აქტივობა N 3. პრეზენტაცია

შედეგი

გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

 

ინდიკატორები

  • აგროვებს მონაცემებს თავისი დასახლებული პუნქტის შესახებ, ადარებს სასოფლო და საქალაქო დასახლებების ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვ.); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
  • ეცნობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა დასახლებაში ხალხის რაოდენობასა და ფუნქციებს;
  • ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვ.) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვ.).შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვ.);
  • ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რომელთა საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი; ტექსტები: ურბანიზაცია და “ქალაქური პრობლემები”; რუკა – ”მსოფლიოს ქვეყები ურბანიზაციის დონის მიხედვით”.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის – უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობებისა და საფრთხის დადგენა და მათი ანალიზის საფუძველზე ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის ცდა.

SWOT ანალიზის სქემის შევსება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ერთი თემის ფარგლებში მოახდინოს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების დონეების აქტივაცია. უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობისა და საფრთხის დადგენისას ხდება ანალიზის აქტივაცია. ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის პროცესში ხდება სინთეზისა და შეფასების დონის მიღწევა.

 

აქტივობის აღწერა:

ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს, აკეთებენ დასკვნებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ყველა ერთად ადგენს საერთო SWOT ანალიზის სქემას და აყალიბებენ საერთო მოსაზრებას, როგორ უნდა გადააქციონ ნაკლი უპირატესობად და საფრთხე – შესაძლებლობად.

 

ტექსტები:

ურბანიზაცია

ურბანიზაცია ეწოდება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების რთულ შერწყმას, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. უ-ის პროცესისათვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად ითვლება სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის იმ წილისა, რომელიც ცხოვრობს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში. უ-ისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქად, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რაც ხასიათდება ანონიმურობითა და ფორმალური კავშირ-ურთიერთობებით, შრომის რთული საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდით, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანით სოფლად.

ქალაქი – მსხვილი დასახლებელი პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შემდეგი ნიშნების მიხედვით განისაზღვრება: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და კომპაქტური განაშენიანება. ქალაქი წარმოიქმნა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილებისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყო სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციამ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებების შექმნა.

პირველი ქალაქები, როგორც ადმინისტრაციული, რელიგიური, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში წარმოიშვა. ქალაქების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე. ისინი იქცნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ორგანიზაციულ, კულტურულ, სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარებისცენტრებად, ხელი შეუწყვეს ხელოსნობისა და ვაჭრობის (მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობის) განვითარებას. ქალაქებში ჩაისახა სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. ქალაქის ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული ტექნიკის პროგრესი.

 

,,ქალაქური პრობლემები”

ქალაქში უამრავი პრობლემაა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად მატულობს. დიდი ქალაქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის სისუფთავისა და ჯანსაღი კლიმატის, ტრანსპორტის განვითარებისა და სატრანსპორტო ნაკადების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების ანუ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნის, ასევე კულტურული ფასეულობების მაქსიმალური შენარჩუნების პრობლემები.

ქალაქებში კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდებარე ტერიტორიების კლიმატური თავისებურებებისაგან: ქალაქში მაღალია ჰაერის ტემპერატურა, განსხვავებულია ატმოსფეროს შემადგენლობა (მაღალია ნახშირორჟანგისა და მტვრის შემცველობა), იცის ხანგრძლივი და მკვრივი ნისლი. დიდი ქალაქები უდიდეს გავლენას ახდენს ადგილობრივ კლიმატზე. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური დათბობის პროცესში.

ქალაქების ზრდა მოითხოვს სოციალური, სატრანპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების ადეკვატურ განვითარებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

დიდი ქალაქებითვის დამახასიათებელია ე. წ. “ახალი რისკები”, რომელთა შორის გამოირჩევა სოციალური კონფლიქტები. სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის ადამიანების თავმოყრის ადგილებში ხშირია დაპირისპირება.

დიდ ქალაქებში ადმინისტრაციული, საქმიანი და ფინანსური ორგანიზაციები ძირითადად მის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. მიწის სიძვირე მათ აიძულებს, ააშენონ მაღალსართულიანი ოფისები, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის.