აქტივობა N 3. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საზღვრის გავლების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
  • აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებსა და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თაობაზე;
  • მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გავლების სხვადასხვა ვარიანტს საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.

 

რესურსები:

მსოფლიოს ფიზიკური და კავკასიის ფიზიკური რუკები;

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია, მათემატიკა

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ დამოუკიდებლად მუშაობა, გამოკითხვების ჩატარება, ინტერვიუების ჩამორთმევა. მოპოვებული მასალის დამუშავება არაერთ აქტივობას მოიცავს: კლასიფიცირებას, ანალიზს, შეფასებას. თავდაპირველად მათ შეიძლება გაუჭირდეთ ყველა ამ ეტაპის დამოუკიდებლად გადალახვა, მაგრამ მიმართულების მიცემის შემდეგ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ამიტომ ერთი აქტივობით ერთდროულად ორ საქმეს გავაკეთებთ – აღნიშნულ ინტერესსაც დავუკმაყოფილებთ მოსწავლეებს და, გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენის უნარსაც განვუვითარებთ.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად. პირველ ჯგუფს ეძლევა ძვ.წ. VI-II საუკუნეების საქართველოს რუკა და ამ პერიოდში ქვეყნის ფართობის დიაგრამა;

მე- 2 ჯგუფს – I-X საუკუნეების მონაცემები:

მე-3 ჯგუფს – XII-XVIII საუკუნეების მონაცემები;

მე-4 ჯგუფს – XIX-XXI საუკუნეების მონაცემები.

თითოეული ჯგუფი ადგენს, როგორ იცვლებოდა საქართველოს საზღვრები და მსჯელობს ცვლილების მიზეზებზე. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, დღეს რომელი სახელმწიფოს კუთვნილებაა დაკარგული ტერიტორიები; კონტურულ რუკებზე აღნიშნოს სხვადასხვა ეპოქის საზღვრები. პრეზენტაციის დროს ადგენენ დიაგრამას საქართველოს ტერიტორიის ფართობის მიხედვით.ჯგუფის ერთი წარმომადგენელი აკეთებს პრეზენტაციას, მეორე აგებს შესაბამის დიაგრამას ფლირჩატზე, სადაც წინასწარ არის დახაზული კოორდინატთა სიბრტყე.