აქტივობა N 1. სოციოლოგიური გამოკითხვა და ანალიზი

შედეგი

გეო.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საზღვრის გავლების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;
  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;
  • აფასებს საქართველოს მდებარეობას, ბუნებრივ პირობებსა და სტრატეგიულ რესურსებს (მინერელური რესურსები); გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თაობაზე;
  • მოიძიებს ევროპა-აზიის საზღვრის გავლების სხვადასხვა ვარიანტს საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში. ასაბუთებს მისთვის მისაღები ვარიანტის მართებულობას და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე.

 

რესურსები:

მსოფლიოს ფიზიკური და კავკასიის ფიზიკური რუკები;

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია, მათემატიკა

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ დამოუკიდებლად მუშაობა, გამოკითხვების ჩატარება, ინტერვიუების ჩამორთმევა. მოპოვებული მასალის დამუშავება არაერთ აქტივობას მოიცავს: კლასიფიცირებას, ანალიზს, შეფასებას. თავდაპირველად მათ შეიძლება გაუჭირდეთ ყველა ამ ეტაპის დამოუკიდებლად გადალახვა, მაგრამ მიმართულების მიცემის შემდეგ ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ამიტომ ერთი აქტივობით ერთდროულად ორ საქმეს გავაკეთებთ – აღნიშნულ ინტერესსაც დავუკმაყოფილებთ მოსწავლეებს და, გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენის უნარსაც განვუვითარებთ.

 

აქტივობის აღწერა:

გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეები (ჯგუფურად) ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვას. მათ აინტერესებთ, სად მდებარეობს საქართველო – ევროპასა თუ აზიაში.

ისინი რესპონდენტებისგან ითხოვენ დასაბუთებულ პასუხს.

გაკვეთილზე ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ინფორმაციას. შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს ევროპა-აზიას შორის საზღვრის გავლების 6 ცნობილ ვარიანტს, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული. ჯგუფებმა უნდა განიხილონ და დაადგინონ, რომელი ვარიანტით სად ხვდება საქართველო. დაფაზე ივსება საერთო ცხრილი, სადაც დაფიქსირებული იქნება გამოკითხვის შედეგებიც. თითოეული ჯგუფი ასაბუთებს საკუთარ პოზიციას, არგუმენტებად მოჰყავს გამოკითხვის შედეგები.

ევროპა

აზია

საზღვარზე

 

 

 

 

 

 

მასწავლებელი ჯგუფებს სთავაზობს დისკუსიის გამართვას.