აქტივობა N 4. სიმულაციური მოგზაურობა რუკაზე

შედეგი

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საზღვრის გავლების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
  • აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებსა და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თაობაზე;
  • მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გავლების სხვადასხვა ვარიანტს საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.

 

რესურსები:

მსოფლიოს ფიზიკური და კავკასიის ფიზიკური რუკები;

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია, მათემატიკა

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ დამოუკიდებლად მუშაობა, გამოკითხვების ჩატარება, ინტერვიუების ჩამორთმევა. მოპოვებული მასალის დამუშავება არაერთ აქტივობას მოიცავს: კლასიფიცირებას, ანალიზს, შეფასებას. თავდაპირველად მათ შეიძლება გაუჭირდეთ ყველა ამ ეტაპის დამოუკიდებლად გადალახვა, მაგრამ მიმართულების მიცემის შემდეგ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ამიტომ ერთი აქტივობით ერთდროულად ორ საქმეს გავაკეთებთ – აღნიშნულ ინტერესსაც დავუკმაყოფილებთ მოსწავლეებს და, გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენის უნარსაც განვუვითარებთ.

 

აქტივობის აღწერა:

ორი მოსწავლე გამოდის რუკასთან. ერთი მოსწავლე აჩვენებს დაბა ლესელიძეს, მეორე – სოფელ სარფს. ამის შემდეგ იწყება “მოგზაურობა”. პირველი მოსწავლე მიუყვება ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს, მეორე – სამხრეთს. “მოგზაურები” ასახელებენ იმ მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს, რომელთაც გაივლიან მოგზაურობის დროს. პირველი მათგანი მთა აგეფსთასთან ამთავრებს მოგზაურობას, შემდეგ სხვა მოსწავლე “აგრძელებს გზას” და ჩრდილოეთ საზღვარს გაუყვება. მოსწავლის შეცვლას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვები ასე უფრო უკეთ იმახსოვრებენ, თვალყურს ადევნებენ, რომ არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები. პარალელურად აღნიშნავენ, მათი გზა (საზღვრები) ბარიერულია თუ კონტაქტური. ბოლოს ორივე “მოგზაური” მიადგება ერთსა და იმავე გეოგრაფიულ ობიექტს – მინგეჩაურის წყალსაცავს.