1. გარემოში ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) და გამოსახავს ნამუშევარში

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. "ვხატავთ გეომეტრიული ფიგურებით"

გეომეტრიული ფიგურები

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს განვლილ მასალას და დაფაზე აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ხაზებით გეომეტრიული ფორმების მიღება (იხ. აქტივობა: ს.გ.1.1.-3.). შემდეგ გააცნობს მოსწავლეებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს და სთხოვს მსგავსი ფორმების კლასში პოვნას ან გახსენებას იმ საგანთა, რომლებიც არ არის კლასში. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს ბარათებს ან ხატავს დაფაზე გეომეტრიულ ფიგურებს და ასახელებს მათ, მოსწავლეები კი იმეორებენ ყოველი ფორმის დასახელებას და იხატავენ მას რვეულში.

 

რესურსები

1.1. გეომეტრიული ფიგურების სიბრტყობრივი და მოცულობითი გამოსახულებები და შესაფერისი ფორმის საგნები (ასანთის კოლოფი, გლობუსი, წიგნი...), ნებისმიერი სახატავი მასალა. 


 

1. აქტივობა II. "როგორ დავხატოთ წრე"

სავარჯიშო “როგორ დავხატოთ წრე” – დრო 10 წთ. მოსწავლეები ხელში იჭერენ ფანქარს და ჰაერში ხატავენ წრეებს – ჯერ დიდს, პატარას, შემდეგ კი სპირალს – შიგნიდან გარეთ და პირიქით. შემდგომ უკვე ფურცელზე რამდენიმე  წრეს ერთსა და იმავე ადგილას ფანქრის აუღებლად ხატავენ (იყენებენ უბრალო ფანქარს სასურველი შედეგის მიღებამდე) (იხ. IVთავი). შემდეგ  დახატავენ სპირალს, რომელიც შიგნიდან (პატარა წრე) გარეთ დაიხვევა და  პირიქით. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ფანქრებით ხატავენ და აფერადებენ “კოსმოსს” (სხვადასხვა ზომის ბევრი მრგვალი სხეული). 

  

რესურსები

1. II. უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცელი.  

 

1. აქტივობა III. 

ქაღალდის ფიგურები

მასწავლებელი დაფაზე ხატავს წრეს, მართკუთხედს, ოვალს, ტრაპეციას, სამკუთხედს, რომბს, ასახელებს ყოველი მათგანის სახელწოდებას და ეკითხება მოსწავლეებს, რა საგანს ჰგავს ესა თუ ის ფორმა. მოსწავლეებმა, დაფაზე დახატული ფიგურების გამოყენებით, ნამუშევარი ისე უნდა შექმნან, რომ ამ ფიგურების ამოცნობა შეიძლებოდეს (მაგ. გოგონას კაბა - ტრაპეცია; მთა, სახლის სახურავი - სამკუთხედი; ლოკოკინა, ბორბალი, მზე – წრე და ა.შ.).

სხვადასხვა ზომის წრეებით შეიძლება აეწყოს თაგვი, მუხლუხო, ჭიამაია, სამკუთხედებით - ნიანგი, თევზი და სხვა.

რესურსები

1. III. ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, სახატავი ფურცლები.

 

კავშირი სხვა  საგნებთან

1. მათ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა. ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს; აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას (მაგ. ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).  


შენიშვნა 

1. მასწავლებელს შეუძლია გაკვრით აღნიშნოს, რომ წრის და ოვალის გარდა, ყველა დანარჩენ ფიგურას აქვს კუთხე. ამ ფიგურებს სახელები სწორედ მათი კუთხეების რაოდენობების მიხედვით ეწოდა (მაგ. სამკუთხედი – სამი კუთხე, ხუთკუთხედი – ხუთი კუთხე...). ტერმინები: ოთხკუთხედები - რომბი, ტრაპეცია, კვადრატი მართკუთხედი; წრე,  ოვალი; სამკუთხედი, ხუთკუთხედი.