აქტივობა N2. ტექსტისა და რუკის ანალიზი

შედეგი:

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

 

ინდიკატორები:

  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებთან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ; ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და გამოთქვამს ვარაუდს, როგორ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყანის განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს მოსაზრებას არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას, სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს, როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
  3. BBC-ის დოკუმენტური სერიალი „პლანეტა დედამიწა“: ტყეები; უდაბნოები; პოლუსიდან პოლუსამდე; ველური კუნძულები.
  4. გეოგრაფია (ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  5. ინტერნეტსაიტები:  europa.euhttp://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ბიოლოგია, ისტორია, სამოქალაქო განათლება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს: ვიდეომასალა, როგორც სასწავლო რესურსი, კონკრეტული სასწავლო თემის ან საკითხის გაცნობას უწყობს ხელს: ხსნის პროცესს, ასახავს გეოგრაფიულ ადგილებს, ზონებს, ლანდშაფტებს, ქვეყნებს; ადარებს ორ ან მეტ ადგილს; ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, ტრადიციებს;

დოკუმენტური ფილმების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილს საინტერესოს და ხალისიანს ხდის. მათი საშუალებით ადვილდება მოსწავლის მიერ რეალობის აღქმა, უვითარდებათ დაკვირვების უნარი.

მაგალითად, ფილმიდან ამაზონის ტყეებზე მოსწავლე გაიგებს:

  • რა არის ტროპიკული ტყეები;
  • როგორ იყენებენ ადამიანები ამ ტყეებს;
  • როგორ ცხოვრობს აქ ადგილობრივი მოსახლეობა;
  • როგორია ტროპიკული ტყეების ექსპლუატაცია და რა შედეგები მოჰყვება მას;
  • ჩანს თუ არა გაუდაბურების პროცესი და როგორ აისახება ეს მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე;
  • როგორ აისახება ტყეების გაჩეხვა ადგილობრივ მოსახლეობაზე;
  • როგორი შეიძლება იყოს ტროპიკული ტყეების გამოყენება;
  • როგორი იქნება ეს ტყეები მომავალში, თუკი ექსპლუატაცია იმავე მოცულობით გაგრძელდება.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ამუშავებს მოცემულ ტექსტსა და რუკებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ასახავენ მშპ-ის მაჩვენებელს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტის განაწილებასა და დაფინანსების პრიორიტეტებს ევროკავშირის ბიუჯეტში.

გასაანალიზებელი ტექსტი და რუკები:

ევროპის კავშირი (ინგ. – European Union, ფრანგ. –  Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი, არის ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. 1993 წლამდე მას ევროპული თანამეგობრობა (ინგ. –  European Community, ფრანგ. –  Communauté européenne) ერქვა. კავშირის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 3.892 ათასი კმ2-ს შეადგენს, მოსახლეობა –  455 მლნ., ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროპის კავშირი უსწრებს აშშ-სა და იაპონიას.

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

იგი მუდმივად განავითარებს სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცედენტი არ აქვს. ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები საფუძვლად უდევს ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებს მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებს და უფლებამოსილებებს. ამ ხელშეკრულებების მაგალითია: 1957 წლის ევროპის ეკონომიკური გაერთიანების რომის ხელშეკრულება, 1986 წლის ერთიანი ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულება. ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია: ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია.

2012 წელს ნობელის პრემიის კომიტეტმა აღიარა ევროკავშირის მიღწევები და ორგანიზაცია დააჯილდოვა მშვიდობის პრემიით „ექვსი ათეული წლის განმავლობაში მშვიდობისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ევროპაში“. თუმცა ბევრ ქვეყანაში სკეპტიკოსები სხვაგვარად ფიქრობდნენ. 2009 წელს ევროკომისიის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (პორტუგალიასა და უნგრეთში – 50%,  ლატვიაში – 51%, დიდ ბრიტანეთში – 53%, საბერძნეთში –  54% და საფრანგეთში –  57%) ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკავშირის მომავალის მიმართ.

მაინც რა არის ევროკავშირი? ის კვლავ რჩება შეთანხმებულ სტრუქტურად, რომელიც ეყრდნობა მასში შემავალ ქვეყნებს. აქ ნაჩვენები ყველა რუკა ეფუძნება ევროპულ სტატისტიკას.

მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს ქყვეყნებს შორის განსხვავებას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რაც ევროკავშირის ქვეყნების განვითარების დონის განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი 1

 

 

 

შემდეგი კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობას. რუკაზე კარგად ჩანს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ძლიერი დისბალანსი არსებობს – დასავლური ეკონომიკის (ყველაზე მეტად, ჩრდილო-დასავლეთის) ქვეყნებს ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკური ბაზა აქვთ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს.

 

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი 2

 

 

ზოგიერთი ქვეყანა (სავარაუდოდ ევროკავშირის წარმატებული ნაწილი –  ბელგია, ლუქსემბურგი), რომელთაც აქვთ მშპ-ის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ამავე დროს, მოსახლეობის მცირე რაოდენობით გამოირჩევიან, მეტ დაფინანსებას იღებენ. ასეთია ირლანდია, რომელმაც საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო ფინანსური კრიზისის გამო (ევროკავშირის ქვეყნების სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით მას მიეცა გარკვეული შანსი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად).

შემდეგი ორი კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს ევროკავშირის 2012 წლის ბიუჯეტის განაწილებას:

 

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი 3-4

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მდიდარი ქვეყანა იხდის საკმაოდ დიდ თანხას (დამოკიდებულია მათს მშპ-ზე), ევროკავშირის საერთო ბიუჯეტი ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული შემოსავალის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყნები – საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო –ევროკავშირის ბიუჯეტიდან უმსხვილეს გადარიცხვებს იღებენ.

შემდეგი რუკები ასახავს 2007-2013 წლებში ევროკავშირის საერთო დაგეგმვის ძირითად სფეროებს და ფინანსურ პოლიტიკას. 2013 წელს იწურება მიმდინარე პროექტი და ამ ეტაპზე გრძელდება დაძაბული მოლაპარაკებები უახლოესი მრავალწლიანი, 2014-2020 წლების ფინანსური პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ. მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის იმ ფუნქციების განსაზღვრა, რომლებსაც ატარებს ევროპული პოლიტიკა: მრავალწლიური ფინანსური ჩარჩო (MFF) განსაზღვრავს ევროკავშირის გრძელვადიან ხარჯებს; პრიორიტეტები განისაზღვრება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და დგება შესაბამისი წლიური მაქსიმალური დანახარჯი, რათა უზრუნველყოს რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსური დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკა.

შემდეგი რუკა გვიჩვენებს მიმდინარე დაფინანსების პრიორიტეტებს ევროკავშირის ბიუჯეტში. აქედან ჩანს, რომ ფული რეალურად მდიდარ ქვეყნებს შორის ნაწილდება. პირველ ორ რუკაზე გამოსახულია, რა თანხა გამოეყო ევროკავშირის ბიუჯეტიდან თითოეულ წევრ სახელმწიფოს 2012 წელს.

დაფინანსების დიდი ნაწილი ბრუნდება ყველზე მეტი წვლილის შემტანი ქვეყნების ბიუჯეტში.

 

რუკები

 

სასურველია, მასალა (ტექსტი და რუკები) განაწილდეს ჯგუფებში.

I ჯგუფი შეადგენს ცხრილებს და ევროპის ქვეყნებს დააჯგუფებს მოსახლეობის რაოდენობისა და მშპ-ის მიხედვით.

II ჯგუფი დააგენს იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მეტი წვლილი შეაქვთ ევროკავშირის ბიუჯეტში.

III ჯგუფი გამოყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ქვეყნებს.

მათ უნდა გაიხსენონ XX საუკუნეში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები და ახსნან, რატომ განსხვავდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკის განვითარების დონით. გააანალიზონ ამ ქვეყნებში არსებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები დააკავშირონ XX საუკუნეში მომხდარ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან. ასევე, გამოთქვან ვარაუდი არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის გზების შესახებ.

შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი წარმოადგენს პრეზენტაციას.