აქტივობა 9. ვმუშაობთ წერილობით წყაროებზე

აქტივობის შესახებ:

აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვისა და წერის მიმართულებებს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა კითხვისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას; ეხმარება მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული კითხვების გენერირებასა და ნაწერის ორგანიზებაში.

საანალიზო ცხრილის გამოყენების სტრატეგია აერთიანებს სამ საფეხურს, თითოეული საფეხურის აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს მოცემული თემის შეფასებაში. ესენია: 1) დაგეგმვა; 2) ინტერაქცია; 3) ინტეგრირება/შეფასება.

საანალიზო ცხრილის გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალურად, წყვილებში/მცირე ჯგუფებში, აგრეთვე მთელ კლასთან მუშაობის დროს. აღნიშნული სტრატეგია დაეხმარება მასწავლებელს, დაადგინოს თითოეული მოსწავლის საჭიროებები და შეაფასოს, რამდენად ესმის მას შერჩეული თემა.

 

აქტივობის მიზნები:

  • კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის სინთეზირების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

მთელი კლასის მონაწილეობით (I ეტაპი), წყვილებში (მცირე ჯგუფებში) (II ეტაპი).

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალმები, რვეულები; წყაროების ასლები (საჭირო რაოდენობით), საანალიზო ცხრილების ასლები (საჭირო რაოდენობით).

 

აქტივობის აღწერა:

აქტივობის ჩასატარებლად მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს თემა და შესაბამისი რესურსები (მხატვრული და/ან არამხატვრული ნაწარმოებები წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტრესურსებიდან).

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს შესას­რულებელ სამუშაოზე _ მოსწავლეები უნდა გაეცნონ მასწავლებლის მიერ მომზადებულ წყაროებს და შეაჯამონ მათში მოცემული ინფორმაცია. ამოცანის გაადვილების მიზნით მასწავლებელი მიმართავს ინფორმაციის ამოკრებისა და შეჯამების პროცესის მოდელირების სტრატეგიას.

I ეტაპი _ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს წყაროების ანალიზის რუბ­რიკებს, დაყოფს კლასს წყვილებად და დაურიგებს მათ ერთ რომელიმე თემასთან დაკავშირებული წყაროების წინასწარ მომზადებული ასლებს. მოსწავ­ლეები გაეცნობიან N1 წყაროს. ამის შემდეგ მასწავლებელი ზეპირი გზით, მთელი კლასის მონაწილეობით, განსაზღვრავს წყაროს თემას და შეავსებს დაფაზე ჩამოწერილ რუბრიკებს (ან დაფასთან გამოიძახებს მოსწავლეებს რუბ­რიკების შესავსებად).

აქტივობის მიმდინარეობის ფაზები:

1-ლი ფაზა: თემის განსაზღვრა, შეკითხვების ჩამოყალიბება და ცხრილის შესაბამის სვეტში ჩაწერა; შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო მასალების შეგროვება.

მე-2 ფაზა: ადრეული/წინარე ცოდნის გააქტიურება, საინტერესო ფაქტების გაზიარება, ხელახლა წაკითხვა.

მე-3 ფაზა: მოკვლევის/ძიების ჩატარება, შედარება, შეჯამება, შედეგების წერილობით გადმოცემა. ამ ფაზისათვის მოსწავლეებს გარკვეული დრო დასჭირდებათ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად სხვადასხვა წყაროში. წყაროებიდან ინფორმაციის მოგროვების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ ერთი-ორი ლაკონიური წინადადება იმის თაობაზე, რა გაიგეს თითოეული დასმული შეკითხვის შესახებ. მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ სხვა შეკითხვები წინააღ­მდეგობრივი ხასიათის ინფორმაციაზე ან თემასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციაზე, რომელიც არ გვხვდება წყაროებში.

ცხრილის შევსება მოსწავლეებს დაეხმარება, დაწერონ საინფორმაციო ესე იმ თემაზე, რომელიც მათ შეარჩიეს გამოსაკვლევად, აგრეთვე ნაწერის ორგანიზებაში. აქტივობა დახმარებას აღმოუჩენს მოსწავლეებს აგრეთვე კვლევაზე დაფუძნებულ პროექტებზე მუშაობის პროცესში.

მაგალითად, წყვილებში წასაკითხად მასწავლებელმა შეიძლება შეარჩიოს რომელიმე მონაკვეთი “ბაში-აჩუკიდან”.

ნიმუში. წყაროების ანალიზის ცხრილი.

შეკითხვა

I წყარო:

“ბაში-აჩუკი”

II წყარო:

საქართველოს ისტორია9

შეჯამება

I შეკითხვა:

რა იყო აჯანყების მიზეზი?

შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა, ასი ათასობით ქართველი გადაასახლა, ჩამოასახლა ულუსები, განადგურებას გადარჩენილი მოსახლეობა გაღარიბდა, ბევრი ქართველი ზნეობრივად გადაგვარდა, უკმაყოფილო გლეხობა მზად იყო აჯანყებისათვის, ელოდა მხოლოდ წინამძღოლს.

ორად გაყოფილ კა­ხეთს მართავდნენ ირანელები, რომლებმაც თურქმენები ჩამოასახლეს, ციხეებში ირანელთა ჯარები იდგა, მეურნეობა განადგურდა, უკმა­ყოფილოები იყვნენ ფეოდალებიცა და გლეხებიც.

ირანელების აგრესიული პოლიტიკა, მოსახლეობის გაღარიბება.

II შეკითხვა:

როგორ მოქმედებდნენ აჯანყებულები?

მთავარსარდალმა ბიძინა ჩოლო­ყაშვილმა ჯარი ორად დაყო, ერთი ნახევარი თავისთან დაიტოვა, მეორე ნახევარი ცალკეულ რაზმებად დაანა­წილა და სხვადასხვა მხარეს გაგზავნა.

აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ირანელებს. ბახტრიონი აიღეს ფშავ-ხევსურებმა, ბაში-აჩუკის რაზმმა ულუსები გაჟლიტა, მთავარმა ჯარმა ვიწრო ხეობაში გაჟლიტა ირანელების მხედრობა.

აჯანყებულებმა თითქმის ერთდროულად შეუტიეს ალავერდსა და ბახტრიონს. ქართველთა ჯარმა აიღო ბახტრიონი, კახელებმა აიღეს ალავერდი, ალავერდიდან გამოქცეული ირანელები ქართველებმა ალვანის მინდორზე გაანადგურეს, შემდეგ აჯანყებულები სხვა ადგილებში დასახლებულ ელებს დაესხნენ თავს (გვ. 241-242)

აჯანყებულები მოქმედებდნენ კარგად მოფიქრებული სამხედრო გეგმის მიხედვით: ერთდროულად შეუტიეს ირანელებს სხვადასხვა ადგილზე, იყენებდნენ მოულოდნელობის ეფექტს.

III შეკითხვა:

რა შედეგები ჰქონდა აჯანყებას?

კახეთი გათავისუფლდა ირანელებისაგან, გაიღო დაკეტილი ეკლესიები, კახეთის გამარჯვებამ ქართლიც გაახარა.

კახეთი გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას, მაგრამ ირანელების ბატონობისაგან მთლიანად მაინც ვერ გათავისუფლდა (გვ. 243)

კახეთი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა.

სხვა შეკითხვა:

რა ბედი ეწია ზაალ ერისთავს?

არაფერია ნათქვამი.

შაჰის ბრძანებით, ვახტანგ V-მ ზაალი მოაკვლევინა მისივე ძმისშვილებს (გვ. 242).

 

საინტერესო ფაქტები

კირილე მღვდლის სიზმარი: ალავერდის ტაძარს გველეშაპი დაეპატრონა.

ირანელებმა ალავერდის ტაძრის გალავანი ციხედ გადააკეთეს და თავიანთი ჯარი ჩააყენეს (გვ. 240)

ისტორიული ფაქტი სიმბოლურადაა ასახული პერსონაჟის _ კირილე მღვდლის სიზმარში (გველეშაპი _ მოძალადე ირანელები)

 

II ეტაპი _ I წყაროანალიზის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააგრძელონ მუშაობა წყვილებში. მეწყვილეები შეავსებენ რუბრიკებს დანარჩენი წყაროების საფუძველზე.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ, საჭიროების შემთხვევაში გამოთქვამს შენიშვნებს, აკეთებს კომენტარებს.

სახლში სამუშაოდ მოსწავლებს დაევალებათ მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეული 2 წყაროს გაანალიზება ზემოთ მოცემული სქემის გამოყენებით.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტში მოცემული ინფორმაციის დახარისხება-კატეგორიზაცია;
  • სხვადასხვა ტექსტში მოცემული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზება;
  • კითხვის სტრატეგიების გამოყენება;
  • ინფორმაციის სინთეზირება.

 

მეთოდური მითითებები:

  • წყაროების რაოდენობა, აგრეთვე მათი ტიპები და სირთულის დონე მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კლასის მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით;
  • მუშაობის გაადვილების მიზნით, სასურველია, წყაროები დაინომროს რიგითი მიმდევრობის აღნიშვნით (მაგ., “I წყარო”, “II წყარო” და ა.შ.).

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 5, 9; ქართ. VIII. 10, 12, 13.

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9 იხ. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, მეორე გამოცემა, ტ. III, თბილისი, 2012, გვ. 239-243.