აქტივობა N 2. ტექსტზე მუშაობა, T სქემის შედგენა და კონტურული რუკის შევსება

შედეგი

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესები და გამოთქვას სამომავლო ვარაუდები.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, ახლობლებსა და მეზობლებს შორის); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარადგენს კლასის წინაშე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სამხედრო კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და მსჯელობს წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის დარეგულირების შესაძლო გზებზე;
  • მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს და ქმნის მისი პერსპექტიული განვითარების მარტივ მოდელს;
  • აანალიზებს საქართველოს დასახლებათა ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში შიდა და გარე მიგრაციული პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს ორ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებუ-ლების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას.

 

რესურსები:

ტექსტები მოსახლეობის მიგრაციაზე

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის სქემის შედგენა კარგი აქტივობაა ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონის – შეფასების მისაღწევად.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად (4–5 ჯგუფი). მასწავლებელი თითოეულ მათგანს ურიგებს წყაროსა და საქართველოს კონტურულ რუკებს. მათ უნდა დაადგინონ ეთნიკური უმცირესობების გადმოსახლების მიზეზები და კონტურულ რუკაზე აღნიშნონ მათი კომპაქტურად დასახლების ადგილები.

I ჯგუფი: საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას.

ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), “მან მოიყვანა ელინი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ”. იმავე შაჰ-აბასმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ათეულ ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველთა ჩამოსახლების შემთხვევები. მოსულთა ნაწილი ითქვიფებოდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში და განიცდიდა ასიმილაციას, ნაწილი კი ინარჩუნებდა თავის ეროვნებას. აზერბაიჯანელები ისლამის მიმდევრები არიან.

II ჯგუფი: როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოში სომხების დასახლება ძირითადად XVI საუკუნიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როცა მტრისაგან შევიწროებული სომხობა სამშობლოს ტოვებდა და უცხო ქვეყნებს აფარებდა თავს. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: “საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, – საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, – და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ... სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში”. სომხები გრიგორიანელები არიან.

III ჯგუფი: ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ამ მეფემ დაანგრია და გაანადგურა იერუსალიმი და სწორედ მის მიერ დევნილი ებრაელები მოვიდნენ ქართლში. იერუსალიმის დაცემა მოხდა ძვ.წ. 586 წელს. ეს ის დროა, როდესაც ებრაელი დევნილები შემოვიდნენ ქართლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმიგრანტებმა თხოვნით მიმართეს მცხეთის გამგებელს, მიეცა მათთვის დასახლების უფლება, რისთვისაც შესაბამის თანხას გადაიხდიდნენ. მცხეთის გამგებელმა გაუწოდა დახმარების ხელი ამ უმწეო ლტოლვილებს და “გამოჰყო მათთვის მდინარე არაგვის სანაპიროს ნაწილი, რომელსაც ერქვა ზანავი და გახდა მათი მიწა”. მოგვიანებით ეს ებრაელები ამ ადგილიდან სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში გადავიდნენ, რომლებიც სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. “მოქცევაÁ ქართლისაÁ” ებრაელთა ამ დასახლებას მცხეთაში ათარიღებს ძვ.წ. 169 წლით. ებრაელები იუდაიზმის მიმდევრები არიან.

IV ჯგუფი: XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში აღმოცენდა სექტანტური მოძრაობა, ე.წ. “სეპარატიზმი”. ხელისუფლების დევნამ სექტანტები აიძულა, ამერიკასა და რუსეთში გადასახლებულიყვნენ. აღნიშნული მოძრაობა უფრო მეტად შესამჩნევი გახდა ვიურტემბერგში, ბავარიასა და შვეიცარიაში, რასაც ხელი შეუწყო იმ დროს ცნობილი მქადაგებლების – ბენგელისა და შტილინგის – გავლენამ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულის მოახლოებას და არწმუნებდნენ “სეპარატისტებს”, თავის გადარჩენა სამშობლოს გარეთ, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს ეძებნათ. შეშინებულმა სექტანტებმა კავკასიაში საგანგებო მისიით გამოგზავნეს მზვერავები– ადგილის დასათვალიერებლად და კოლონიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესარჩევად. რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა გერმანელების ჩამოსახლებას მათთვის სასურველ ადგილზე.

ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, გერმანელთა კოლონიზაციას ცარიზმი ხელს უწყობდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით. ეკონომიკური პოზიცია იგივე იყო, რაც რუსეთის იმპერიის სხვა კუთხეების კოლონიზაციისა: დაუსახლებელი ადგილების ათვისება და ეკონომიკის გამოცოცხლება.

V ჯგუფი: ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებს ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილოურ შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანია.
XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილოეთ საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიაზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

შესაძლებელია მიგრაციის გამომწვევი მიზეზების დადგენისას მოვიყვანოთ სხვა წყაროები, სადაც განხილული იქნება ეკოლოგიური და ბუნებრივი პირობები, ომები.