3. ქმნის მარტივ ორნამენტებს განმეორებადი ხაზების, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურებისგან

ტიპური აქტივობები

3. აქტივობა I. "ვხატავთ ორნამენტებს"

დახატული ორნამენტები

მასწავლებელი ავარჯიშებს მოსწავლეებს სავარჯიშო რვეულში ფანქრით ან ფლომასტრით რიტმულ მოძრაობებში (მაგ. //--//--; კუბიკი და წრე იხ. დანართი), რის შემდეგაც ფერადი ფლომასტრებით სახატავ ფურცელზე დაიხატება ტალღოვანი და ტეხილი ხაზები, რომლებსაც გააფორმებენ პატარა ფოთლებით, კოპლებით, სამკუთხედებით და ა.შ.

 

რესურსები

3.1. უჯრებიანი (სავარჯიშო) ფურცელი, სახატავი ფურცელი, ფლომასტერი, გუაში, ფუნჯი. 

 

3. აქტივობა II. "ორნამენტი გეომეტრიული ფიგურებისგან (აპლიკაცია)"

მოსწავლეები კვლავ ეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს, იხსენებენ მათ სახელებს ან პირიქით, პოულობენ ფიგურის სახელწოდების შესაბამის ფორმას. მასწავლებელი არიგებს წინასწარ მომზადებულ, დაახლოებით 2კვ.სმ-ის ზომის გეომეტრიულ ფიგურებს, რომელთა კომბინაციითაც მოსწავლეებმა ფურცელზე უნდა ააწყონ სხვადასხვანაირი ორნამენტი (მაგ. სამკუთხედებით – ვარსკვლავი, რომბი; რგოლებით, სამკუთხედით და ოვალით ყვავილი). ლამაზი ორნამენტი შეიძლება ფურცელზე დაწებდეს (იხ, დანართი და თავი IV). 

  

რესურსები

3. II. სახატავი ფურცლები, წებო. გეომეტრიული ფიგურების შაბლონები, ფანქარი, მაკრატელი, წებო. 

  

შენიშვნა

3. II. დავალების გასართულებლად მოსწავლეებმა უნდა შემოხაზონ გეომეტრიული ფიგურის შაბლონი ფურცელზე, გამოჭრან და ამ გამოჭრილი ფორმებით ააწყონ ორნამენტი. შესაძლოა გაკეთდეს ერთი საერთო ნამუშევარი – ერთ ფურცელზე დაწებდეს ყოველი მოსწავლის ორნამენტის საუკეთესო კომბინაცია.

 

3. აქტივობა III. "ჩარჩო"

მოსწავლეები სავარჯიშო ფურცელზე ვარჯიშობენ გეომეტრიული ფიგურების დახატვაში, რის შემდეგაც აფორმებენ თავიანთი ნამუშევრის ჩარჩოს. ჩარჩო შეიძლება დაიხატოს როგორც ცალკე ფურცელზე, ისე ნამუშევრის გარშემო. თუ ჩარჩო კეთდება ცალკე ფურცელზე, ნამუშევარი უნდა დაწებდეს უფრო დიდი ზომის ფერად ფურცელზე ან მუყაოზე. თუ ჩარჩოს გაკეთება ნამუშევრის გარშემო გვსურს, ფერადი ფურცლის ან მუყაოს ზოლი უნდა გალამაზდეს, მოიხატოს ორნამენტით ან გაფორმდეს რელიეფური პასტით. კავშირი:  ს.გ.I.2-2.

 

რესურსები

3.III. სახატავი ფურცლები, ფერადი ფურცლები ჩარჩოსთვის, ფლომასტერები, რელიეფური პასტა.

 

დამატებითი აქტივობები

 

ორნამენტის შესაქმნელად შესაძლებელია მზა მძივების გამოყენება ან მათი სხვადასხვა მასალისგან დამზადება.

 

 

 

კავშირი სხვა საგნებთან

 

3. მათ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.

 

 

 

შენიშვნა

 

3. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ორნამენტის მარტივ პრინციპს, რომელიც გულისხმობს ორნამენტის ერთი და იმავე დეტალების რიტმულ გამეორებას, აცნობს მოსწავლეებს გეომეტრიულ ფიგურებს და მათ სახელებს. რელიეფური პასტის რეცეპტი: 1 ჭიქა პურის ფქვილი, 1 ჭიქა სუფრის მარილი, წყალი იმდენი, რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის მასა. პასტა უნდა განაწილდეს პატარა ჯამებში და შეერიოს სხვადასხვა ფერის საღებავი. ფერადი პასტა იდება პოლიეთილენის პატარა პარკებში, რომლებსაც თავი კარგად უნდა მოეკვრას, ძირზე კი გაუკეთდეს ასანთისოდენა ნახვრეტი, საიდანაც, ხელის მსუბუქი მოჭერის შედეგად, გამოედინება პასტის წვრილი ზოლი. ხელის მოძრაობის რეგულირებით შეიძლება ფურცელზე ან სხვა ზედაპირზე ამობურცული ხაზების, ორნამენტის დახატვა. პასტა შრება 1 დღის განმავლობაში. ამ დროს ნახატი თუ ნაკეთობა უნდა იდოს ჰორიზონტალურად, რომ სველი პასტა არ ჩამოიღვენთოს.