აქტივობა N 4. ,,მოზაიკა”

შედეგი

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

 

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვ.) განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, აგრობიზნესისა და სხვ.) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს გამოყენებით ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;
  • მსჯელობს საქართველოში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივაზე. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და მაგისტრალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამისი სახეობის განვითარებაზე;
  • სტატისტიკური მასალის საფუძველზე იკვლევს საქართველოს სავაჭრო ბალანსის ტრანსფორმაციას XX-XXI საუკუნეების განმავლობაში და უკავშირებს მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების ეკონომიკურ თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

 

შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი, ტექსტი;
  2. მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

  1. ისტორია;
  2. ქართული ლიტერატურა;
  3. ბიოლოგია;
  4. ფიზიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედევრს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი განხილვა და შესწავლა მოხდება ისტორიასა და ქართულ ლიტერატურასთან კავშირში.

 

აქტივობის აღწერა:

,,მოზაიკა”. კლასი იყოფა ხუთკაციან ჯგუფებად. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა მასალა, რომელიც ერთი მთლიანი ინფორმაციის, ამ შემთხვევაში, მდგრადი განვითარების გარკვეულ ნაწილს შეადგენს და აქვს შესაბამისი რიგითი ნომერი (მაგ., 1, 2, 3, 4, 5). მოსწავლე ინდივიდუალურად დაამუშავებს ამ ტექსტს. მისიამოცანაა, ისე შეისწავლოს იგი, რომ შეძლოს მიღებული ინფორმაცია სხვებსაც გადასცეს. ტექსტი ”მდგრადი განვითარება” გაყავით ხუთ ნაწილად: I ნაწილი – მდგრადი განვითარების ზოგადი განმარტებები; II ნაწილი – მდგრადი განვითარების პრინციპები; III ნაწილი – მდგრადი განვითარების არსი; IV ნაწილი – მდგრადი განვითარების მიზნები ; V ნაწილი – ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარების ეფექტი. ტექსტის განაწილების შემდეგ ხდება ე. წ. „ექსპერტთა ჯგუფების“ ჩამოყალიბება.

მოსწავლეები, რომლებიც ამუშავებენ N1 ინფორმაციას, ერთიანდებიან მაგიდის ირგვლივ, რომლის ნომერია 1; ვინც ამუშავებს N2 ინფორმაციას, იკრიბება მეორე მაგიდასთან და ა. შ. აქედან გამომდინარე, თითოეული მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდებიან ერთი და იმავე ინფორმაციის მქონე მოსწავლეები ყველა ჯგუფიდან, რომლებიც შემდეგ გახდებიან ე. წ. ”ინფორმაციის ექსპერტები“. ისინი ერთად კითხულობენ და კიდევ ერთხელ სწავლობენ საერთო მასალას, ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომლებიც მითითებულია ტექსტში, ამავდროულად, ეძებენ ამ მასალის სხვებისთვის გადაცემის საუკეთესო და ეფექტურ გზებსა და მეთოდებს. მაგალითად, წერენ გეგმას, ხაზავენსქემებს და სხვ. ტექსტის კიდევ ერთხელ გაანალიზებისა და დავალებების შესრულების შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ძირითად ჯგუფებში და რიგითობის დაცვით (ჯერ ყვება I ნომერი, შემდეგ II და ა. შ.) თავიანთ მასალას ერთმანეთს წარუდგენენ. ჯგუფის მიზანია მისმა ყველა წევრმა სრულყოფილად აითვისოს თითოეული წევრის – „ექსპერტის“– მიერ დამუშავებული მასალა, გამოყოს მათგან საქართველოსთვის აქტუალური თემები და იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც ეკონომიკა და საზოგადოება განიცდის გარემოს ზეგავლენას, ასევე საზოგადოება, თავისი საქმიანობით, ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

 

სქემა

 

 

ბარათი 1 – მდგრადი განვითარების ზოგადი განმარტებები:

1) საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგანმაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

2) მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს.მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

3) ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზითა და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებენ.

 

ბარათი 2- მდგრადი განვითარების პრინციპები

მდგრადი განვითარების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:

1) მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული ბუნებრივი რესურსები გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიუყენებლად;

2) ცოცხალი რესურსებით საგებლობისას არ მიადგეს ზიანი ბიომრავალფეროვნებას და დასახული

იქნეს მისი აღწარმოებისა და გამრავალფეროვნების გზები;

3) მოიცავდეს რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო რისკები;

4) არსებული რესურსების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

5) ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ მთავარი პრიორიტებების გამოყოფა და სრულყოფა;

6) ტრადიციული ენერგორესურსების ენერგოგანახლებადი რესურსებით ჩანაცვლება შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების გზით. მდგრადი განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალად სწორედ განახლებადი ენერგეტიკა უნდა იქნეს მიჩნეული;

7) ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და გამოყენების ჰარმონიზაცია.

 

ბარათი 3 - მდგრადი განვითარების არსი.

რესურსების გონივრული გამოყენება, რომლის დროსაც, ადამიანის დღევანდელი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, გათვალისწინებულია ისეთი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, რომ მომავალ თაობებსაც, იმავე საჭიროებების შემთხვევაში, შეეძლოთ მათი დაკმაყოფილება.

აღნიშნული განმარტება ბრუნდტლანდის კომისიის (Brundtland Commission) მიერ გამოიყენებოდა და ტერმინ “მდგრადი განვითარების” ყველაზე ხშირად ციტირებული განსაზღვრება გახდა: “აკმაყოფილებს დღევანდელობის საჭიროებებს, მომავალი თაობების უნარიანობის კომპრომისის გარეშე, რათა დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები”.მდგრადი განვითარება მოიცავს ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუქტიულობაზე ზრუნვას, კაცობრიობის სოციალურ გამოწვევასთან ერთად. 1970-იან წლებში ტერმინი ”მდგრადობა” გამოიყენებოდა იმისათვის, რომ აღეწერათ ეკონომიკა ”ძირითადი ეკოლოგიური უზრუნველყოფის სისტემებთან თანაფარდობაში”. ეკოლოგები მიუთითებდნენ სახელმძღვანელოს – “The Limits To Growth” და წარმოადგენდნენ ”მყარი მდგომარეობის ეკონომიკის” ალტერნატივას, რათა ყურადღება მიექციათ გარემოზე ზრუნვისათვის. მდგრადი განვითარების სფერო კონცეპტუალურად შეიძლება დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკონომიკური მდგრადობა დასოციოპოლიტიკური მდგრადობა.

 

ბარათი 4 – მდგრადი განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარების მიზნები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

1) ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, რადგან ამგვარი გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი სტიმულია ადამიანებისთვის ბუნების დასაცავად;

2) ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება;

3) მდგრადი განვითარება მოიცავს ამ ბუნებრივი რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას;

4) მართვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები;

5) დღევანდელობის მოთხოვნილებები ისე უნდა დაკმაყოფილდეს, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს;

 

სეგრეგაცია – დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა; ნიშნავს კანონის ან წეს-ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევებას. ევროპაში არსებობდა სეგრეგაციის ოფიციალური ფორმები; მაგალითად, ოდესღაც ებრაელები გეტოებში იყვნენ იზოლირებულნი. ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბევრ ბოშას მტრული მოპყრობით ან ეკონომიკური სეგრეგაციით აიძულებენ, ცალკე თემებად იცხოვრონ.

 

ბარათი 5 – ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარების ეფექტი

ახლო მომავალში, ტრანსპორტის საწვავად წყალბადის გამოყენება შესაძლებელია იქცეს დიდი ქალაქების უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემის – გარემოს, პირველ რიგში კი საჰაერო აუზის, დაბინძურების – გადაწყვეტის გზად. საკმაოდ იაფი წყალბადის საწარმოებლად, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავად, აუცილებელია იაფი ელექტროენერგიის წყარო. ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი მზის სხივების ენერგია დედამიწის ზედაპირზე 1 კვტ/კვ. მ. სიმკვრივით აღწევს. გარდა იმისა, რომ ეს არის დედამიწაზე სიცოცხლის წყარო, წყლისა და ქარის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გარდაქმნით არის წარმოქმნილი. აღნიშნული ენერგიის აკუმულირებასა და ფართომასშტაბიან გამოყენებას ელექტროენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის სახით მთლიანად შეუძლია კაცობრიობის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. წყალბადის წარმოება შესაძლებელია წყლის თერმული დაშლის გზით, რისთვისაც სითბოს წყაროდ მზის ენერგია შეიძლება იქნეს გამოყენებული. სითბოს მიღება სარკეებისა და კონცენტრატების დახმარებით გაცილებით უფრო იაფი და ეფექტურია, ვიდრე ელექტროენერგიის მიღება ნახევარგამტარული გარდამქმნელების საშუალებით. წყლის თერმოქიმიური დაშლა და ამ გზით წყალბადის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით საბოლოოდ ბევრად უფრო ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს.