აქტივობა. მოვუსმინოთ და გავიაზროთ

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სმენის უნარების, აგრეთვე კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას. იგი დაეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ მოსმენილი ინფორმაციის სათანადოდ აღქმის, დახარისხებისა და კატეგორიზაციის უნარები მარტივი ცხრილის შევსების გზით, რომელშიც მოსმენილი ინფორმაცია ორ სვეტში იქნება ორგანიზებული. ამგვარი ორგანიზება მოსწავლეებს დაეხმარება მოსმენილი ინფორმაციის გააზრებაში, 
დახარისხება-კატეგორიზაციასა და შეჯამებაში. აქტივობა ტარდება ორ ეტაპად. იგი კომპლექსური სახისაა და ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

აქტივობა წარმოდგენილია ორი (ა, ბ) ვარიანტის სახით. მეორე (ბ) ვარიანტი პირველის გართულებულ სახესხვაობას წარმოადგენს.

აქტივობის მიზანი:

  • ზეპირად მოსმენილი ინფორმაციის აღქმისა და გააზრების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სმენის უნარის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების, კატეგორიზაციის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური (I ეტაპი), წყვილური (II ეტაპი).

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეულები, საწერი კალმები, ნაბეჭდი ფურცლები (საჭირო რაოდენობით).

აქტივობის აღწერა:

I ეტაპი _ მოსმენამდე:

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს წინასწარ მომზადებულ ფურცლებს, რომლებზედაც გამოსახულია მარტივი ორსვეტიანი ცხრილი (ცხრილის ნიმუში იხ. ქვემოთ). ამავე ცხრილს მასწავლებელი დახაზავს დაფაზე და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ორსვეტიანი ცხრილი მოსმენილი ინფორმაციის დამახსოვრებისა და გააზრებისთვის არის საჭირო. ცხრილის მარცხენა (1-ლი) სვეტი წარმოადგენს მთავარი იდეების სვეტს _ აქ ჩაიწერება ძირითადი, მთავარი იდეა/იდეები, მარჯვენა (მე-2) სვეტი _ შენიშვნების/დამადასტურებელი მასალის სვეტია. მასწავლებელი დეტალურად უხსნის მოსწავლეებს, როგორ უნდა იმუშაონ ცხრილის შევსებაზე, კერძოდ:

  • მოსმენის დროს მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ მეორე, მარჯვენა სვეტს (დამადასტურებელი ფაქტები და მოვლენები);
  • მოსმენის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ პირველ სვეტს. ამისთვის მათ უნდა დაახარისხონ პირველ სვეტში არსებული ჩანაწერები და შესაბამისად გააკეთონ ჩანაწერები მარცხენა (1-ლ) სვეტში.

 

ნიმუში. ორსვეტიანი ჩანაწერის სქემა.

თემა:

მთავარი იდეები

  •   

                                            

 

 

 

დამადასტურებელი ფაქტები და მოვლენები

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • და ..

 

II ეტაპი _ მოსმენის დროს:

მასწავლებელი კლასს უკითხავს წინასწარ მომზადებულ ტექსტს, რომე­ლიც შერჩეული უნდა იყოს მოსწავლეთა ცოდნის დონისა და უნარების გათვალისწინებით. მოსწავლეები ისმენენ ტექსტს და ავსებენ მარჯვენა სვეტს.

 

მოსმენის შემდეგ:

მოსწავლეები გადაიკითხავენ თავიანთ ჩანაწერებს და ავსებენ მარცხენა სვეტს.

III ეტაპი _ შევსებულ ცხრილს მოსწავლეები გააცნობენ მეწყვილეებს, მოკლე აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მეწყვილეები თანხმდებიან საბოლოო ვარიანტზე.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მეწყვილეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი რიგრიგობით ეცნობა მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს. ერთ-ერთი მეწყვილე ზეპირად წარადგენს ნამუშევარს, მეორე მეწყვილე კი დაფასთან გადის ცხრილის შესავსებად. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს, იძლევა ახსნა-განმარტებას და მისთ. მასწავლებლის შენიშვნების გათვალისწინებით თანდათან ივსება დაფაზე გამოსახული ორსვეტიანი ცხრილი. საბოლოო ვარიანტი მოსწავლეებს გადააქვთ რვეულებში.

 

ვარიანტი (ბ):

შერჩეულია ტექსტი, რომელშიც ერთზე მეტი მთავარი იდეაა წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს შეიძლება დასჭირდეთ ორსვეტიანი ცხრილის შემავსებელი ჩანაწერების ორი ვერსიის (პირველადი და საბოლოო) მომზადება. პროცედურულად ბ ვარიანტი ისევე მიმდინარეობს, როგორც ა ვარიანტი _ მოსმენის დროს მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ მარჯვენა სვეტს.

მოსმენის შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან მარჯვენა სვეტს, გადაიკითხავენ და გაიაზრებენ ყველა შენიშვნას, შემდეგ დააჯგუფებენ მათ სხვადასხვა სექციაში ამა თუ იმ კონკრეტული მთავარი იდეის გარშემო. მაგ., თუკი მოსწავლეებმა მოისმინეს ტექსტი ქართული რომანტიზმის შესახებ, მარცხენა სვეტში, სავარაუდოდ, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი სექცია. სექცია : ქართული რომანტიზმის წარმოშობის მიზეზები; სექცია  _ ქართველი რომანტიკოსი მწერლები. ჩანაწერების საბოლოო ვერსია კი ამგვარ სახეს მიიღებს:

 

ნიმუში.

224px;" border="1" width="589">

თემა: ქართული რომანტიზმი

მთავარი იდეები

ა) ქართული რომანტიზმის წარმოშობის მიზეზები

 

ბ) ქართველი რომანტიკოსი მწერლები

 

 

ფაქტები და მოვლენები

  • ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა
  • ევროპული და რუსული ლიტერატურის გავლენა
  • სხვ.

 

  • ალექსანდრე ჭავჭავაძე
  • გრიგოლ ორბელიანი
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • სხვ.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • მოსმენილი ინფორმაციის აღქმა და გააზრება;
  • კრიტიკული აზროვნება.

 

მეთოდური მითითებები:

თუკი ჩანაწერები არასრულია, მოსწავლეს შეუძლია შეავსოს ნაკლული ინფორმაცია შეკითხვის დასმის გზით (ჰკითხოს მეწყვილეს და/ან მასწავლებელს). საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის შევსების მიზნით, მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს დაურიგოს მათ მიერ მოსმენილი ტექსტის ბეჭდური ვერსიაც (წინასწარ მომზადებული); მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს და შეავსებენ ნაკლულ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ტექსტის დამუშავება შესაძლებელია მისი ცალკეული პასაჟების სხვადასხვა ფერის მარკერებით მონიშვნის გზით. ეს, ერთი მხრივ, გაუადვილებს მოსწავლეებს სამუშაოს, მეორე მხრივ, დამატებითი სტიმული იქნება კატეგორიზაციის უნარ-ჩვევების გასავითარებლად. მოსწავლეები ლურჯი ფერის მარკერით აღნიშნავენ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ძირითად იდეებს _ მწვანე ფერის მარკერით, ფაქტებსა და მოვლენებს _ ყვითელი ფერის მარკერით (ცხადია, შესაძლებელია სხვა ფერის მარკერების გამოყენებაც. მთავარია, დავიცვათ პრინციპი: თითოეული ცალკეული პარამეტრი აღინიშნება ერთი რომელიმე ფერის მარკერით. მოსწავლეები და მასწავლებელი წინასწარ უნდა შეთანხდნენ ფერებისა და პარამეტრების შესაბამისობების პრინციპზე). ამ შემთხვევაში აქტივობა კომპლექსურ სახე ღებულობს და ფარავს კითხვის მიმართულებასაც.

როდესაც მოსწავლეები მეტ-ნაკლებად აითვისებენ ჩანაწერების კეთების ტექნოლოგიას, მასწავლებელს შეუძლია მათ დაავალოს ჩანაწერების მომზადება მასწავლებლის მინილექციის, სხვა მოსწავლეების საჯარო გამოსვლებისა და/ან დებატების მოსმენის დროს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. XI. 2, 4; ქართ. XI. 12, 14.