აქტივობა 1. პირობითი ნიშნების კითხვა რუკიდან

ორი მოსწავლე გამოვიყვანოთ რუკასთან. ერთ მოსწავლეს დავავალოთ, მოძებნოს რუკაზე ჭიათურა, სადაც მანგანუმი მოიპოვება, მეორე მოსწავლემ იპოვოს ფოთი, საიდანაც მანგანუმი ევროპაში გაჰქონდათ. ამ ორ პუნქტს შორის თვალი გაადევნონ რკინიგზის ხაზს, რომელიც სპეციალური პირობითი ნიშნითაა დატანილი. შემდეგ მეორე წყვილი გამოვიყვანოთ რუკასთან და ვთხოვოთ მოძებნა რკინიგზის სხვა მონაკვეთებისა, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით შენდებოდა: რუკიდან ამოწერილი თარიღები დაფაზე გადაიტანონ ისე, რომ ყველამ დაინახოს.

რუკიდან ამოწერილი თარიღები

შესაძლებელია, მიღებული ცხრილის გაანალიზება პირველი და ბოლო პუნქტების მაგალითზე.

 

შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ წიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს

 

რესურსები

კედლის რუკა „სამხრეთი კავკასია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში”. საქართველოს ფიზიკური და რესურსების რუკა. ფორმატები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მანგანუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია. მისი აღმოჩენისა და მსოფლიო ბაზარზე გატანის ამბავი აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მან შეარქვა ამ რესურსს „შავი ოქრო”.

მანგანუმი ჭიათურის რაიონში მოიპოვება. მისი მოპოვება ევროპელმა მრეწველებმა დიწყეს მე-19 საუკუნეში. მოპოვებულ ნედლეულს ჭიათურიდან ურმებით ეზიდებოდნენ ფოთამდე, სადაც გემებში ტვირთავდნენ და ევროპაში გაჰქონდათ. ეს უმძიმესი შრომა გარკვეულწილად შეამსუბუქა საქართველოში რკინიგზის გაყვანამ და პირველი მონაკვეთი სწორედ ფოთიდან ზესტაფონამდე (მაშინდელ შორაპნამდე) მიიყვანეს მანგანუმის გასატანად.

მანგანუმის მრეწველობამ ზემო იმერეთის ეს ღარიბი მხარე მსოფლიო ეკონომიკასთან დააკავშირა. რკინიგზის გაყვანა გრძელდებოდა და საბოლოოდ, როდესაც მან ბაქოს მიაღწია, მისი საშუალებით ორი ზღვა დაუკავშირდა ერთმანეთს – შავი ზღვა და კასპიის ზღვა. ამან დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკურ კავშირებს მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. რკინიგზის საშუალებით ეკონომიკის მრავალი დარგი წარმოიშვა და განვითარდა.

ერთი შეხედვით, მეხუთე-მეექვსეკლასელი მოსწავლეებისათვის მარტივი არ უნდა იყოს ამგვარი საკითხების გაგება, მაგრამ თუ თვალსაჩინოებას მოვიშველიებთ, ძალიანაც არ უნდა გაუჭირდეთ.

მოსწავლემ უნდა გაიაზროს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში მათი-უდიდესი ნაწილი შეიძლება ამოიწუროს, ამიტომაც გაფრთხილება სჭირდება.