აქტივობა 9. სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები

რესურსები:

სიცოცხლის ორგანიზაციის დონეების ამსახველი ილუსტრირებული სქემები.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • განალაგოს თანმიმდევრობით სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები (უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანიზმი) და იმსჯელოს თითოეულის შესახებ.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • სვამს კითხვებს:

– რა განსხვავებაა ცოცხალ და არაცოცხალ სხეულებს შორის იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შედგება მოლეკულებისაგან, ხოლო მოლეკულები ატომებისაგან?
– შეიძლება თუ არა ცოცხალი ვუწოდოთ ატომს, ან მოლეკულას?
– საიდან “იწყება” სიცოცხლე?

  • დისკუსიის შემდეგ მასწავლებელი უხსნის კლასს, რომ სიცოცხლე შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა დონეზე და აკეთებს მინი–ლექციას სიცოცხლის ორგანიზიციის დონეების შესახებ. ხსნის, თუ რატომ მოიცავს ერთუჯრედიანი ორგანიზმი ერთდროულად როგორც უჯრედულ, ასევე ორგანიზმულ დონეს. პარალელურად საილუსტრაციოდ იყენებს წინასწარ მომზადებულ სქემას (სქემა 1). 

სქემა 1.

სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები

სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები

  • არეულად წერს დაფაზე ტერმინებს: მოლეკულა, უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანოთა სისტემა. ორგანიზმი, პოპულაცია, თანასაზოგადოება, ეკოსისტემა, ბიოსფერო, და სთხოვს მოსწავლეებს განალაგონ მოცემული ტერმინები სწორი თანმიმდევრობით, ისე რომ შექმნან სიცოცხლის ორგანიზაციის საფეხურების თანმიმდევრული სქემა;
  • სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები თანმიმდევრულად;
  • გამოაქვს ეკრანზე სიცოცხლის ორგანიზაციის დონეების ამსახველი სქემა 2 და სთხოვს მოსწავლეებს, აღნიშნული სქემის მიხედვით განმარტონ და დაახასიათონ თითოეული დონე (რას წარმოადგენს უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანოთა სისტემა და ა.შ)

 

სქემა 2. 

ორგანოთა სისტემა

 

  • ყოფს კლასს 4 ჯგუფად და ავალებს თითოულს, მოიფიქროს სიცოცხლის ორგანიზაციის საკუთარი სქემა, ორგანიზაციის ყველა დონის მაგალითით, წარმოადგინოს ჩანახატის სახით.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულ ჯგუფს სთხოვს წარმოად­გინოს ნამუშევარი.
  • რეფლექსიის მიზნით სვამს კითხვებს:

– სიცოცხლის ორგანიზაციის რომელ დონეებს აერთიანებს მცენარის ფოთოლი?
– სიცოცხლის ორგანიზაციის რომელ დონეზე იმყოფება ერთუჯრედიანი ამება? რატომ?
– სიცოცხლის ორგანიზაციის რომელ დონეებს მოიცავს ფუტკრის ოჯახი?
– რომელ დონეებს აერთიანებს პატარა გუბურა მასში მობინადრე სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმებით?
– რომელ დონეებს არ მოიცავს ამ გუბურაში მობინადრე ქალამანების პოპულაცია?

 

სავარაუდო პასუხები:

– მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანოთა.
– უჯრედულ და ორგანიზმულ დონეებზე ერთდროულად, რადგან ამებას უჯრედი ასრულებს ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ყველა სასიცოცხლო ფუნქციას.
– მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანოთა, ორგანოთა სისტემების, ორგანიზმული, პოპულაციური.
– მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანოთა, ორგანოთა სისტემების, ორგანიზმული, პოპულაციური, ეკოსისტემის.
– ქსოვილური, ორგანოთა, ორგანოთა სისტემების.