საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები
ამობეჭდვააქტივობა 8. მიზეზებისა და ურთიერთდამოკიდებულებების დადგენა, განზოგადება
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული მეთოდის/აქტივობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ცოდნის ბაზაზე. მეთოდი გულისხმობს დავალებების გამოყენებას, რომლებიც იწყება შემდეგი სიტყვებით, მაგალითად: “რატომ ...”, “რასთან არის დაკავშირებული....”, “ახსენით მიზეზი ...”, აგრეთვე მოსწავლეების მიერ სქემების და მოდელების დამოუკიდებლად შექმნის პროცესს.
რესურსები:
მიკროსკოპი; მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების პრეპარატები; მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების პლაკატები და ფოტოები.
შესწავლის საგანი/მიზნები:
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ:
- უჯრედი ორგანიზმის სტრუქტურულ-ფუნქციური და განვითარების ელემენტარული ერთეულია;
- სიცოცხლის ორგანიზაციის ქსოვილური დონე უფრო მაღალია, ვიდრე უჯრედული.
მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:
მასწავლებელი:
- სვამს კითხვას:
- რატომ ითვლება უჯრედი ორგანიზმის სტრუქტურულ-ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულად?
- სთხოვს მოსწავლეებს, დააკავშირონ უჯრედის ფორმა შესასრულებელ ფუნქციასთან უჯრედის შესწავლის შედეგად მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით;
- გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს სქემის სახით და სვამს კითხვას: რატომ თვლით, რომ სიცოცხლის ორგანიზაციის ქსოვილური დონე უფრო მაღალია ვიდრე უჯრედული?
- მიკროსკოპის, პლაკატების ან ფოტოების საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს არა მხოლოდ ფოთლის, არამედ მცენარის სხვა ორგანოების უჯრედებს;
- ცნება “სტრუქტურული ერთეული”-ს ასახსნელად იყენებს მარტივ ანალოგიებს, მაგალითად, სახლის სტრუქტურული ერთეულია - აგური და სხვ.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები:
- სხვადასხვა ორგანიზმის უჯრედების შესწავლის შემდეგ გამოიტანენ დასკვნას, რომ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმი შედგება უჯრედებისაგან;
- დაადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს; კანონზომიერების დადგენის, დასკვნების გამოტანის საფუძველზე განივითარებენ ანალიტიკურ აზროვნებას.