აქტივობა N1. მინი-ლექცია

შედეგი:

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

 

ინდიკატორები:

  • ახასიათებს გეოგრაფიული მდებარეობის დონეებს (რეგიონული, კონტინენტური, ზღვისპირა, ზონალური; მეზობლობა და ურთიერთობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებთან); აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებს აჯგუფებს ცხრილში;
  • მოჰყავს მაგალითები და ადარებს სხვადასხვა ქვეყნებს მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით;
  • მსჯელობს მსოფლიოს რეგიონულ დიფერენციაციაზე და ადარებს რეგიონებს ისტორიულ-კულტურული და გეოპოლიტიკური ნიშნის მიხედვით;
  • ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს გეოპოლიტიკის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტებს (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და სამხედრო პოლიტიკას) და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით აჯგუფებს ქვეყნებს გეოპოლიტიკური კურსის მიხედვით;
  • აანალიზებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების როლს მათში გაწევრიანებული ქვეყნების განვითარებისათვის. ქვეყნებს მიაკუთვნებს ძირითად ორგანიზაციებს; მსჯელობს მათი გაფართოების პერსპექტივებზე და ქმნის შესაბამის რუკებს.

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების ხარისხის ამაღლებას და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ტექსტები და ფოტოები;
  3. ვიდეო ფილმები;
  4. მსოფლიოს ფიზიკური, პოლიტიკური და კონტურული რუკები;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  6. ინტერნეტსაიტი: http://www.nato.int

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

ინდივიდისა და გარემოს ინტეგრაცია მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდის მიერ გარემოს აღქმაზე. ამ საკითხის კვლევის შედეგად ამერიკელმა მეცნიერმა ქევინ ლინჩმა (Kevin Lynch) შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილი თეორია მენტალური (კოგნიტიური) რუკების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, ქალაქი შედგება მრავალი ცალკეული ადგილებისგან და მათგან მიღებული უშუალო შთაბეჭდილებათა ჯამი ქმნის ინდივიდისთვის გარემოს ხატს –  მენტალურ სურათს, ანუ გარემოს კონკრეტულ ხატს. გარემოში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ მისი ფუნქციიდან გამომდინარე სოციალური დატვირთვაც, ანუ მასში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ამ კონტექსტში გამოიმუშავებს ინდივიდი კონკრეტულ ემოციას გარემოსთან მიმართებაში. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ემოცია განსხვავებულია დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, რასაზე, სოციალურ ჯგუფზე და სხვა მახასიათებლებზე. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება კონკრეტული ადგილისადმი ინდივიდის მოლოდინები, დროის ფაქტორი, სხვადასხვა სოციალური და ფსოქოლოგიური დატვირთვა. მაგალითად, ბავშვებსა და ზრდასრულ ინდივიდს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ გარემოს მიმართ, ამიტომ მათ განსხვავებული მენტალური რუკა ექმნებათ ერთგვარი გამოცდილების შემთხვევაში. ფსიქოლოგები მენტალური (კოგნიტიური) რუკებით სუბიექტის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე მსჯელობენ.

მენტალური რუკა აზრისეულია, მისი შექმნის პროცესში სუბიექტს ქაღალდზე გადააქვს მისთვის ხილვადი ობიექტები – მდინარე, ტბა, დასახლება, გზა, ტყე და სხვ., ანუ ქმნის ადგილის გრაფიკულ ჩანახატს ტოპოგრაფიული რუკის ან გეგმის ესკიზის სახით.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სახელმწიფო მმართველობის ფომებს:

მონარქია (ლათ.monarcha; ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს“ – ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ“ – მმართველი, ლიდერი) – სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს. არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია –  რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია –  რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.

თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი კონსტიტუციურია. ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებში მონარქების პოლიტიკური ძალაუფლება სიმბოლური ხასიათისაა.

დღეს აბსოლუტური მონარქიებია შემდეგ ქვეყნებში: ბრუნეი, ბჰუტანი, კატარი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. სვაზილენდში დე ფაქტო აბსოლუტური მონარქიაა, დე იურე − კონსტიტუციური მონარქია. ომანი და გაერთიანებული საამიროები აბსოლუტური მონარქიული წყობის ქვეყნებად მიიჩნევა, მაგრამ მათ პარლამენტი აირჩიეს. ვატიკანი აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიის ქვეყანაა, რომლის მონარქი არის რომის პაპი.

საპრეზიდენტოა რესპუბლიკა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური იმავდროულად მთავრობის მეთაურიცაა (მაგალითად, აშშ). აქ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა ხდება საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.

ნახევრადსაპრეზიდენტოა სისტემა (ანუ დუალისტური), რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს სისტემა განსხვავდება საპრეზიდენტო სისტემისგან იმით, რომ აქ არსებობს აღმასრულებელი პრემიერ-მინისტრის სახით, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლების განაწილების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ხშირად ის არ არის გაწერილი კონსტიტუციაში და ყალიბდება პოლიტიკური შეთანხმების სახით, როგორც, მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაშია, სადაც პრეზიდენტი პასუხს აგებს საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრი –  საშინაოზე.

საპარლამენტოა რესპუბლიკში სახელმწიფოს მეთაურს არ გააჩნია ისეთი ფართო უფლებები, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, რადგანაც ამ უფლებების უდიდესი ნაწილი მინიჭებული აქვს მთავრობის მეთაურს (რომელსაც, ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრს უწოდებენ). პრემიერ-მინისტრი უდიდესი საპარლამენტო პარტიისა თუ პარტიების კოალიციის მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის მინისტრია. ასეთ რესპუბლიკებში პრეზიდენტს, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ სიმბოლურ წარმომადგენლობით ფუნქციები აქვს მინიჭებული (მაგალითად, გერმანიაში, იტალიაში,ისრაელში). ზოგ შემთხვევაში პრეზიდენტს კანონით მინიჭებული აქვს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის სამართავად საჭირო, აღმასრულებელი უფლებები, მაგრამ დაუწერელი შეთანხმებით ის ამ უფლებებს არ იყენებს.