აქტივობა N 1. როლური თამაში (ვიქტორინა)

შედეგი

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

 

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვ.) განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, აგრობიზნესისა და სხვ.) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს გამოყენებით ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;
  • მსჯელობს საქართველოში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივაზე. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და მაგისტრალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამისი სახეობის განვითარებაზე;
  • სტატისტიკური მასალის საფუძველზე იკვლევს საქართველოს სავაჭრო ბალანსის ტრანსფორმაციას XX-XXI საუკუნეების განმავლობაში და უკავშირებს მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების ეკონომიკურ თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

 

შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი, ტექსტი;
  2. მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

  1. ისტორია;
  2. ქართული ლიტერატურა;
  3. ბიოლოგია;
  4. ფიზიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედევრს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი განხილვა და შესწავლა მოხდება ისტორიასა და ქართულ ლიტერატურასთან კავშირში.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ურიგებს ბარათებს მოსწავლეებს ჯგუფებში. თითოეულ ბარათზე წერია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის სახელი: კახეთი, თუშეთი, აჭარა, იმერეთი, გურია, ქართლი, რაჭა, ხევი, სვანეთი....მათ ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-დან უნდა ამოიწერონ ინფორმაცია საკუთარი მხარის შესახებ, ამ მხარეში მდებარე ქედები, ჰიდროგრაფიული ქსელი, დასახლებული პუნქტები, მხარისთვის დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა, მოსახლეობის საქმიანობის სფეროები და სხვ. ჯგუფებმა არ უნდა იცოდნენ ერთმანეთის დავალება. დავალების შესასრულებლად უნდა მიეცეთ ვადა ერთი კვირიდან 10 დღემდე.

გაკვეთილზე ჩატარდება ვიქტორინა. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ წევრს, რომელიც შევა ექსპერტთა ჯგუფში. ჯგუფი დავალებას ისე წარადგენს, რომ მხარის დასახელება ტექსტიდან ამოღებული იქნება. დანარჩენი ჯგუფები ცდილობენ გამოიცნონ, რომელ მხარეს ახასიათებს ასე ვახუშტი. ტექსტს ანაწევრებენ – ჯერ კითხულობენ გეოგრაფიულ მდებარეობას, თუ ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გამოიცნო, შემდეგ გადადიან მეორე ნაწილზე და ა. შ. ექსპერტთა ჯგუფი აკეთებს შეფასებას. ისინი აფიქსირებენ ჯგუფების სწორ პასუხებს ეტაპების მიხედვით, ანუ რომელმა ჯგუფმა რა ეტაპზე გამოიცნო ესა თუ ის მხარე.

”...ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად – საქართველო, მეორედ –ივერია, მესამედ – გეორგია. ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო, რომელსა წილად ხვდა ქვეყანა ესე და, სადა აშენა, უწოდა სახელითა თვისითა ქართლი და მის გამო მორჩილთა ანუ წილხდომილთა მისთა ეწოდა საქართველო... ევროპელნი და ბერძენნი უხმობენ ჯორჯიანსა, და რუსნი გრუზსა და მოჰმადიანნი დურჯსა მათითა ორფოღრაფიის გამო, არამედ იგივე გიორგიავე არს.

...და მდებარეობს კასპიისა და პონტოს ზღვას შორის. გარნა არს ქვეყანა შვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა...

კვალად ჰყოფენ აბრეშუმსა, კვალად ბანბას სთესენ, ხოლო ხილნი წალკოტთა მრავალნი,... სავარდეთა ყვავილნი მრავალნი,...არამედ პირუტყვიცა მრავალნი...

...ხოლო არს მთანი და ტყენი აურაცხელითა ყვავილითა, მწვანითა და სურნელითა აღსავსე, ხენი სხვადასხვა ხითა შვენიერითა ჭალათა და მთათა შინა. კვალად არიან მთანი დიდროვანნი, რამეთუ ჩრდილოთ უძეს კავკასი შავი ზღვიდამ – ვიდრე კასპიამდე...ხოლო დიან მთისა მისგან მდინარენი იმიერ და ამიერ მრავალნი და შორის მთისა ამის სცხოვრობენ კაცნი...

ხოლო კაცნი ამის ქვეყნისა არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი...ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თვალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვიათ შავგვრემან და მოყვითან, იშვიათ თვალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშვებული და დაწნული, ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკვეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი... სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყვარენი...”

ეს არის შემოკლებული ტექსტის მაგალითი, რომლის მიხედვითაც ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ, რომ აქ ვახუშტი ზოგადად საქართველოს ახასიათებს.

მას შემდეგ, რაც ვიქტორინა დამთავრდება, თითოეული ჯგუფი მოაწყობს პრეზენტაციას და წარმოადგენს საკუთარი მხარის ვახუშტისეულ აღწერას. შესაძლებელია სლაიდშოუების წარმოდგენაც.