2. ფერების შეზავებით იღებს ახალ ფერებს

ტიპური აქტივობები

2. აქტივობა. I. "ძირითადი ფერები"

ფერადი სამკუთხედი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ჩვენ გარშემო არსებულ ფერთა სიმრავლეში, მხოლოდ სამი ძირითადი ფერია – წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა დანარჩენი ამ ფერების შეზავებით მიღებული ფერებია და ამიტომაც ვუწოდებთ მათ შედგენილ ფერებს. მოსწავლეებს პალიტრაზე უდევთ მხოლოდ სამი ძირითადი ფერის საღებავი და ამ ფერებით ხატავენ ყვავილებს – მხოლოდ ყვითელი, მხოლოდ ლურჯი, მხოლოდ წითელი ფურცლებით, შემდეგ არეულად – წითელი და ყვითელი, ლურჯი და ყვითელი, წითელი და ლურჯი ფურცლებით და ბოლოს სამივე ფერის ფურცლებით. 


რესურსები

2.I. გუაშის ან აკვარელის მხოლოდ სამი ფერი – წითელი, ლურჯი, ყვითელი; პლასტმასის პალიტრები, სახატავი ფურცელი.

 

2. აქტივობა. II. "ძირითადი ფერები და ფერების შეზავება"

მასწავლებელი აჩვენებს ცდას, თუ როგორ წარმოიქმნება ძირითადი ფერების შერევით სხვა ფერები – სამ გამჭვირვალე ქილაში აწვეთებს  ორ-ორ ფერს – ლურჯს და ყვითელს, ყვითელს და წითელს, წითელს და ლურჯს. შემდეგ მოსწავლეები, რომლებსაც უდევთ მხოლოდ სამი ძირითადი ფერის საღებავი, აგრძელებენ ამ ცდას და ღრუბლით დასველებულ ქაღალდზე აწვეთებენ, ფუნჯით ავლებენ ხაზებს, ერთმანეთში ურევენ ამ ფერებს და აკვირდებიან შედეგს.

 

რესურსები

2.II. გუაშის ან აკვარელის მხოლოდ სამი ფერი – წითელი, ლურჯი, ყვითელი; პლასტმასის პალიტრები (ყოველ ბავშვს თავისი); შუშის სამი ქილა, სუფთა ღრუბლები, სახატავი ფურცლები, ფუნჯები.

 

შენიშვნა

2. II. ნამუშევრები ინახება შემდეგი გაკვეთილისთვის - მოსწავლეები ამ ფურცლებისგან დაამზადებენ კონვერტებს. მსგავსი აქტივობების დროს გაფერადებული ფურცლები ყოველთვის შეიძლება გამოდგეს სხვა სახის სამუშაოსთვის – სათამაშოების, მაკეტების გასაკეთებლად, ჩარჩოების, კედლის გაზეთის გასაფორმებლად, სხვა ნამუშევრის ფონისთვის. სველი საღებავისგან დეფორმირებული ფურცლების გასასწორებლად ისინი უნდა შევინახოთ ერთ საქაღალდეში, სიმძიმის ქვეშ.

 

2. აქტივობა. III. "კონვერტები დეკორატიული ქაღალდებისგან"

მოსწავლეები წინა გაკვეთილზე გაფერადებული და დამზადებული ფურცლებით აკეთებენ კონვერტებს (იხ. თავი IV) კავშირი ..I.2-­2.

 კონვერტები

რესურსები

2. III. სველ ქაღალდზე ფერების შეზავების შედეგად გაფერადებული ნამუშევრები, წებო.

 

 

2. აქტივობა IV. "ვხატავთ სამი საღებავით"

მოსწავლეებს პალიტრებზე კვლავ მხოლოდ სამი ფერის საღებავი უდევთ და ცდილობენ ამ სამი ფერის შეზავებით ნახატის შესრულებას მათთვის სასურველ თემაზე.

 

რესურსები

2. IV. გუაშის ან აკვარელის მხოლოდ სამი ძირითადი ფერი - წითელი, ლურჯი, ყვითელი; პლასტმასის პალიტრები (ყოველ მოსწავლეს თავისი); სახატავი ფურცლები, ფუნჯები.