2

წაიკითხეთ ტექსტი „თბილისის აღება დავით აღმაშენებლის მიერ”. უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  1. რა მიგაჩნიათ დადებითად დავით აღმაშენებლის საქციელში?
  2. რა მიგაჩნიათ უარყოფითად დავით აღმაშენებლის საქციელში?
  3. როგორ მოიქცეოდით თქვენ დავითის ადგილზე?
  4. თქვენი აზრით, რა წესებს უნდა იცავდეს მეომარი დაპყრობილ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ?

 

"თბილისის აღება დავით აღმაშენებლის მიერ"

თბილისი ოთხასი წლის მანძილზე მტრის ხელში იყო. 1122 წელს შეძლო დავით აღმაშენებელმა თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებსა თუ მაჰმადიან მოსახლეობას, სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, მაგრამ მალე დაუცხრა მეფეს გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მას (მეფეს) მიუნიჭებია მაჰმადიანთათვის თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება. დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები – ოთხს, ხოლო მაჰმადიანები – სამ დინარს.

მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ ქალაქში მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა.

 

დროის გასვლის შემდეგ ოთხივე ჯგუფის წარმომადგენელი წარუდგენს კლასს პასუხებს. ყველას უნდა მიეცეს კითხვის დასმის ან შეკამათების საშუალება.

მოსწავლეთა მიერ შემოთავაზებულ წესებს მასწავლებელი წერს დაფაზე და სთხოვს მოწავლეებს, ჩაინიშნონ რვეულში ეს წესები.

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს სამ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას:

გ) მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

 

რესურსები

„ქართლის ცხოვრება” (ადაპტირებული ტექსტი). კონტურული რუკა, ფერადი ფანქრები, საქართველოს ისტორიული ატლასი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

1.სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

2. ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საქართველოს ისტორია სავსეა ომებისა და ბრძოლების მაგალითებით. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე მოსწავლეებთან ომისა და მშვიდობის ზოგად საკითხებზე საუბარი. განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საომარ ვითარებაში. მოსწავლეებს ხშირად უწევთ მოსმენა, რომ მტრის შემოსევის წინ მოსახლეობა ტყეში ან მთაში იხიზნებოდა. პირველ რიგში, ხიზნავდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. დღეს ომის ტექნოლოგია წინ წავიდა, ახლა ტყესა და მთაში ვერავინ დაიმალება, ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ომის სხვა კანონები მოქმედებს, სადაც წერია, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა განადგურების გარეშე. ასევე ნორმირებულია სამხედრო ტყვეების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. 

კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.