აქტივობა N 1. გონებრივი იერიში

შედეგი

გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

 

ინდიკატორები

  • აგროვებს მონაცემებს თავისი დასახლებული პუნქტის შესახებ, ადარებს სასოფლო და საქალაქო დასახლებების ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • აგროვებს ინფორმაციას (ლიტერატურა, ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია, კონურბაცია და სხვ.); მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
  • ეცნობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა დასახლებაში ხალხის რაოდენობასა და ფუნქციებს;
  • ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას (გეგმა, რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვ.) კონტინენტების უდიდეს ქალაქებზე და ადარებს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (დაგეგმარება, ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვ.).შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და სხვ.);
  • ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რომელთა საშუალებითაც აჯგუფებს საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ ცვლილებებს; შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი; ტექსტები: ურბანიზაცია და “ქალაქური პრობლემები”; რუკა – ”მსოფლიოს ქვეყები ურბანიზაციის დონის მიხედვით”.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის – უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობებისა და საფრთხის დადგენა და მათი ანალიზის საფუძველზე ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის ცდა.

SWOT ანალიზის სქემის შევსება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ერთი თემის ფარგლებში მოახდინოს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების დონეების აქტივაცია. უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, შესაძლებლობისა და საფრთხის დადგენისას ხდება ანალიზის აქტივაცია. ნაკლის უპირატესობად და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევის პროცესში ხდება სინთეზისა და შეფასების დონის მიღწევა.

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვთხოვთ, გაიხსენონ მსოფლიოს ისტორიული ქალაქები და მათი წარმოშობის წინაპირობები; გაიხსენონ, რომელი მათგანი არსებობს დღესაც და რომელი – არა; პასუხები იწერება დაფაზე.

შემდეგ იმართება მცირე დისკუსია: რატომ არის, რომ ბრიტანული ქალაქი (მოსახლეობის რაოდენობით) უფრო პატარაა, ვიდრე ინდური სოფელი (განვიხილავთ საქართველოს მაგალითსაც). მოსწავლეთა მიერ დასახელებული ქალაქის განსაზღვრის კრიტერიუმები იწერება დაფაზე. ხდება ქალაქის ცნების დეფინიცია, მნიშვნელობის განსაზღვრა.