აქტივობა N 4. რუკაზე მუშაობა

შედეგი

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესები და გამოთქვას სამომავლო ვარაუდები.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, ახლობლებსა და მეზობლებს შორის); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარადგენს კლასის წინაშე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სამხედრო კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და მსჯელობს წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის დარეგულირების შესაძლო გზებზე;
  • მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს და ქმნის მისი პერსპექტიული განვითარების მარტივ მოდელს;
  • აანალიზებს საქართველოს დასახლებათა ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში შიდა და გარე მიგრაციული პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს ორ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებუ-ლების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას.

 

რესურსები:

ტექსტები მოსახლეობის მიგრაციაზე

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის სქემის შედგენა კარგი აქტივობაა ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონის – შეფასების მისაღწევად.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას “ქალაქი” და სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ქალაქის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

 

სქემა

 

მოსწავლეები გამოთქვამენ უამრავ მოსაზრებას, იდეას, რომელთაც მასწავლებელი დაფაზე აფიქსირებს. შემდეგ მოსწავლეები აფასებენ იდეებს და ტოვებენ ქალაქის განმარტების კრიტერიუმებს.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ქალაქების რუკას, ცხრილს – ”საქართველოს ქალაქები”. კლასი იყოფა ჯგუფებად და იწერენ ქალაქებს მხარეების მიხედვით. კლასში მოსწავლეთა და, აქედან გამომდინარე, ჯგუფების რაოდენობის მიხედვით, ნაწილდება მხარეები. თითოეულ ჯგუფს შეიძლება შეხვდეს 2 ან 3 მხარე.

ჯგუფებმა ქალაქები უნდა დააჯგუფონ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და გამოყონ მხარე, რომელიც მეტად არის ურბანიზებული. პრეზენტაციის დროს აჯერებენ საკუთარ მონაცემებს და გამოყოფენ საქართველოს ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად ურბანიზებულ მხარეებს. შემდეგ ჯგუფებმა უნდა იმსჯელონ მოსახლეობის განაწილების კანონზომიერებაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს ქალაქების სიჭარბეს მთათაშორის ბარში, კერძოდ, თბილისში, იმერეთში, აჭარაში.

 

საქართველოს ქალაქები

საქართველოს ქალაქები