აქტივობა N 2. “მოზაიკა” (ჯიგსოუს ტექნიკა), SWOT ანალიზი და სქემაზე მუშაობა

შედეგი

გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

 

ინდიკატორები

  • აგროვებს მონაცემებს თავისი დასახლებული პუნქტის შესახებ, ადარებს სასოფლო და საქალაქო დასახლებების ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვ.); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
  • ეცნობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა დასახლებაში ხალხის რაოდენობასა და ფუნქციებს;
  • ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვ.) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვ.).შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვ.);
  • ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რომელთა საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი; ტექსტები: ურბანიზაცია და “ქალაქური პრობლემები”; რუკა – ”მსოფლიოს ქვეყები ურბანიზაციის დონის მიხედვით”.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის – უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობებისა და საფრთხის დადგენა და მათი ანალიზის საფუძველზე ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის ცდა.

SWOT ანალიზის სქემის შევსება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ერთი თემის ფარგლებში მოახდინოს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების დონეების აქტივაცია. უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობისა და საფრთხის დადგენისას ხდება ანალიზის აქტივაცია. ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის პროცესში ხდება სინთეზისა და შეფასების დონის მიღწევა.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ტექსტის – ”ურბანიზაცია”– ნაწილები და “ქალაქური პრობლემები”. ჯგუფები მუშაობენ შემდეგ თემებზე:

I ჯგუფი – შესავალი, რა არის ქალაქი;

II ჯგუფი – მომსახურების ინდუსტრია და მსოფლიო მნიშვნელობის
ქალაქები;

III ჯგუფი – ბუნებრივი გაფართოება;

IV ჯგუფი – ”დემოგრაფიული აფეთქება” და მომავალი;

V ჯგუფი – ქალაქური პრობლემები.

ჯგუფები ამუშავებენ ტექსტს. შემდეგ იქმნება ახალი ჯგუფები ხუთივე ჯგუფის თითო წევრისგან. ერთ მაგიდასთან თავმოყრილი “ექსპერტები” ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომელიც წინა ჯგუფში მუშაობისას დაამუშავეს. თანმიმდევრობით წარადგენენ ახალ ჯგუფებში თავის მოპოვებულ მასალას (ჯერ საუბრობს I ჯგუფის “ექსპერტი”, შემდეგ – II და ა.შ.).

ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს ექნება სრული ინფორმაცია ურბანიზაციის შესახებ. “ექსპერტთა” ჯგუფებს ეძლევა დავალებები:

1) დაადგინონ მსოფლიოს ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნები;

2) ჩამოთვალონ ამ ქვეყნებში ურბანიზაციის ასეთი მაჩვენებლების არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

 

ურბანიზაციის დონეთა რუკა

ურბანიზაციის დონეთა რუკა

შემდეგ მათ უნდა გააკეთონ SWOT ანალიზი.

მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ ურბანიზაციის უპირატესობები და ნაკლოვანებები. განსაზღვრონ ის შესაძლებლობები და საფრთხე, რომელიც ურბანიზაციის პროცესს უკავშირდება. მათ უნდა შეავსონ შჭOთ ანალიზის სქემა ფორმატზე.

 ძლიერი მხარე

სუსტი მხარე

 საფრთხე

შესაძლებლობა

შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება, როგორ გადააქციონ ნაკლი უპირატესობად და საფრთხე კი _ შესაძლებლობად.