აქტივობა N 4. რუკაზე მუშაობა

შედეგი

გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკებისა და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამებისა და სხვ.) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.

 

ინდიკატორები

  • აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამებისა და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
  • ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს;
  • საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობას;
  • საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
  • ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგალითად, ფიზ.გეოგრაფიული, მოსახლეობის, სოფლის-მეურნეობის სპეციალიზაციის რუკების);
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საქართველოს თემატურ რუკებს (სამხარეო, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების, მოსახლეობის სიმჭიდროვის, ძირითადი რელიგიების გავრცელებისა და სხვ.);
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ადგენს სხვადასხვა სირთულის ნახაზებს (გრაფიკს, დიაგრამასა და სხვ.);
  • ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას ექსპედიციის ჩასატარებლად და კლასის წინაშე წარმოადგენს მისი განხორციელების მარტივ გეგმას (მიზანი, მარშრუტი, ვადა, გადაადგილების საშუალება, არჩეული მარშრუტის უპირატესობა სხვებთან შედარებით, წასაღები ნივთების სია და ა.შ.); ადგენს ექსპედიციის ამსახველ სქემატურ გეგმას.

 

შენიშვნა

მოცემული შედეგი გამჭოლია. იგი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობს და განსაკუთრებით კარგად ავითარებს სემიოტიკურ კომპეტენციას.

 

რესურსები:

საქართველოს ფიზიკური რუკა, დაფა და ცარცი, საქართველოს ატლასი, ფურცლები, ფერადი ფანქრები, მაკრატელი, წებო;

ევროპისა და აზიის ფიზიკური ან პოლიტიკური რუკა;

კედლის რუკა – ”საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა”; საქართველოს ფიზიკური რუკა, კავკასიის ფიზიკური და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის რუკები;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია, მათემატიკა

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

რუკის კითხვისა და გამოყენების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის. იგი ხელს უწყობს სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიის შესწავლის პროცესში მოსწავლეებს მოუწევთ განსხვავებული შინაარსისა თუ მასშტაბის რუკების სხვადასხვა მიზნით გამოყენება. მასწავლებელს ხშირად დასჭირდება თემატური რუკების გამოყენება – რაც უფრო უხვადაა მოსწავლის წიგნში თემატური რუკები, მით უფრო მაღალია მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და, შესაბამისად, მაღალი შედეგების მეტი მოლოდინია რამდენიმე მიმართულებით (იგულისხმება უნარ-ჩვევები).

საგაკვეთილო პროცესში თემატურ რუკებზე სისტემატურად უნდა ხდებოდეს მუშაობა, მასწავლებლის დახმარებით.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი გავყოთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დავავალოთ, საქართველოს ატლასიდან ან სახელმძღვანელოში მოთავსებული ფიზიკური რუკიდან ამოიწეროს დასავლეთ საქართველოს მდინარეები, მეორემ კი – აღმოსავლეთ საქართველოსი; ამავე დროს, უნდა გაარკვიონ, რომელი ზღვისა და ოკეანის აუზიის მდინარეეებია ისინი. ასეთი ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ, მასწავლებელი დაფას ყოფს ორ ნაწილად და მოსწავლეები მდინარეების სახელწოდებებს წერენ ზღვათა აუზების მიხედვით: მარჯვნივ – შავი ზღვის აუზის მდინარეებს, მარცხნივ – კასპიის ზღვის აუზის მდინარეებს. ბოლოს გამოაქვთ დასკვნა, რომ დასავლეთ საქართველოს მდინარეები არის ატლანტის ოკეანის აუზის მდინარეები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები არ ეკუთვნის არც ერთი ოკეანის აუზს, რადგან ყველა მათგანი ჩაედინება კასპიის ზღვაში, რომელიც არის ტბა. ამ აქტივობით მოსწავლეები უკეთ იმახსოვრებენ და არ უხდებათ მექანიკურად დაზეპირება.