აქტივობა N 2. მინი-ლექცია

შედეგი

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

 

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვ.) განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, აგრობიზნესისა და სხვ.) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს გამოყენებით ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;
  • მსჯელობს საქართველოში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივაზე. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და მაგისტრალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამისი სახეობის განვითარებაზე;
  • სტატისტიკური მასალის საფუძველზე იკვლევს საქართველოს სავაჭრო ბალანსის ტრანსფორმაციას XX-XXI საუკუნეების განმავლობაში და უკავშირებს მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების ეკონომიკურ თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

 

შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი, ტექსტი;
  2. მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

  1. ისტორია;
  2. ქართული ლიტერატურა;
  3. ბიოლოგია;
  4. ფიზიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედევრს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი განხილვა და შესწავლა მოხდება ისტორიასა და ქართულ ლიტერატურასთან კავშირში.

 

აქტივობის აღწერა:

სამედიცინო გეოგრაფია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა სივრცობრივ გავრცელებას, გავრცელების მიზეზებსა და გეოგრაფიული გარემოს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო გეოგრაფია ვითარდება გეოგრაფიის, სამედიცინო და ბიოლოგიურმეცნიერებათა კვალად, მჭიდროდ უკავშირდება ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ჰიგიენას, ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას.

სამედიცინო გეოგრაფიის ცნება დაკავშირებულია იტალიელი მეცნიერის ბერნარდინო რამაცინის სახელთან (XVII ს.). სამედიცინო გეოგრაფია, როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბებას იწყებს XIX ს-ის მეორე ნახევარში. ის შეისწავლის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინოგეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების საზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო-გეოგრაფიული დარაიონება); შეიმუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგენის პრინციპებსა და მეთოდებს.

სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის – „ადამიანი და ბიოსფერო“– შესწავლაში. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიისათვის წინასწარ განვსაზღვროთ გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ადამიანის ორგანიზმზეზემოქმედების ხასიათი და შედეგები.

სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ორგანიზაციას ახორციელებს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამედიცინო-გეოგრაფიული კომისია. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა წარმოებს მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტში, შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიის ინსტიტუტში (ირკუტსკი) და სხვ. სამედიცინო-გეოგრაფიული გამოკვლევები ტარდებოდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტშიც.

საქართველოში სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის პირველი მცდელობებს ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ჰქონდა ადგილი (კარაბადინები). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩაატარა მ. ტოროპოვმა (1864 წ.). 1962 წელს თბილისში, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული მიმართულების სამუშაოებს.

 

მწვავე ინფექციური დაავადების – A ჰეპატიტის გლობალური გავრცელების რუკა (2005)

 

A ჰეპატიტის გლობალური გავრცელების რუკა