აქტივობა N 2. დისკუსია

შედეგი

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საზღვრის გავლების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
  • აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებსა და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თაობაზე;
  • მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გავლების სხვადასხვა ვარიანტს საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.

 

რესურსები:

მსოფლიოს ფიზიკური და კავკასიის ფიზიკური რუკები;

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია, მათემატიკა

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ დამოუკიდებლად მუშაობა, გამოკითხვების ჩატარება, ინტერვიუების ჩამორთმევა. მოპოვებული მასალის დამუშავება არაერთ აქტივობას მოიცავს: კლასიფიცირებას, ანალიზს, შეფასებას. თავდაპირველად მათ შეიძლება გაუჭირდეთ ყველა ამ ეტაპის დამოუკიდებლად გადალახვა, მაგრამ მიმართულების მიცემის შემდეგ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ამიტომ ერთი აქტივობით ერთდროულად ორ საქმეს გავაკეთებთ – აღნიშნულ ინტერესსაც დავუკმაყოფილებთ მოსწავლეებს და, გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენის უნარსაც განვუვითარებთ.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა სამ ნაწილად: “ევროპის” მომხრეებად, ,,აზიის” მომხრეებად და ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარეობის მომხრეებად. მეოთხე ჯგუფი შეასრულებს ,,ექსპერტ-მონიტორის” როლს; ამ ჯგუფის წევრები შეაფასებენ და გამოიტანენ დასკვნას, თუ სად მდებარეობს კავკასია, და, კერძოდ, საქართველო.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს დისკუსია (დებატები). გამომსვლელებმა, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, უნდა განიხილონ და არგუმენტებად გამოიყენონ მისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარება. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, სად ექნება უკეთესი პერსპექტივა საქართველოს განვითარებისათვის.

გეოპოლიტიკა მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების ჩამოყალიბებაზე. გეოპოლიტიკის, როგორც საგარეო პოლიტიკური პრაქტიკის, მთავარი მიზანია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის თავისი სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოყენება, ე.ი.გეოპოლიტიკის მთავარი მიზანი – ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გეოსტრატეგიის შემუშავება. გეოპოლიტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალურ-პოლიტიკურ, სამხედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის სიძლიერის განმსაზღვრელ სხვა ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლასა დაშეფასებას. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ქვეყნის წარსულს, მეზობელ ქვეყნებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას, მოსაზღვრე ქვეყნებსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას.