აქტივობა N 2. მინი-ლექცია

შედეგი

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

 

ინდიკატორები

  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს;
  • ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით ადარებს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს; მსჯელობს ამ კლასიფიკაციის თავისებურებაზე; ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს;
  • მსჯელობს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი, ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკა;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე _ გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

აქტივობის აღწერა:

ადამიანის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი განვითარების ინდიკატორს წარმოადგენს. ის მოიცავს ამ განვითარების ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განმსაზღვრელ სტანდარტულ საშუალებად. ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა, განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რაც, ამავდროულად, განსაზღვრავს ამ ქვეყნის ადგილს განვითარებულ ან განვითარებად ქვეყანებს შორის. ზოგადად, “ჰუმანური განვითარება” – ესაა კონცეფცია, რომელიც “გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის” (UNDP) მიხედვით ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვასა და ა. შ.

ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა – მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ “გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ ”ადამიანური განვითარების ანგარიშში” ამ ინდექსს იყენებს.

ადამიანის განვითარების ინდექსი სამი კრიტერიუმისგან შედგება და გვიჩვენებს, ამ კრიტერიუმების მიხედვით განვითარების რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ინდექსი იცვლება 0-დან 1-მდე.