აქტივობა 1. ფასეულობათა გააზრება ისტორიული რეტროსპექტივის საშუალებით

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაიყონ 4 ჯგუფად და აძლევს შესასრულებლად დავალება 1-ს. ჯგუფებად დაყოფამდე მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს ჯგუფებში მუშაობის შემდეგ წესებს:

  1. მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში სურვილის მიხედვით (ვისაც ვისთან უნდა);
  2. ჯგუფში წინასწარ ირჩევენ მოსწავლეს, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის ნამუშევარს;
  3. ჯგუფში თითოეული მოსწავლე გამოთქვამს აზრს და მოლაპარაკების შემდეგ ყალიბდება ჯგუფის აზრი, რომელიც იწერება ფურცელზე ან რვეულში ერთი მოსწავლის მიერ;
  4. ჯგუფში აზრი გამოითქმება ხმადაბლა, რათა ხელი არ შეეშალოთ მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს;
  5. მოსწავლეები უნდა ჩაეტიონ მოცემულ ვადაში;
  6. დავალებისათვის მოსწავლეებს ეძლევათ 15 წუთი.

 

WordSection1">

დავალება 1

ისტორიაში არაერთი ომი მომხდარა. ყველა მათგანს უბედურება მოაქვს, მაგრამ ომები მეტ-ნაკლებად მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სისასტიკითა და შედეგებით.

წარმოიდგინეთ, რომ ფეოდალური ქვეყნის ქალაქს ალყა აქვს შემორტყმული. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დამპყრობელმა მოახერხა ქალაქის აღება. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ და აღწეროთ ქალაქის აღება დამპყრობლის მიერ, მსხვერპლი, მისი მდგომარეობა და დამპყრობლის ქცევა ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ.

დროის გასვლის შემდეგ ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი წაუკითხავს კლასს შესრულებულ დავალებას.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნამუშევრის წარმოდგენისას ყურადღება მიაქციონ, მსხვერპლის რა და რა კატეგორია გამოიკვეთა ნამუშევრებში და რა სახის ზიანი მიაყენეს მას.

მაგალითად: ჯარისკაცები (დახოცეს, დაჭრეს), ტყვეები (აწამეს, შეურაცხყვეს...), მშვიდობიანი მოსახლეობა (დახოცეს, გაძარცვეს, მოუშალეს საცხოვრებელი, მეურნეობა, უდიერად მოექცნენ მათ სარწმუნოებას, შეულახეს ღირსება....)

მოსწავლეთა ნამუშევრებში შეიძლება აისახოს ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ნაწილი. დაფაზე მასწავლებელი წერს მსხვერპლთა კატეგორიების ჩამონათვალს მათთვის მიყენებული ზიანის აღნიშვნით.

გთავაზობთ 6 კითხვას, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაუსვას თითოეულ ჯგუფს იმ შემთხვევაში, თუ კითხვებში მოცემული საკითხები არ აისახა მოსწავლეთა ნამუშევრებში.

1) როგორ ფიქრობთ, განსხვავდებიან თუ არა დამპყრობელი და დაპყრობილი კულტურული დონით?

2) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს განსხვავებას?

3) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავსებას?

4) როგორ ფიქრობთ, დამპყრობელი და დაპყრობილი ერთი და იგივე სარწმუნოების არიან თუ არა?

5) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთმორწმუნეობას?

6) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სარწმუნოებრივ განსხვავებას?

მოსწავლეთა ნამუშევრები შეიძლება ასახავდნენ მხოლოდ ულმობელსა და სასტიკ დამპყრობელს. შესაძლებელია, ზოგიერთ ნამუშევარში გამოიკვეთოს დაპყრობილთა დანდობის ელემენტიც. ქვემოთ მოყვანილი მე-8 კითხვა სწორედ ამ განსხვავებას გულისხმობს და მოითხოვს მოსწავლეთა თითოეული აზრის დასაბუთებას.

თუ პასუხები ერთფეროვანია და მხოლოდ სისასტიკეს ასახავს, მაშინ ადამიანურ დამოკიდებულებაზე საუბარი შედგება მეორე დავალების შესრულების შემდეგ. მასწავლებელმა უნდა მოისმინოს ყველა შესაძლო პასუხი.

დავსვათ კლასის წინაშე კითხვები:

  1. რა არის საერთო თქვენ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში?
  2. არის თუ არა რაიმე განსხვავება თქვენ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში?


შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს სამ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას:

გ) მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.


რესურსები

„ქართლის ცხოვრება” (ადაპტირებული ტექსტი). კონტურული რუკა, ფერადი ფანქრები, საქართველოს ისტორიული ატლასი.


კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საქართველოს ისტორია სავსეა ომებისა და ბრძოლების მაგალითებით. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე მოსწავლეებთან ომისა და მშვიდობის ზოგად საკითხებზე საუბარი. განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საომარ ვითარებაში. მოსწავლეებს ხშირად უწევთ მოსმენა, რომ მტრის შემოსევის წინ მოსახლეობა ტყეში ან მთაში იხიზნებოდა. პირველ რიგში, ხიზნავდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. დღეს ომის ტექნოლოგია წინ წავიდა, ახლა ტყესა და მთაში ვერავინ დაიმალება, ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ომის სხვა კანონები მოქმედებს, სადაც წერია, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა განადგურების გარეშე. ასევე ნორმირებულია სამხედრო ტყვეების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. 

კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.